საზოგადოება

კლიმატური ცვლილება და გლეხები მოსავლის გარეშე [Video]

23 იანვარი, 2012 • 1998
კლიმატური ცვლილება და გლეხები მოსავლის გარეშე [Video]

კლიმატური ცვლილებების შედეგად დედოფლისწყაროში ოდესღაც ნაყოფიერი მიწა უდაბურდება, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივი ფერმერების ნაწილმა მიწების დამუშავება შეწყვიტა.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ განხორციელებული კვლევის თანახმად, 2020-2050 წლებში ჰაერის საშუ­ალო მრავალწლიური ტემპერატურა  2,5-3 °C-ით მოიმატებს (ტემპერატურა უკვე გაზრდილია 0,6 გრადუსით), რის გამოც მოსალოდნელია  სახნავ-სათესი მიწების, ბაღ-ბოსტნების, ვენახებისა და საძოვრების პროდუქტიულობის საგრძნობლად შემცირება.

მკვლევარების თქმით, გაუდაბნოების პროცესი გაძ­ლი­­ერდება დედოფლისწყაროს მუნიციპა­ლიტეტის ტე­რიტორიის დიდ ნაწილზე. პრობლემას ისიც ამძიმებს, რომ რაიონში არ არსებობს სარწყავი არხები.

ასევე, გაჩეხილია ქარსაფარი ზოლები, რის გამოც ქარი ნიადაგის ზედა ფენას (სადაც მარცვალია) ადვილად ანადგურებს.

მკვლევარები ადგილობრივ მთავრობას შემდეგ რეკომენდაციას აძლევენ: სასწრაფოდ დაიწყოს არსებული წყალგამოყენების სისტემის სრული რეაბილიტაცია-გაფართოება, ახალი წყალდამზოგავი სისტემებით აღჭურვა, მკაცრი კონტროლი დაწესდეს არანორმირებული რწყვის აღსაკვეთად, ასევე, აუცილებელია დაწვიმებითი და წვეთოვანი მორწყვის ხერხების და წესების დანერგვა, ქარსაცავი და მინდორსაცავი ზოლების აღდგენა-რეაბილიტაცია. ნიადაგდამცავი უნარის მქონე ტყის კორომების აღდგენა, მკაცრი კონტროლის დაწესება ტყის უსისტემო ჭრებზე, გვალვაგამძლე აგროკულტურების შერჩევა და ა. შ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, 6 ჰა ფართობზე, დაგეგმილია წვეთოვანი სისტემის, სატუმბი სადგურისა და სადაწნეო მილსადენის მოწყობა.

სამინისტროს მელიორაციის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვალერიან მჭედლიძის თქმით, წელსვე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაგეგმილია სამელიორაციო სისტემებზე სარეაბილიოტაციო სამუშაოების ჩატარება, რაც წყალუზრუნველყოფილ ფართობებს 600-650 ჰექტრით გაზრდის.

დედოფლისწყაროს საკრებულოს წევრის, გელა თეთრაულის თქმით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქარსაცავი ზოლების აღდგენა დაიწყო, თუმცა ის სხვა პრობლემებზე საუბრობს, რომელთა მოგვარებას თვითმმართველობა ექსპერტების დახმარების გარეშე ვერ ახერხებს:

„ორ წელიწადს ზედიზედ ხორბალს რომ დათესავ, მერე სხვა კულტურით უნდა ჩაანაცვლო, აქამდე მზესუმზირით ვანაცვლებდით. ახლა მზესუმზირა საკმარისად აღარ მოდის და რა დავთესოთ, არ ვიცით. გვინდა ისეთი კულტურა, რომელიც ამ პირობებში მოვა კიდეც და გაყიდვადიც იქნება. სწორედ ამაში გვინდა ექსპერტების დახმარება“.

„ჩვენ ვმუშაობთ გერმანელ ექსპერტებთან, მათი მეშვეობით ვსწავლობთ, თუ რა უნდა გაკეთდეს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად,“ – ამბობს დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი.

ჯემალ კვანჭილაშვილი უკვე 50 წელია დედოფლისწყაროში ფერმერულ მეურნეობას ეწევა. 200 ჰა მიწა აქვს საკუთრებაში, თუმცა ამბობს, რომ შექმნილი პრობლემების გამო მიწის დამუშავება აღარ ღირს.

„შირაქის მინდვრებს რომ გახედო, აგეტირება, იქაურობა გავერანებულია, საქონლის სათარეშოდ არის  გამხდარი“, – ამბობს ჯემალ კვანჭილაშვილი.

„შირაქში 20 ჰა მიწა მაქვს, რომელიც ახლა დაუმუშავებელია. ძირითადად, საშემოდგომო ხორბალი და ქერი მოგვყავდა, ახლა სიმინდიც შემოიღეს, მაგრამ სიმინდის აღება ჭირს და ვერიდებით. სიმინდის საშრობებიც არ არის,“ – ამბობს ვალიკო ღორაშვილი.

ფერმერების თქმით, მიწების დამუშავება საწვავისა და სასუქის სიძვირის გამოც უჭირთ.

„სახლიდან  25-55 კილომეტრზეა ჩვენი მიწები. ტრაქტორს აიყვან, საწვავი უნდა ჩაასხა, დათესვა გინდა, ისევ საწვავი, მანქანით სიარულსაც – საწვავი… სიშორის გამო ზამთარში ვერ ვიცავთ, საქონელი და ცხვრის ფარები დადის ზედ“, – ამბობს ვალიკო ღორაშვილი.

„ჩვენთან ძირითადი პრობლემა საწვავისა და სასუქის სიძვირეა. წლების განმავლობაში ვერავინ ახერხებს, რომ ნიადაგი სასუქით დაამუშაოს. მიწა გამოიფიტა. ის საკვები ელემენტები, რაც ნორმალური მოსავლის მოსაყვანად არის საჭირო, ნიადაგში აღარ არის“, – ამბობს ჯემალ კვანჭილაშვილი.

მისივე თქმით, მიღებული მოსავალი დანახარჯებს ვერ ანაზღაურებს:

„40 თეთრს იძლევიან კილო ხორბალში, რაც ძალიან ცოტაა. მე 160 ტონა ხორბალი საწყობში მაქვს, ერთი გრამიც არ გამიყიდია, რადგან ხარჯს ვერ ანაზღაურებს. უმრავლესობამ მოსავლის მოყვანაზე ხელი ჩაიქნია,  ვერ ასაღებენ.“

დედოფლისწყაროს გამგებლის მოადგილე ალექსანდრე ალუღიშვილი უარყოფს, რომ მოსახლეობას მოსავლის გასაღების პრობლემა აქვს.
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი