საზოგადოება

რა შეიცვალა რელიგიური უმცირესობებისთვის

25 იანვარი, 2012 • 2155
რა შეიცვალა რელიგიური უმცირესობებისთვის

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ მუფთი ჯემალ პაქსაძე მიიჩნევს, რომ რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება სამუფთოსთვის ეფექტურია:

„ამ ცვლილების შემდეგ ჩვენ დავარეგისტრირეთ თბილისისა და ბათუმის ცენტრალური მეჩეთები, ასევე, მიმდინარეობს საქართველოში არსებული ყველა სუნიტური და შიიტური მეჩეთის რეგისტრაციაც“.

მუსლიმური სამუფთოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ წლების განმავლობაში მათ პრობლემები ექმნებოდათ ფინანსურ გადარიცხვებთან დაკავშირებით, ვერ ხერხდებოდა კომუნალური გადასახადების გადახდაც, რადგან არ არსებობდა კონკრეტული აბონენტი:

„მეჩეთის პირველ სართულზე გვაქვს იჯარით გაცემული ფართობი. საკანონმდებლო ცვლილებამდე ვერ ვახერხებდით საიჯარო ხელშეკრულებების სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას. საიჯარო თანხას ვიღებდით ხელზე, რაც პრობლემებს გვიქმნიდა. ახლა ეს საკითხი მოწესრიგდა და ყველა ფინანსური ოპერაცია ბანკის მეშვეობით წარმოებს. ჩვენც ვართ მომხრე, რომ ყველა ჩვენი საქმიანობა ღია იყოს“.

კითხვაზე, რა პრობლემა ვერ გადაჭრა რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ მიღებულმა კანონმა? – ჯემალ პაქსაძე პასუხობს:

„პრობლემები არსებობდა მეჩეთების მშენებლობასთან დაკავშირებით. გვინდა ახალი მეჩეთის აგება, რადგან მრევლს არ ჰყოფნის სამლოცველო დარბაზი. გვინდა, ამ საკითხში ქართველი მუსლიმებისა და ქრისტიანების თანადგომა მივიღოთ“.

ჯემალ პაქსაძეს არ ეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაცია „თეოლოგთა კავშირის“ ხელმძღვანელი თემურ გორგაძე, რომელიც მოკლე პერიოდით „ტელეარხ 25“-ში გადაცემის -„ყველაფერი ისლამის შესახებ“– წამყვანი იყო. მისი აზრით,  მუსლიმური ორგანიზაციებისთვის და „ალბათ, სხვებისთვისაც“ არსებითად არაფერი შეცვლილა:

„ჩემი აზრით, სამუფთოსთვის არც არაფერი შეცვლილა. ეს იყო თამაში სახელმწიფოს მხრიდან, რადგან თუ კანონის მე-6 პუნქტს ჩავხედავთ, იქ წერია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირებიმოქმედებენ არასამეწარმეო იურიდიული პირის შესახებ მოქმედი კანონით. თუკი მე მაინც იმ კანონით უნდა ვიხელმძღვანელო, რითიც ვსარგებლობდი, რა აზრი აქვს, „შპს“ ვიქნები, „სსიპი“ თუ „აიპი“?!“

თემურ გორგაძის აზრით, მოქალაქემ სრულფასოვნად რომ იგრძნოს თავი, ამისთვის კანონი კი არა, ხელისუფლების ნება უნდა არსებობდეს:

„ჩემი აზრით, ეს კანონი უფრო პრობლემურია, ვიდრე დადებითი, იმიტომ, რომ მეჩეთები დარეგისტრირებული იყო „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ სახელზე, რომლის დამფუძნებლები კონკრეტული ფიზიკური პირები არიან და რომელიც ახალი კანონის მიღებისთანავე შეერწყა იმავე სახელწოდების სამმართველოს“.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დამფუძნებელი, წესდების მიხედვით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანაშემწე ემილო ჯახგულიევი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ჰუსინ იუსუბოვი არიან. საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე, რომელიც ახალი კანონის მიღებამდე არსებული სამმართველოს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, შერწყმულ სამმართველოში მხოლოდ უფლებამოსილი პირის სტატუსით სარგებლობს.

„თუკი ეს პირები ოდესმე ამ ორგანიზაციის გაუქმებას მოინდომებენ, სამუფთოს ქონებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დარჩება. იმ პირებს კი, ვინც სამმართველო დააფუძნა, არანაირი შეხება არ აქვთ ისლამთან და ნეგატიური კუთხით დაინტერესებული პირები არიან“, – ამბობს გორგაძე.

საკანონმდებლო ცვლილების ეფექტურობაზე ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი გაბრიელ ბრაგანტინიც საუბრობს, თუმცა დასძენს, რომ ჯერჯერობით არსებითი ცვლილება ამ კანონის მიღების შემდეგ ეკლესიის შიგნით არ მომხდარა:

„სამართლებრივად დავრეგისტრირდით, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯებია. იმაზე ვმუშაობთ, რომ ჩვენი საკუთრება გაფორმდეს კათოლიკური ეკლესიის სახელზე. მანამდე ეს ყველაფერი სხვადასხვა იურიდიული კავშირის სახელზე იყო დარეგისტრირებული“.

პადრე ბრაგანტინს მიაჩნია, რომ სადავო ქონება კვლავ სადავოდ დარჩება:

„არაფერი შეცვლილა საგადასახადო კუთხითაც, როგორც ადრე, ისევე ვიბეგრებით, თუმცა სხვა კონკრეტული პროექტების განხორციელებაში, ვფიქრობ, ხელი არ შეგვეშლება. თუნდაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლასა და პატიმრების მონახულებაზე, რაც ადრე პრობლემა იყო ჩვენთვის“.

ბათუმში მოქმედი პროტესტანტული ეკლესიის პასტორი ვარლამ რამიშვილიც საკანონმდებლო  ცვლილების მიღებას მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევს:

„წინგადადგმულია იმ მხრივ, რომ მოხდა აღიარება, ცნობა სახელმწიფოს მიერ ყველა იმ რელიგიური ჯგუფებისა, რომლებიც აღიარებულია ევროპაშიც“.

როგორც პასტორი ამბობს, ადრე რელიგიურ ორგანიზაციებს უფლება არ ეძლეოდათ, დარეგისტრირებულიყვნენ როგორც ეკლესიები:

„არათუ ეკლესიის დარეგისტრირება, რელიგიური ორგანიზაციის სტატუსსაც კი არ განიჭებდნენ. ეს პრობლემა აღარ არსებობს“.

პასტორის აზრით, უფრო მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვა, რა არის საჭირო რელიგიური გარემოს გაუმჯობესებისთვის?

„ჩემი აზრით, ამ ცვლილებამ გამოძახილი უნდა ჰპოვოს სხვადასხვა კანონში. სისხლის სამართლის კოდექსში ისედაც არის ჩადებული მუხლი, რომლითაც რელიგიურ საქმიანობაში ხელშეშლა ისჯება კანონით. საპროცესო კანონმდებლობაშიც არის გათვალისწინებული მუხლები. ამიტომ უფრო სრულყოფილი იქნება, თუკი საგადასახადო კანონმდებლობაშიც აისახება ეს ცვლილება, რადგან რელიგიისა და შეკრების თავისუფლება კონსტიტუციითაც არის გარანტირებული“.

ბათუმის ევანგელური ეკლესიის წინამძღვარი, თამაზ ხაჯიშვილი კი მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილება ეკლესიას არაფერში გამოუყენებია, რადგან, მისი აზრით, ეს ცვლილება ბუნდოვანი და არაფრის მომცემია:

„ჩვენ დარეგისტრირებული ვიყავით როგორც „ქრისტიანული კავშირი“, ხელმეორე რეგისტრაცია არ გაგვივლია, რადგან, როგორც იურისტებმა ამიხსნეს, აქ არაფერია ნათქვამი იმაზე, კანონი მაძლევს „ეკლესიად“ რეგისტრაციის უფლებას, თუ– არა. ეს მე ამ კანონით ვერ გავარკვიე. ვერც დადებითს ვხედავ ამ ცვლილებაში და ვერც უარყოფითს“.

თამაზ ხაჯიშვილის თქმით, როცა სახელმწიფო კანონს იღებს, ეს კანონი იმ ხალხის ინტერესებს უნდა ასახავდეს, ვისთვისაც კანონი იწერება:

„ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს. ამიტომ არის ამდენი ბუნდოვანება. კანონი ფაქტობრივად უმოქმედოა, რადგან ამ კანონით ზურგი არ გაქვს. სახარების დარიგება გვინდოდა სკოლებში, ამის უფლებას არ გვაძლევენ. არც იმის უფლება გვაქვს, აქცია მოვაწყოთ და ქუჩაში დავურიგოთ ადამიანებს“.

რელიგიური გაერთიანება „იეჰოვას მოწმეების“ იურისტი მანუჩარ ციმინტია აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მნიშვნელობაზე საუბრობს, თუმცა დასძენს, რომ ამ ცვლილებით მათ რელიგიურ კავშირს ჯერ არ უსარგებლია:

„ჩვენი რელიგიური კავშირი იმ სტატუსით არის რეგისტრირებული, როგორც თავიდანვე გვინდოდა. რეალურად კანონი ჯერ არ გამოგვიყენებია და ვერც იმას გეტყვით, მომავალში გამოვიყენებთ თუ არა რაიმეში, რადგან ძალიან ბევრი გვესმის მის ხარვეზებზეც. ამიტომ დაკვირვების პროცესში ვართ. თუმცა, თუ დადებით მხარეზე ვისაუბრებთ, კარგია იმ გაგებით, რომ რელიგიურ გაერთიანებებს შესაძლებლობა მიეცათ, ისე დარეგისტრირდნენ, როგორც სინამდვილეში არიან. ვფიქრობ, გარკვეული გარღვევა იყო ამ კანონის მიღება მთავრობის მხრიდან, მაგრამ ხორცის შესხმა აკლია. ამას სხვა რამ უნდა მოყვეს, თუნდაც საგადასახადო შეღავათები. სხვა მხრივ, შეზღუდვა არ გვაქვს, შეკრება, აღმსარებლობის გავრცელება, სემინარების ჩატარება თავისუფლად შეგვიძლია. ერთი რამეც არის, ამ საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ შეიძლება უფრო გაძლიერდეს სახელმწიფოს კონტროლი. რა ფორმით? ჯერ პირდაპირი მექანიზმები არ ჩანს, მაგრამ ეს კანონი თავისთავად მოიცავს გარკვეულ ბერკეტებს.“

გასულ წელს რელიგიური ორგანიზაციების შესახებ მიღებული კანონი მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აქციებით გააპროტესტა. სწორედ ამ პროტესტის შედეგად კანონის თავდაპირველ ვერსიაში გაჩნდა განმარტებითი ბარათი, რომლითაც პარლამენტმა დაადგინა, რომ რელიგიურ გაერთიანებებს შეეძლებათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დარეგისტრირება, მაგრამ ვერ ისარგებლებენ იმ პრივილეგიებით, რისი უფლებაც კანონით საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს მინიჭებული.

სტატია მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის პროექტის – სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში: ლაკმუსის ტესტი ადამიანის უფლებებისა და სოციალური ტოლერანტობისათვის – მხარდაჭერით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. ამ პუბლიკაციაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს ჰაირიჰ ბიოლის ფონდის შეხედულებებს.


მასალების გადაბეჭდვის წესი