საზოგადოება

ნიშნავს თუ არა იაფი პროდუქტი უხარისხოს?

25 იანვარი, 2012 • 1251
ნიშნავს თუ არა იაფი პროდუქტი უხარისხოს?

მერიის ინიციატივით თბილისის სხვადასხვა რაიონში, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე იაფი სასურსათო პროდუქტის გაყიდვა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ თუ სადაური, როგორი ხარისხის, ან რომელი კომპანიის შემოტანილი პროდუქცია იყიდება იაფ სავაჭრო ობიექტებში მოსახლეობისთვის ჯერაც უცნობია. ამის გამო მათი ნაწილი ფიქრობს რომ ფასის დაკლება ხარისხის ხარჯზე ხდება.

იაფი პროდუქტის გასაყიდად ტერიტორიები ძველი თბილისის, გლდანი–ნაძალადევის, დიდუბე–ჩუღურეთის, ვაკე–საბურთალოს და ისანი–სამგორის რაიონებში გამოიყო.

პროდუქტების შეძენა ამ ადგილებში ყოველ კვირას 9:00–დან 17:00 საათამდეა შესაძლებელი.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ სავაჭრო ობიექტების პროდუქტით მომარაგებაზე ტენდერი გამოცხადდა, რომლის ერთ–ერთი პირობა იყო, რომ აქ გაყიდული პროდუქტი ბაზართან შედარებით 10–30%–ით ნაკლები უნდა ყოფილიყო.

პროდუქტით სავაჭრო ობიექტებს, ტენდერის შედეგად გამარჯვებული ხუთი კომპანია ამარაგებს, თუმცა ჩვენ ვერ მივიღეთ ინფორმაცია იმის შეასხებ თუ კონკრეტულად რომელ კომპანიებზეა საუბარი.

სავაჭრო ობიექტების და აქ მიმდინარე ვაჭრობის შესახებ ინფორმაციას არც რაიონული გამგეობები არ ფლობენ:

“ჩვენ მხოლოდ ტერიტორიები გამოვყავით ობიექტებისთვის, გამყიდველის ან მყიდველის პრეტენზიები, აქ შეტანილი პროდუქტი ან ა.შ. ჩვენ არ გვეხება”, – აცხადებენ გამგეობებში.

როგორც მერიაში ამბობენ ობიექტები მხოლოდ ქართული პროდუქტით მარაგდება

“ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც აქ იყიდება ქართულია, მათ შორის ხორცი და ბოსტნეულიც”, – განაცხადეს მერიის პრეს სამსახურში, თუმცა საწინააღმდეგოს ამბობენ თავად გამყიდველები.

“მაგალითად კარტოფილი გვაქვა ორი სახის, ერთი თურქულია მეორე ქართული და ფასიც განსხვავებულია, თურქული 75 თეთრი ღირს, ხოლო ქართული 95”, – ამბობს ქალბატონი ელიკო, რომელიც ერთ–ერთ რაიონში ბოსტნეულის განყოფილებაში გამყიდველად მუშაობს.

ხშირია შემთხვევა, როდესაც პროდუქტის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო პრეტენზიას მომხმარებლებიც გამოთქვამენ.

“კარგია იაფი პროდუქტი, მაგრამ რამდენადაა ეკოლოგიურად სუფთა, ან ქართული პროდუქტი”, – კითხულობს ერთ–ერთი ქალბატონი მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მაგრამ შეკითხვა უპასუხოდაა დატოვებული.

გამყიდველები ფასების მატებაზე და პროდუქტის უხარისხობაზეც საუბრობენ. მათი განცხადებით ხორცის ფასმა, რომელიც თავიდან 11 ლარს შეადგენდა ერთი ლარით მომიმატა და ფასი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. არის პროდუქტები რომლებიც იგივე ფასში იყიდება როგორც ბაზარში, ზოგი კი დაბალ ფასთან ერთად დაბალი ხარისხისაა:

“თითქმის არ გვეყიდება მანდარინი, მართალია 80 თეთრი ღირს, მაგრამ ისეთი წვრილია რომ ასეთს ბაზარში საერთოდ ვერ ნახავთ, ან თუ ნახავთ 80 თეთრზე მეტი იქაც არ ეღირება, გულწრფელად რომ ვთქვა ერთადერთი რაც იაფია არის ხახვი და კომბოსტო, დანარჩენი პროდუქტის ფასი იგივეა”, – ამბობს ქალბატონი ნინო რომელიც ასევე ერთ–ერთ დახლთან ხილს და ბოსტნეულს ყიდის.

“იაფი ბაზარი იქნებაო რომ გავიგე მოვედი და ხორცი ვიყიდე, 11 ლარი ღირდა და ვიფიქრე რომ ძალიან იაფი იყო, მაგრამ სახლში რომ მივიტანე ცარიელი ძვალი აღმოჩნდა. გამოდის რომ იაფს იხდი, მაგრამ შედარებით ნაკლები ხარისხის საქონელს ყიდულობ, კარგი ხორცი რომ მეყიდა და ცოტა, იგივე დამიჯდებოდა”, – ამბობს ერთ–ერთი უკმაყოფილო კლიენტი.

თუმცა გამყიდველები ასევე ამბობენ, რომ უკმაყოფილო მომხმარებლების რაოდენობა მაინც ცოტაა. კლიენტების უმეტესობა აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფასებს შორის განსხვავება თითქმის არაა ბაზარში მეტი შანსია რომ წონაშიც მოგატყუონ, აქ კი მოვაჭრე პერსონალი პატიოსნად გემსახურება.

მომხმარებლების თქმით ასევე მოსახერხებელია ის, რომ პროდუქტის შეძენა სახლთან ახლოსაა შესაძლებელი, ამის გამო მოსახლეობის ნაწილი ობიექტების დამატებას ითხოვს.

როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს ობიექტების დამატება მართლაც იგეგმება. ამ დროისთვის 15 ობიექტი ფუნქციონირებს, წლის ბოლოსთვის კი ეს რიცხვი 25–მდე გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი