საზოგადოება

”წელიწადი” უკანა ფშავში [Video]

15 იანვარი, 2012 • 1993
”წელიწადი” უკანა ფშავში [Video]

 

”13 იანვრის ღამეს და მერე მთელი კვირა, ყოველდღე, ოთხშაბათ–პარასკევის გარდა, აქ, ჩვენს სალოცავში,  365 სანთელი უნდა დაინთოს”, – გვითხრა თემის მთავარმა ხევისბერმა ფილიპე ბაღიაურმა.


ახალი წლის აღსანიშნავად ქმოდის წმინდა გიორგის სალოცავში სტუმრებიანად 12 კაცი შეიკრიბა.


ტრადიციის მიხედვით, ადრე ხევსიბერი ”ქრისტედან”, ანუ შობიდან ახალ წლამდე, მთელი კვირის მანძილზე რჩებოდა სალოცავში და თემს აჰქონდა მისთვის საჭმელი. ახლა სალოცავში ბევრი რამ დანგრეულია, მათ შორის ხევისბერის ოთახიც. ხალხიც აღარ ცხოვრობს სოფელში, რის გამოც ტრადიცია შეიცვალა.


გოგოლაურთას თემის ხევისბერმა რიტუალის შესასრულებლად წინასწარ მოამზადა სანთლები და ახალი წლის წინა დღეს, 13 იანვარს, ხალხთან ერთად ავიდა სალოცავში, სადაც ერთად შეწირეს საკლავი.


ტრადიციისამებრ, რიტუალებს მხოლოდ ხევისბერები ასრულებენ, მამაკაცებს შორიახლოს ყოფნა შეუძლიათ.


ახალ წელს სალოცავში ქალის მისვლა არ შეიძლება,” – ამბობს ნათელა ზაქაიძე– მგელაშვილი, რომელიც თავად მთიულია, ხადას ხეობიდან, მაგრამ 40 წელია ფშაველების რძალია.


საახალწლოდ ახალგაზრდა ვაჟების სახელზე სანთლები უნდა აეტანათ სალოცავში, დილას კი ბიჭები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ იმისათვის, თუ ვინ ავიდოდა პირველი და ვინ იქნებოდა ხატის მეკვლე.


მთავარი ხევისბერი ამბობს, რომ სალოცავში ქალები, ძირითადად, იმიტომ არ ადიოდნენ, რომ ზამთარში 2–3 კილომეტრის გავლა ჭირდა, ამ დროს შეიძლება 1,5 მეტრამდე თოვლი ყოფილიყო. თან ქალებს შინ სამზადისი ჰქონდათ.


სალოცავში არის ადგილები, სადაც არათუ ქალები, მამაკაცების მისვლაც არ შეიძლება. ზოგან ხევისბერიც ვერ მიდის.


”წელს ჯერ არ ვუჩივით ამინდს. კარგი ზამთარი გვაქვს”, – ამბობენ ფშაველები. ძველი წლის ბოლო დღეც უთოვლო იყო (გზად მხოლოდ შუაფხოში და მთებზე იდო თოვლი) და სწორედ ახალი წლის წინა საღამოს მოთოვა.


გვიან საღამოს, სალოცავში წასვლამდე, ოჯახში ”მიცვალებულთ სუფრასთან” სანთლებს ანთებენ და “წასულების შესანდობარს” ამბობენ.


მერე ხევისბერები – ფილიპე ბაღიაური და ლევან გოგოლაური– ქმოდის წმინდა გიორგის სალოცავში მიდიან, დედა ღვთისმშობლის სალოცავისკენ მიდის ხევისბერი ვახტანგ წოწკოლაურიც.


დანარჩენები მოგვიანებით შევუდექით ახლა უკვე დათოვლილ აღმართს.


სალოცავში სანთლებია დანთებული. იწყება ლიტანიობა.


”წყალობა ხატისა”, – ვესალმებით ერთმანეთს.


”თქვენიმც მწყალობელი”, – ასეთია პასუხი.


სალოცავში მხოლოდ სამი ხევისბერია, დანარჩენები გარეთ – კოცონთან.


მერე ხევსიბერებიც გამოდიან, სამი ჭიქა მაინც აქ უნდა ითქვას. ახალი წლისა, წასულებისას და სალოცავებისას ამბობენ.


მერე ფანრებით დათოვლილ ბილიკზე სოფლისკენ ვეშვებით. ფეხი ცურავს, სიფრთხილეა საჭირო. ერთ თოკში ჩაბმული ალპინისტებივით მივუყვებით ბილიკს.


ხევისბერ ფილიპე ბაღიაურის მეკვლე მეორე ხევისბერი ვახტანგ წოწკოლაურია, მეკვლეს გამორჩეული უფლებები აქვს, სუფრის თამადად კი შედარებით ახალგაზრდა ხევისბერს, ლევან გოგოლაურს ირჩევენ. გათენებამდე ისმის მუქოში ახალი წლის, ჯვარ–ხატის, ქვეყნის სადიდებელი.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი