საზოგადოება

ბრძანება, რომელიც კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს

20 იანვარი, 2012 • 2357
ბრძანება, რომელიც კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მიხედვით, სკოლა უფლებამოსილია, მოსწავლის სტატუსი შეუჩეროს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეს მის მიერ არაერთგზის, სკოლის შინაგანაწესის უხეშად დარღვევის მიზეზით.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ ბრძანების ეს პუნქტი გაუგებარი და ბუნდოვანია და მას კონკრეტული რეგულაციები და წესები აკლია.

”ზოგადი განათლების შესახებ კანონის” და საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მიხედვით, დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ”ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ”, რომელიც 6 იანვარს გამოიცა, სწორედ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებას სხვადასხვა შემთხვევებში ითვალისწინებს. სტატუსის შეჩერება გულისხმობს მის აღდგენასაც, თუმცა, იურისტის განცხადებით, ბრძანებით გათვალისწინებული სტატუსის შეჩერების სხვა მიზეზებში ჩანს ის ბერკეტები, რომლის მიხედვითაც მოსწავლეს სტატუსი შესაძლოა აღუდგეს. რაც შეეხება სკოლის შინაგანაწესის უხეშად დარღვევის გამო სტატუსის შეჩერებას, ის საშუალება, რაც პრობლემის აღმოფხვრაზე მიგვანიშნებს, არ არის დარეგულირებული ბრძანებით.

ბრძანების მიხედვით, მოსწავლეს სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს, თუ მოსწავლე არ დადის სკოლაში 6 თვის მანძილზე, არ იღებს შეფასებას და დადგენილი წესით არ დარეგისტრირებულა ექსტერნად, ან 5 წლის მოსწავლე ვერ ძლევს პირველი კლასის საგანმანათლებლო პროგრამას და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით ითხოვს, ან დაუდგენელია მოსწავლის ადგილსამყოფელი, ასევე ოჯახთან ერთად მიემგზავრება საზღვარგარეთ და მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას ან უცხო ქვეყნის მოქალაქე სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ გადაიხდის.

იურისტის განმარტებით, ყველა ამ შემთხვევაში, ნორმის ლოგიკური ანალიზიდან გამომდინარე, ჩანს ის გარემოებები, რის მიხედვითაც მოსწავლეს სტატუსი შეიძლება აღუდგეს. ხოლო რაც შეეხება სტატუსის შეჩერებას სკოლის შინაგანაწესის არაერთხელ უხეშად დარღვევისათვის, გაურკვეველია, რა ვადით ან რა გარემოების დადგომის შემდეგ არის შესაძლებელი მოსწავლისათვის სტატუსის აღდგენა. შესაბამისად, არსებობს საფრთხე იმისა, რომ მოსწავლე განუსაზღვრელი ვადით დარჩეს სტატუსის გარეშე და მისი კონსტიტუციური უფლება შეიზღუდოს.

საქართველოს ”ზოგადი განათლების შესახებ” კანონის მიხედვით, უფლებებისა და თავისუფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს გონივრული, პროპორციული, მინიმალური და უნდა განხორციელდეს ჯეროვანი და სამართლიანი პროცედურების დაცვით. დაუშვებელია უფლებებისა და თავისუფლებების იმგვარი შეზღუდვა, რომელიც არსებითად მათი გაუქმების ტოლფასია.

”საფრთხე არსებობს რა კუთხით: ვთქვათ, ბავშვმა უხეშად დაარღვია სკოლის შინაგანაწესი და დირექტორმა შეუჩერა სტატუსი, გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ მშობელმა მიმართა დირექტორს სტატუსის აღდგენის მოთხოვნით, რაც დირექტორის მიერ არ დაკმაყოფილდა. მართალია, მოსწავლის მშობელს შეუძლია გაასაჩივროს დირექტორის გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით და სასამართლოში წარმოადგინოს დამამტკიცებელი არგუმენტები, რომ პრობლემა აღმოფხვრილია, თუმცა ამ შემთხვევაში, ბრძანებით არ არის განსაზღვრული, თუ რა კონკრეტული გარემოებების არსებობისას არის შესაძლებელი ეპატიოს მოსწავლეს სკოლის შინაგანაწესის დარღვევა და აღუდგეს სტატუსი,” – ამბობს ირმა პავლიაშვილი.

ბავშვთა უფლებებს, ასევე, არეგულირებს გაეროს ”ბავშვთა უფლებების კონვენცია”, რომელსაც მიერთებულია 193 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც. კონვენციაზე მიერთება სახელმწიფოს მხრიდან ნიშნავს, რომ მან აიღო კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

“ბავშვთა უფლებების კონვენცია” ამბობს, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ბავშვთა უფლებების დასაცავად და ბავშვს უფლება აქვს, უფასოდ მიიღოს დაწყებითი განათლება. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საშუალო და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა.

”იუნისეფის” კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით არ შეუძლიათ განცხადების გაკეთება, თუ რამდენად მოდის აღნიშნული ბრძანება თანხმობაში ბავშვთა უფლებების კონვენციასთან:

”აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება კონსულტაცია გავიაროთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ კონკრეტულ დეტალებზე. ამ ეტაპზე გვაქვს კითხვები, რაზედაც კონსულტაციები გვექნება სამინისტროსთან.”

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “ნეტგაზეთმა” არაერთხელ მიმართა ამ საკითხებზე შეკითხვებით, თუმცა სამიანისტრომ შეკითხვებს არ უპასუხა.

სკოლის შინაგანაწესის დარღვევა გულისხმობს სიგარეტის მოხმარებას, ალკოჰოლის შემოტანას, თანატოლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, დაგვიანებას და სხვა. მოსწავლეს შინაგანაწესის რა ტიპის დარღვევისას უნდა შეუჩერონ სტატუსი და რის მიხედვით უნდა მოხდეს შემდეგ მოსწავლისთვის მისი აღდგენა, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა დირექტორებსაც უჭირთ, თუმცა, ბრძანების მიხედვით, როგორც შეჩერება, ისე აღდგენა, სკოლის დირექტორის პრეროგატივაა.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა სტატუსი, ან მის უფლებამონაცვლეს. უფლებამონაცვლე შეიძლება იყოს იმავე სკოლის სხვა დირექტორი, თუ მას გამოცვლიან, ან თუ სკოლას სხვა სკოლა შეუერთდება, ან პირიქით.

განათლების პოლიტიკის სპეციალისტის ნათია ანდღულაძის აზრით, როდესაც მოსწავლეს სტატუსი სკოლის შინაგანაწესის დარღვევის გამო უჩერდება და სტატუსის აღდგენა იმავე სკოლის პრეროგატივაა, რომელმაც სტატუსი შეუჩერა, ეს მოსწავლის არა მხოლოდ სკოლიდან, არამედ სისტემიდან გაძევებას ნიშნავს:

”ეს არის ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის ძალიან ექსტრემალური ფორმა, რომლის ანალოგი (ერთი წლის ვადით გარიცხვა) არსებობს აშშ-ის ზოგიერთ ოლქში, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკულ სკოლებში ვხვდებით კრიმინალურ დაჯგუფებებს და მოსწავლეების მიერ მასობრივი ხოცვის ფაქტებსაც. ასევე, ცალსახად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის სკოლაში გატარებას დადებითი შედეგი ჯერ არსად გამოუღია. პირიქით – ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა დასჯის ობიექტი ბავშვების კრიმინალიზაციის ალბათობას ზრდის. ასეთი პოლიტიკის გატარება უფრო პირადი და საზოგადოებაში გავრცელებული რწმენების და ღირებულებების საკითხია. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ შედეგს მივიღებთ კარგს, არამედ იმიტომ, რომ ასეთი ფილოსოფია გვაქვს, როგორც საზოგადოებას, და გვჯერა, რომ ადამიანების მართვის ყველაზე ეფექტური საშუალება შიშია. ამ პრინციპის სკოლაში გადატანით უარს ვამბობთ ყველა ჰუმანისტურ და თანამედროვე პედაგოგიურ მიდგომაზე და სასკოლო სისტემას დაშინებასა და დასჯაზე ვაგებთ”.

ამავე თემაზე:

რას ემსახურება შაშკინის ბრძანება მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი