საზოგადოება

რას ფიქრობს ხალხი ევროკავშირზე

16 იანვარი, 2012 • 1650
რას ფიქრობს ხალხი ევროკავშირზე

დღეს კვლევის ”ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში” შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.  იგი ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის- კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა  განახორციელა. პრეზენტაციაზე დისკუსიის მთავარ თემებს მოსახლეობის მხრიდან ევროკავშირში საქართველოს უახლოეს მომავალში გაერთიანების ზედმეტად ოპტიმისტური მოლოდინი და ევროგაერთიანების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის და ცოდნის ნაკლებობა წარმოადგენდა.

კვლევაში 1818-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, აქედან– ხვალ რომ რეფერენდუმი ტარდებოდეს საქართველოს ევროკავშირში შესვლის შესახებ, საქართველოს ევროკავშირიში შესვლის სასარგებლოდ მოსახლეობის 80% მისცემდა ხმას, ხოლო კითხვაზე, როდის გახდება საქართველო ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ 5 წელიწადში ან უფრო ნაკლებ დროში, 5– დან 10 წელიწადში ევროინტეგრაციას გამოკითხულთა 19 % ვარაუდობს, 10 წელზე მეტ ხანში-9%, არასოდეს-2% და 37 %-მა არ იცის.

5 წელიწადში ევროკავშირში გაერთიანება ზედმეტად ოპტიმისტურად შეაფასეს როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა სტუმრებმა. შეხვედრას გერმანიის ელჩი საქართველოში, ბატონი ორთვინ ჰენიგი ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით უაღრესად პოზიტიური მოვლენაა და ეს მონაცემი მისთვის სიურპრიზი არ ყოფილა

“ საქართველოს წევრობის პერსპექტივა არსებობს, თუმცა საქართველოს ევროკავშირში მიღება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას და მინდა, სწორი მიმართულება მივცე ყველაფერს, რომ სურათი რეალისტური იყოს”- აღნიშნა გერმანიის ელჩმა საქართველოში.

ევროპული კვლევების ცენტრის დურექტორი კახა გოგოლაშვილიც თვლის,  5 წელიწადში საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება რომ არარეალურია, უფრო მეტ ნაწილს უნდა ესმოდეს.

”შესაძლოა ემოციური თვალსაზრისით ოპტიმიზმი ჭარბობს და არ არის გააზრებული, რომ 5 წელიწადი საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ნამდვილად არარეალური დროა”.

ერთ-ერთ შეკითხვას, არის თუ არა საქართველო  მზად ევროკავშირის წევრობისთვის სხვადასხვა სფეროებში, მაგალითად, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 13 % ფიქრობს, რომ არის, ხოლო 28% თვლის, რომ უფრო კი, ვიდრე არა; რაც შეეხება კანონის უზენაესობას, 12% ფიქრობს, რომ საქართველო მზადაა, ხოლო 30 % ფიქრობს, რომ უფრო მზადაა, ვიდრე არა; ადამიანთა უფლებათა დაცვის კუთხით გამოკითხულთა 11 % თვლის, რომ საქართველო მზადაა, ხოლო 31%– უფრო მზადაა, ვიდრე არა.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა აღნიშნა, რომ კვლევის მიხედვით, საკმაოდ ადეკვატური აღქმაა მოსახლეობაში იმისა, თუ რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად:

”შემაფერხებელ ფაქტორად მოსახლეობა აყენებდა ტერიტორიულ მთლიანობასა და მოუგვარებელ კონფლიქტებს, მაგრა, როდესაც საუბარი არის, რაში ვართ მზად და ჩამოთვლილია ფაქტორები– ეს არის დემოკრატიული განვითარება თუ ადამინების უფლებები და უმცირესობები– ამ შემთხვევაში საკმოდ ადეკვატური სურათი გამოჩნდა”.

მეორე მხრივ, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 12 %–ს ჰგონია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია, 16 %–მა არ იცის, ხოლო 72% შეკითხვას სწორად პასუხობს; რაც შეეხება საქართველოს ევროსაბჭოში წევრობას, 37% ამ შეკითხვას არასწორად პასუხობს, ხოლო 36%– სწორად, 27 %-მა კი არ იცის.

კვლევის ამ ნაწილის შეფასებისას კავკასიის  კვლევითი რესურსების  ცენტრის საქართველოს ოფისის დირექტორმა კობა თურმანიძემ აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არასოდესს გვდომებია ისე, როგორც დღეს, თუმცა იმდენივე ვიცით მის შესახებ, რაც 2 წლის წინათ.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის პროექტის მენეჯერი ოლივერ რაისნერი აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები არცთუ ისე საგანგაშოა:

”ეს ზომიერი ცოდნაა, თავად ევროკავშირის მოქალაქეებისათვის ევროკავშირი ”უცნაური” სტრუქტურაა, თვითონ არ იციან განსხვავება ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს შორის, პრობლემურია ევროსაბჭოსა და ევროპული საბჭოს განსხვავება”.

დისკუსიის დროს მოსახლეობის ინფორმირებულობაზე პასუხისმგებლობა  მთავრობაზე, თავად ევროკავშირის წარმომადგენლობაზე საქართველოში, არასამთავრობო სექტორსა და მედიაზე გადანაწილდა.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მთავრობის მიერ ევროკავშირის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება:

”ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობა უფრო აქტიურია ნატოსთან დაკავშირებით, თუმცა მე არ ვაკნინებ მის მნიშვნელობას, აუცილებელია ევროკავშირის მიმართ კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც გააზრებული და გაგებული იქნება საზოგადოების მიერ”

საგულისხმოა ის მონაცემი, რომელიც ამ კვლევისას დაფიქსირდა– კითხვაზე, პირველ რიგში რომელ ორგანიზაციაში უნდა გაწევრიანდეს საქართველო, 31% მიიჩნევს, რომ ნატოში და 46%– ევროკავშირში.

სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი თამარ ბერუჩაშვილიც ააღნიშნავს, რომ აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება  და ამის მრავალი ფორმა არსებობს. ბერუჩაშვილის განცხადებით, სერიოზული ძალისხმევა არსებობს მთავრობის მხრიდან და ის აწარმოებს დიალოგს სამოქალაო საზოგადოებასთან. სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა მწყობრ სტარატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი გარკვეული კომპონენტები უკვე მუშაობს:

” სამწუხაროდ, საქართველოში არ არის ევროკავშირის ცენტრები, ეს არის ტრადიციული პრაქტიკა ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებსაც მკაფიოდ გაცხადებული აქვთ თავიანთი ევროპული მისწრაფებები, მაგალითად, დღეს  უკრაინაში უკვე 8 ასეთი ცენტრი ფუნქციონირებს. საქართველოში არის მხოლოდ ერთი ასეთი ცენტრი. ჩვენ მივმართეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ენთუზიაზმი ძალიან ნაკლებია, კვლევის შედეგები მიუთითებს ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში, რომ ეს ტრადიციული, აპრობირებული სქემა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა საქართველოში უნდა იყოს დანერგილი და ჩვენ ჩვენი მხრივ ყველაფერ გავაკეთებთ”

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ინფორმაციას ევროკავშირის შესახებ ტელევიზიიდან იღებს, შემდეგ მოდის ინტერნეტი, რასაც მოსდევს მეგობრების, ნათესავებისა და კოლეგების სივრცე, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

დისკუსიისას აღინიშნა, რომ ტელევიზიით გადაცემული ინფორმაცია ხშირად ზედაპირულია და უფრო სიღრმისეული დებატებია საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით. სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა გამოყო ჟურნალისტების გადამზადების საკითხიც, რომლებიც უშუალოდ ევროკავშირათან დაკავშირებულ თემებზე იმუშავებენ:

”მედიისთვისა და დანარჩენი მოსახლეობისთვისაც ერთ-ერთი კვალიფიციური წყარო უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი, რაც უფრო მეტი ორგანიზაცია იმუშავებს კონკრეტულ მიმართულებებზე, მდგომარეობა მით უფრო გაუმჯობესდება,”– აღნიშნავს ქეთევან ციხელაშვილი, ლიბერალური აკადემიის დირექტორი.

2011 წლის კვლევა არ არის პირველი, აღნიშნული კვლევა პირველად 2009 წელს ჩატარდა.

2009 წლის კვლევის შედეგებთან შედარებით მნიშვნელოვანი სხვაობა დაფიქსირდა 2011 წელს რუსეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით– თუ 2009 წელს 32 % იყო თანახმა, რუსეთი ევროპული ოჯახის წევრი გამხდარიყო, დღეს 42% აცხადებს თანხმობას ამ საკითხზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი