გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის მიერ გამოცემულ წიგნში, რომლის პრეზენტაციაც ვაშინგტონში 31 იანვარს გაიმართა, ერთიან ეროვნულ გამოცდებს ცალკე თავი ეძღვნება და მას მსოფლიო ბანკი საქრთველოში გატარებულ ყველაზე მნიშვნელოვან ანტიკორუფციულ რეფორმათა შორის ასახელებს.
“წიგნი, რომლის ავტორია მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ასად ალამი, “ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ საჯარო სამსახურში – საქართველოს რეფორმების ქრონიკა” ჰქვია და მასში მერვე თავი– “მისაღები გამოცდებიდან კორუფციის აღმოფხვრა” – მთლიანად ერთიან ეროვნულ გამოცდებს ეთმობა.
აღნიშნული თავის შესავალში მოკლედ აღწერილია, თუ როგორ იღებდნენ სტუდენტებს უმაღლესი სასწავლებლები 2005 წლამდე; როგორ იყოფოდა ფაკულტეტები და უნივერსიტეტები პრესტიჟულობისა და იქ მოხვედრის საფასურის მიხედვით. აქვე აღნიშნულია, რომ რევოლუციის შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოგვარება დაისახა მიზნად და 2005 წელს ოთხ საგანაში პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა. “იმისთვის, რომ ახალი საგამოცდო სისტემის არსი განემარტათ საზოგადოებისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომლებმა საქართველოს ყველა რეგიონი მოიარეს.
აქვე საუბარია იმის შესახებ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი თავდაპირველად სკეპტიკურად შეხვდა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებას და ამ პროცესს ვნებათაღელვა მოჰყვა. “კორუფციის მთლიანად აღმოსაფხვრელად გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ტესტები ინგლისში დაბეჭდა, მას შემდეგ კი, რაც მასალები საქართველოში ჩამოიტანეს, ის ეროვნული ბანკის საცავებში მოათავსეს და 14 საგამოცდო ცენტრში საპატრულო პოლიციის თანხლებით მიიტანეს.
აქვე აღნიშნულია, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღების შედეგად სრულიად აღმოიფხვრა კორუფცია მისაღებ გამოცდებზე და წაიშალა პრესტიჟულ ფაკულტეტებზე “ქრთამის სანაცვლოდ მოხვედრის” ცნება. ამ რეფორმამ უმაღლესი სასწავლებლებისკენ გზა გაუხსნა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ, ასევე, ხელმოკლე ოჯახებიდან გამოსულ აბიტურიენტებს და საზოგადოების ნდობა პირველივე ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ მოიპოვა,” – ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.







