საზოგადოება

ცხოვრება განათლებისა და პირადობის მოწმობის გარეშე

6 თებერვალი, 2012 • 2219
ცხოვრება განათლებისა და პირადობის მოწმობის გარეშე

ბოშები საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა შორის ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფს წარმოადგენენ. ბევრი სხვა არაქართველი მოსახლეობისგან განსხვავებით, ისინი ცხოვრებას ჯგუფურად ამჯობინებენ და დანარჩენ ადგილობრივ მოსახლეობაში არ ასიმილირდებიან. მნიშვნელოვანი მიზეზი, რომლის გამოც ბოშების ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა იშვიათად და თითქმის არ ხდება, მათი გაუნათლებლობაა. ეს სიტყვა, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლება დამაკნინებლად და დისკრიმინაციულად ჟღერდეს, ამ ადამიანების რეალური ცხოვრების გამოძახილია.

რას შეიძლება ნიშნავდეს ცხოვრობდე ქვეყანაში, რომლის ოფიციალურ ენას არ ან ძალიან ცუდად ფლობ და ხარ წერა-კითხვის უცოდინარი? პირველ რიგში, ეს ნიშნავს საკუთარი უფლებების უცოდინრობას, დისკრიმინაციის საფრთხეს, გარიყვასა და ეკონომიკურ სიდუხჭირეს. ქართველი ბოშები სწორედ ასე ცხოვრობენ. მოსახლეობა მათ სერიოზულად არ აღიქვამს და შეიძლება ითქვას, არც ქვეყნის მთავრობა, რომელმაც ბოშებს პირადობის მოწმობები მასობრივად შარშან დაურიგა და ამ აქტით საქართველოს მოქალაქეობის პატივი დასდო. 2011 წლამდე ბოშების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეებად არ ირიცხებოდა. შესაბამისად, მათ არ ჰქონდათ ელემენტარული პირობები, რომ თავი ქვეყნის სრულფასოვან და თანაბარუფლებიან მცხოვრებად ეგრძნოთ. პირადობის მოწმობის გარეშე საქართველოში ხომ მატარებლით მგზავრობაც კი შეუძლებელია.

ჟურნალისტიკაში არსებობს ცრურწმენა, რომ ბოშებთან მუშაობა რთული და ხშირად შეუძლებელია, რომ მათ არ უყვართ ფოტოების გადაღება და მედიასთან საუბარი. ხშირად მართლაც ასე ხდება, მაგრამ არა– ყოველთვის. ქალაქ ქობულეთის დასახლება გელაურში მცხოვრები ბოშების ოჯახი ამის კარგი მაგალითია.

რომა ასლანოვი აჭარაში დაიბადა. ის დღემდე აქ ცხოვრობს. ჰყავს მეუღლე, შვილები და შვილიშვილები, რომლებიც თბილისში სახლობენ და გელაურის მშობლიურ სახლს უკანასკნელი წლების განმავლობაში ზაფხულობით სტუმრობენ. ბოლო ხუთი წელია გელაურიდან ბევრი ბოშა უფრო დიდ ქალაქებში გადასახლდა.  როგორც რომა ასლანოვი ამბობს, ასე იმიტომ მოხდა, რომ ქობულეთში უმუშევრობაა და ოჯახების რჩენა შეუძლებელი გახდა. ბოშების დარჩენილი ნაწილი წვრილ ვაჭრობას ეწევა. მათ გასაყიდი საქონელი თბილისის აღმოსავლეთით მდებარე დაბა ლილოდან ჩამოაქვთ და ქობულეთში, ქუჩა-ქუჩა, ყიდიან.

2011 წლამდე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ბოშების ძალიან მცირე, შედარებით ასაკოვან ნაწილს ჰქონდა. დოკუმენტი მათ 90-იან წლებში აიღეს. შარშან პირადობის მოწმობები გელაურში მცხოვრებ დანარჩენ ბოშებსაც დაურიგდათ. საქართველოს მოქალაქეებად დარეგისტრირების შემდეგ ბევრმა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის გათვალისწინებული შემწეობაც მიიღო. თუმცა, მაგალითად, რომა ასლანოვს, რომელსაც ავადმყოფი მეუღლე ჰყავს და შემოსავლის ერთადერთ წყაროს მეუღლის პენსია _ 70 ლარი წარმოადგენს, შემწეობა მხოლოდ ორჯერ ერგო და უკვე თითქმის წელიწადია სახელმწიფოსგან ამ დახმარებას არ იღებს. ასლანოვის აზრით, დახმარება მის ოჯახს მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც გამგეობიდან შემოწმებაზე მოსულმა სოცმუშაკმა სახლის აივანზე დამაგრებული სატელიტური თეფში დაინახა. „თანამედროვე სამყაროში ტელევიზორის გარეშე ცხოვრება განა შეიძლება?“, _ კითხულობს რომა ასლანოვი, რომელიც მეუღლის კუთვნილი პენსიიდან 20 ლარს ყოველ თვეში ბუნებრივი გაზის დაქსელვისთვის კრედიტის დასაფარავად იხდის.

პირადობის მოწმობების მიღებით ბოშების ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა: ისინი ამომრჩევლები გახდნენ. როგორც ქალაქ ქობულეთის ტერიტორიული ორგანოს წამყვანი სპეციალისტი, გამგეობის თანამშრომელი დათო ქარცივაძე გაზეთ „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, თუკი აქამდე ბოშათა მხოლოდ ნაწილი იღებდა არჩევნებში მონაწილეობას, 2011 წლიდან ამ უფლებით სარგებლობა ყველას შეეძლება. მისივე ინფორმაციით, ბოშები აქამდე განსაკუთრებული მონდომებით გამოირჩეოდნენ და ხმის მისაცემად  საარჩევნო უბანში დილის რვა საათზე ცხადდებოდნენ. გაზეთ „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ ახერხებდნენ წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანები არჩევანის გაკეთებას, დათო ქარცივაძე პასუხობს: „საარჩევნო უბანში რომ შემოდიოდნენ, გეკითხებოდნენ, მინდა მივცე ხმა ამას და რომელი ნომრით არის. ჩვენ არა, მაგრამ მოქალაქე, ამომრჩეველი მიუთითებდა და უხსნიდა, ვინ ვინაა. ჩვენ კი ამის უფლება არ გვქონდა.“
ბოშები ყოფით პრობლემებს გელაურის მცხოვრებ ქართველ მოსახლეობასთან ინაწილებენ. დასახლებაში გაუმართავია წლის სისტემა, არ არსებობს კანალიზაციის ცენტრალური ხაზი. გამგეობაში აცხადებენ, რომ საკანალიზაციო სისტემა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში უკვე გაყვანილ-გამოცვლილია და რომ ამავე სამუშაოს ჩატარება წლევანდელ ბიუჯეტით პერიფერიებზეც არის გათვალისწინებული. მოვა თუ არა სისრულეში გამგეობის თანამშრომლების ვალდებულება, ამას გაზეთი „ბათუმელები“ წლის ბოლოს შეამოწმებს. ცნობისათვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, სულხან ტაკიძე ქალაქის წყლისა და კანალიზაციის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ამ და სხვა ყოფითი პრობლემების მოგვარებას  გელაურის მოსახლეობას ჯერ კიდევ 2010 წლის აპრილში დაჰპირდა.

ქალაქ ქობულეთის გამგეობის თანამშრომლები ამბობენ, რომ ბოშა მოსახლეებთან კეთილმეგობრული ურთიერთობები აქვთ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებაზე უარს არ ეუბნებიან.

გაზეთ „ბათუმელებთან“ საუბარში რომა ასლანოვი ამბობს, „ისე, აქ ბოშებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ. არც ექიმები, არც სასწრაფო“ და იხსენებს ორი წლის წინ მომხდარ ფაქტს, როცა მისი ხუთი წლის აივნიდან გადმოვარდნილ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ შვილიშვილს ქობულეთის საავადმყოფოში დახმარების გაწევაზე უარი უთხრეს: „ექიმებმა ბოშები რომ დაგვინახეს, ყურადღება არ მოგვაქციეს. გვითხრეს, ბავშვი ბათუმში წაგვეყვანა. მათთვის სულერთი იყო. საბოლოოდ ფული ვიშოვე და ბათუმში წავიყვანე. ვთქვათ, შესაბამისი კომპეტენცია არ ჰქონდათ, პირველადი დახმარება მაინც ხომ უნდა გაეწიათ, ან ხომ უნდა აეხსნათ, რატომ ამბობენ უარს? ქედმაღლები არიან. თბილისში ბოშებს იღებენ საავადმყოფოებში, აქ კი ყურადღებას არ აქცევენ.“

ასლანოვების ოჯახი სასწრაფო დახმარების ბრიგადების მხრიდან გულგრილობაზეც ჩივის. „როცა სასწრაფო იგებს, რომ ბოშები ურეკავენ, არ მოდიან. ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა. ამაზე საუბარი არ მინდა, მაგრამ რამდენჯერმე გამოვიძახეთ, როცა მეუღლე ცუდად იყო და არ მოგვაკითხეს. ასეთებიც გვხვდება, თავხედები, რომ ბოშები არიან და ხომ იცი, რაფერც ხდება… ნაცისტია ზოგიერთი“, _ ამბობს რომა ასლანოვი. რაც შეეხება ქართველ მეზობლებთან თანაცხოვრებას, ბოშები აცხადებენ, რომ მათთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

რომა ასლანოვის აზრით, ბოშებთან დაკავშირებული ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა მოსახლეობის გაუნათლებლობაა და სახელმწიფო ამასთან დაკავშირებით მეტ ძალისხმევას უნდა იჩენდეს. ასლანოვი არ მალავს, რომ პრობლემა თავად ბოშებშიცაა და მშობლები ბავშვებს სკოლაში არ უშვებენ. ასე ძირითადად ზამთარში, სიცივეში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებს ზამთრის ტანსაცმელი ხშირად არ აქვთ, ასლანოვის აზრით, მშობლებმა შვილები სკოლაში უნდა გაუშვან. მეტიც, ის ამბობს, რომ მშობლებს გამგეობის წარმომადგენელი უნდა აკითხავდეს და უხსნიდეს, რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვებმა სკოლაში იარონ, _  „ცოტა მკაცრად უნდა დაელაპარაკონ. ცოტა დააშინოს ხალხი. რომ რიდი ჰქონდეთ და სკოლებში წავიდნენ. ასე რჩებიან ადამიანები უსწავლელები, წერა-კითხვის უცოდინარი ბევრი ზრდასრულია აქ. მათთან ურთიერთობაც რთულია. ბიბლიას ვუკითხავ, პირს გააღებენ და ზოგი სიტყვა არც ესმით. ამიტომ უნდა ვუთარგმნო, ყველა სიტყვა დავუღეჭო. განათლებულებს უკეთესი ცხოვრება ექნებათ. მაგალითად, პოლონეთი, უნგრეთი, გერმანია აიღეთ, სადაც ბოშები ცხოვრობენ. მათ იქ განსხვავებული ინტელექტი აქვთ. მდივნებად, ექიმებად, დირექტორებად მსახურობენ ბოშები. აქ რატომ არ ხდება იგივე? იმიტომ, რომ წერა-კითხვის უცოდინრები არიან. ამაში სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მათ, როგორც ეს უცხოეთში ხდება“.

გამგეობაში ამბობენ, რომ ამ მხრივ ბოშების დაინტერესება რთულია. დღეს ქობულეთის საჯარო სკოლაში დაახლოებით ოცი ბავშვი იღებს საშუალო განათლებას.

განათლების მიღების ერთ-ერთი ხელშემშლელი ფაქტორი ბოშათა შორის ნაადრევი ქორწინების ტრადიციაა. ბოშები 13-14 წლის ასაკში ქორწინდებიან და ბავშვებს აჩენენ.


მასალების გადაბეჭდვის წესი