საზოგადოება

სოფელი ერთადერთი კომლით

1 თებერვალი, 2012 • 2049
სოფელი ერთადერთი კომლით

უკანა ფშავის სოფელ გოგოლაურთაში მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს.

„ჩვენი ხეობა არავის ახსოვს. ვარსებობთ, არ ვარსებობთ, არავინ გვკითხულობს“, – ამბობს ნათელა ზაქაიძე–მგელაშვილი, რომელიც სოფელში სამ შვილთან – ბაბალესთან, გოჩასთან და ალექსისთან– ერთად ცხოვრობს ოროთახიან სახლში. ზამთრის პერიოდში ყველანი ერთ ოთახში არიან შეხიზნულები, სადაც ღუმელია.

ქალბატონი ნათელა მთიულეთიდან, ხადას ხეობიდანაა, მაგრამ 40 წელია მგელაშვილების რძალია. კარგად ახსოვს, თანდათან როგორ დაიცალა ფშავის ხეობა.

მეუღლე სამი წლის წინ გარდაეცვალა. როცა მამა ცუდად გახდა, შინ მარტო იყო ბაბალე და წელამდე თოვლის გაჭრა დასჭირდა, ექიმამდე რომ ჩაეღწია, კაწალხევთან ლამის თავადაც წაუვიდა გული დასუსტებულს, მაინც ვერ უშველა მამას.

ბაბალე ახლა 39 წლისაა, დარდობს, რომ პირად ცხოვრებაში არ გაუმართლა. განქორწინების შემდეგ მამის სახლში დაბრუნდა და, როგორც თავად ამბობს, ახლა დედას და ორ ძმას ემსახურება.

„ოჯახი და შვილია მთავარი ქალისთვის. ეგ არის ბედნიერება. მე კარგი ძმები მყავს, კარგად მექცევიან, მაგრამ, რა ვიცი, ოჯახებს რომ მოეკიდებიან, როგორ იქნება საქმე“, – ამბობს ბაბალე.

ალექსი და გოჩა, როგორც უკანა ფშავის დარჩენილი მოსახლეობა, საქონელს ინახავენ. ოჯახში მოყვანილი ყველი და სხვა პროდუქტები ბაზარში გასაყიდად ბაბალეს მიაქვს ხოლმე:

„ორ კვირაში ერთხელ შუაფხოს ავტობუსს მივყვები დუშეთისკენ, კვირაობით დუშეთში, ბაზარში, ვვაჭრობ და იმავე დღეს ვბრუნდები.“

ბაბალე მგელაშვილი
ბაბალე მგელაშვილი

მისი ნავაჭრი, დედის 100–ლარიანი პენსია და დახმარება, რომელსაც ომში დაკარგული შვილის – გიორგის გამო იღებს ქალბატონი ნათელა – ეს არის ოჯახის შემოსავალი.

გიორგი აფხაზეთის ომში დაიღუპა.

„მისი სხეულის ნაწილები კი გამოგვიგზავნეს, მაგრამ ჩემმა შვილმა არ გაახსნევინა, დღემდე არ მჯერა, რომ მკვდარია,“ – ამბობს თვალცრემლიანი დედა – „დაჭრილი იყო და სოხუმში ჩავაკითხე ერთხელ. ამ უბრალო გლეხის ქალმა ასეთი შვილი როგორ გაზარდეო,  – მითხრა გიორგის მეთაურმა. ფშავის ხევზე უკეთესებიც იზრდებიან–მეთქი და არა მგონიაო… იმ ომში ჩვენი ხეობიდან გიორგის გარდა არავინ წასულა. სამშობლოს ხომ არ ვუღალატებო – მითხრა და წავიდა. დედა მოუკვდეს“.

ომში დაღუპული შვილის გამო 44–ლარიან დახმარებას იღებს:

„ხანდახან თემის გამგებელს საახალწლოდ 100– ლარიანი დახმარებაც მოჰქონდა ხოლმე, ახლა აღარ მიმიღია. ერთი რამ მტკივა ძალიან: თუ ახლანდელი ომის გმირებს ახსენებენ ტელევიზორში, ისინი, 1992-ში აფხაზეთში რომ დაიღუპნენ,  ამ ქვეყნისთვის არ დაიხოცნენ? მათი სახელები რატომ არ ახსოვს არავის? ისინი რატომ არ ახსენდებათ?“

გიორგი რომ დაიღუპა, მაშინ სულ არ იყო მთავრობა და ახლა კიდევ რა უჭირს, რაღაცებს აკეთებენ, – ამბობს ქალბატონი ნათელა, თუმცა ძალიან წუხს, რომ მათი ხეობა „უპატრონო კუთხედ“ არის ქცეული:

„ჩვენთვის არაფერია… არც გაზი, არც გზა…  ვსუნთაქვთ, არ ვსუნთქავთ? – არავის აინტერესებს“,  – ამბობს ქალბატონი ნათელა.

გოგოლაურთას თემი ფშავის თორმეტი თემიდან  ერთ–ერთი უდიდესი იყო და 8 სოფელს მოიცავდა. თემის მთავარი სალოცავის – ქმოდის წმინდა გიორგის სალოცავის სიახლოვეს დღესაც შემორჩენილია ნასახლარები და ნასოფლარები. ამ სოფლების უმეტესობა მეოცე საუკუნეში დაიცალა.

გოგოლაურებსა და მათი განაყარ გვარებს – თურმანაულებს, ბაღიაურებს, მგელაშვილებს, მგელიაშვილებს, მაჩურაშვილებს, საღირაშვილებს, ბუთხაშვილებს, ხახანაშვილებს  –  ოდესღაც, მეჩვიდმეტე–მეთვრამეტე საუკუნეში, 200–მდე მეომრის გაყვანა შეეძლოთ ომში.  გვარის წარმომადგენლები ახლა აქ მხოლოდ გოგოლაურთობისას (ხატობა ივლისში, ლაშარობის წინა დღეს იმართება) თუ გროვდებიან.  ზაფხულში ცოტა ახმაურდება ხოლმე უკანა ფშავის ხეობა, ზამთარში კი სულ რამდენიმე ოჯახი რჩება.

მათურაში და ახადში თითო მამაკაცია დარჩენილი, მუქოში – სამი, ჭიჩოში – მოხუცი ცოლ–ქმარი, სოფელ გოგოლაურთაში კი მხოლოდ მგელაშვილების ოჯახი ცხოვრობს.

ნათელა ზაქაიძე–მგელაშვილი
ნათელა ზაქაიძე–მგელაშვილი

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი