საზოგადოება

დევნილებს ელექტროენერგიაზე შეღავათი მოეხსნათ

1 თებერვალი, 2012 • 1503
დევნილებს ელექტროენერგიაზე შეღავათი მოეხსნათ

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “კოალიცია დევნილი სამოქალაქო საზოგადოებისთვის” თავმჯდომარემ, ლელა გულედანმა, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილებისთვის ელექტროენერგიაზე შეღავათის მოხსნასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა.

“დევნილ მოსახლეობას ელექტროენერგიის შეღავათი წლების განმავლობაში ერიცხებოდა. სამწუხაროდ, 2012 წლის იანვრის თვიდან ეს შეღავათი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოიხსნა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, დახმარების მოხსნა ბინების პრივატიზაციის გამო მოხდა, თუმცა ლტოლვილთა დიდ ნაწილს ბინები საკუთრებაში ჯერაც არ აქვთ და ეს პროცესი წლებია მიმდინარეობს”, – განაცხადა ლელა გულედანმა.

2012 წლის იანვრამდე დახმარებას ის დევნილებიც იღებდნენ, ვისაც ბინა წლებია დაკანონებული აქვს და ისინიც, ვინც ბინის პრივატიზაციას ჯერ კიდევ ელოდება. მათ დახმარების შეწყვეტის შესახებ მას შემდეგ შეიტყეს, რაც გადასახადის ქვითარი მიიღეს, ზოგიერთმა კი ინფორმაცია მხოლოდ მაშინ მიიღო, როცა დენის მიწოდება შეუწყდა.

ისანი–სამგორის რაიონში, ქიზიყის #34–ში, მდებარე შენობაში კომპაქტურად 16 ოჯახია ჩასახლებული. ერთ–ერთი დევნილის, ლეო სუბელიანის განცხადებით, ოჯახებს საერთო მრიცხველი აქვთ და აქამდე ყოველთვიურად 3500 კილოვატი ელექტროენერგიის საფასურს სახელმწიფო უფარავდა:

“ჩვენ ეს ფართი დაკანონებული გვაქვს 2009 წლის თებერვალში, აქამდე დახმარება ჩვეულებრივად გვერიცხებოდა. 25 იანვარს კი თელასიდან დარეკეს და გვითხრეს, რომ დავალიანება ირიცხებოდა. წინასწარ არავის გავუფრთხილებივართ, შენობაში გაზი ჯერაც არ არის შემოყვანილი, ამიტომ თექვსმეტივე ოჯახი დენით ვთბებოდით. ახლა კი ვადა 3 თებერვლამდე მოგვცეს და თუ დავალიანებას არ დავფარავთ, შუა ზამთარში გათბობის და ყველანაირი ენერგიის გარეშე დავრჩებით. გვყავს მცირეწლოვანი ბავშვები და რამდენიმე ფეხმძიმე და ისიც კი არ ვიცით, საჭმელი რაზე უნდა გავაკეთოთ”.

ფართი დაკანონებული არ აქვს ნანა არახამიას, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს. შეღავათით მისი ოჯახიც წლების მანძილზე სარგებლობდა:

“თითო სულზე 100 კილოვატი იყო გამოყოფილი. ჩემს ოჯახში 4 სული ვართ, მაგრამ 400 კილოვატი არასოდეს არ დაგვიხარჯავს. იმის გამო, რომ ჩვენ იმასაც კი ვერ ვიყენებდით, რაც გამოყოფილი გვქონდა. გათბობაც დენზე დავაყენეთ. გუშინწინ დენი გაგვეთიშა, ვიფიქრეთ, რომ ზედმეტი დავხარჯეთ და განსხვავება იყო დასაფარი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შეღავათი აღარ გვერიცხება და ამ სიცივეში გაუსაძლის მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მით უმეტეს, რომ ოჯახში 2 წლის შვილიშვილი მყავს”.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტ ქეთი კრაწაშვილის განმარტებით, ამ საკითხს, ერთი მხრივ, კანონი დევნილთა შესახებ და მეორეს მხრივ, კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ არეგულირებს:

“2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის 38,39 მუხლებში არის გაწერილი და მითითებულია, რომ ორგანიზებულად განსახლებულ თითოეულ დევნილს დენზე უწესდება შეღავათი. შესაბამისად, იმისი ერთადერთი საფუძველი, რომ დევნილს ეს დახმარება შეუწყვიტეს, შეიძლება იყოს ის, რომ მას ეს ობიექტი საკუთრებაში გადაეცა, ან უახლოეს მომავალში გადაეცემა ”, – განაცხადა ქეთი კრაწაშვილმა. მისივე თქმით, “თუკი დევნილს ხელაღებით შეუწყდება დახმარება და არაფერი გააჩნია იმის დამადასტურებელი, რომ ობიექტი საკუთრებაში გადაეცა, ან გადაეცემა, შეიძლება ითქვას, რომ საქმე უკანონობასთან გვაქვს”.

როგორც დევნილები აცხადებენ, დენის გადასახადის გარდა, მათ ნაგვის გაზრდილი გადასახადის გადახდაც მოუწევთ. იმის იმედი, რომ დახმარება აღუდგებათ, არ აქვთ. ისინი მხოლოდ გაუფრთხილებლობის გამო დახარჯული ენერგიის საფასურის გადანაწილებას ითხოვენ. ხოლო დევნილთა ის ნაწილი, ვისაც არც დენი აქვს და არც გაზი, მერიას საცხოვრებლის გაზით უზრუნველყოფას სთხოვს.

ლელა გულედანის თქმით, ორგანიზაცია ხვალვე მიმართავს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმ ინფორმაციის მოთხოვნით, თუ როდის დაუკანონდებათ ლტოლვილებს საცხოვრებელი ობიექტები. ისინი ასევე მიმართავენ თბილისის მერიას ობიექტების გაზიფიცირების მოთხოვნით.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესასთან ურთიერთბის სამსახურის თქმით, სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ამ საკითხზე არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი