საზოგადოება

თბილისის საჯარო სკოლებს ბუნებრივი აირით ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” უზრუნველყოფს

5 თებერვალი, 2012 • 1033
თბილისის საჯარო სკოლებს ბუნებრივი აირით ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” უზრუნველყოფს

”ყაზტრანსგაზ-თბილისმა” ვალდებულება აიღო, თბილისის საჯარო სკოლები ბუნებრივი აირით უწყვეტად უზრუნველყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისს” შორის თბილისის საჯარო სკოლებში არსებული ბუნებრივი გაზის მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფის შესახებ მემორანდუმს ხელი გუშინ,, 4 თებერვალს, მოეწერა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისი” ითვალისწინებს რა სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას – მოსწავლე ახალგაზრდობის სწავლებისათვის შესაბამისი პირობების შექმნას, ვალდებულებას იღებს, უზრუნველყოს საჯარო სკოლებისათვის  ბუნებრივი აირის უსაფრთხო და უწყვეტი მიწოდება, ასევე, აწარმოოს მონიტორინგი საჯარო სკოლებში გათბობის სისტემის ტექნიკურ გამართულობაზე.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპანიას სკოლების სრულ ჩამონათვალს მიაწვდის და კოორდინაციას გაუწევს ”ყაზტრანსგაზ-თბილისსა” და საჯარო სკოლებს შორის შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობების წარმართვას.

სკოლების სრული რეაბილიტაცია, სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, საჯარო სკოლებში თანამედროვე გათბობის სისტემების მოწყობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. დღეს საქართველოს ყველა სკოლა თბება, სიცივის გამო სასწავლო პროცესი არსად ფერხდება.

კომპანია ”ყაზტრანსგაზ-თბილისთან” გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი კიდევ ერთი გარანტიაა იმისა, რომ მკაცრი ზამთარის მიუხედავად, თბილისის სკოლები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, თბილ გარემოში გააგრძელებენ,”-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი