საზოგადოება

რატომ უპირისპირდება ალავერდის მღვდელმსახურებს მოსახლეობა

11 იანვარი, 2012 • 3139
რატომ უპირისპირდება ალავერდის მღვდელმსახურებს მოსახლეობა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის მოსახლეობა ალავერდის მონასტრის მღვდელმსახურებს ადანაშაულებს იმაში, რომ სოფელი წყლის, ტყისა და საძოვრის გარეშე დარჩა. ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი კი აცხადებს, რომ მან მოსახლეობის თვითნებობა შეზღუდა, რაც გახდა დაპირისპირების მთავარი მიზეზი.

საზოგადოებრივი ტუალეტი VS სასმელი წყალი

ბაადურ ბასილაშვილი
ბაადურ ბასილაშვილი

„სასმელი წყალი არ გვაქვს. ტუალეტს აშენებენ ტაძრის წინ და მაგათ გააფუჭეს ეს წყალი“, – ამბობს ალავერდის მკვიდრი ბაადურ ბასილაშვილი.

„მთელ სოფელ აქვს წყლის პრობლემა და ეს პრობლემა გამოწვეულია ტუალეტის მშენებლობიდან და სამღვდელოებიდან. მაგათ გააფუჭეს თავიდანვე, გათხარეს რაღაც არხები და გააფუჭეს მილები“, – აცხადებს ამავე სოფლის მცხოვრები დათო ნარეკლიშვილი.

ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობა ახლაც მიმდინარეობს. ტუალეტი ახმეტის მუნიციპალიტეტის დაკვეთით შენდება ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანიის მიერ.

„უამრავი მომლოცველი და  ტურისტი მოდის აქ, ტაძარში. ყველა ითხოვს ტუალეტს. ამას მუნიციპალიტეტი აკეთებს და ეს მისასალმებელია“, – ამბობს ალავერდის ტაძრის მრევლის წევრი მაია ნაცვალაძე.

ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი „ნეტგაზეთთან“ საუბარში არ უარყოფს, რომ ტუალეტის მშენებლობის დროს მართლაც დაზიანდა მილი, რომლითაც სოფელი სასმელი წყლით მარაგდებოდა:

„როდესაც მოვიდა მშენებელი კომპანია, ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ ადგილზე ტრაქტორი იყოს ფრთხილად, რადგან გადის სოფლის სასმელი წყალი. ტრაქტორისტმა ვერ დაიცვა წესები და ამან დააზიანა სასმელი წყლის მილი. ამას მოჰყვა მშენებლების მხრიდან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და არც სოფელმა შეატყობინა მომხდარის შესახებ მუნიციპალიტეტს, რომელიც აშენებს ამ ტუალეტს“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ირწმუნება, რომ ამ დროისთვის ალავერდის მოსახლეობას წყალი 24 საათის განმავლობაში მიეწოდება:

„მანდ რაღაც ხარვეზი იყო, დაზიანება და სულ ერთი კვირით იყო წყალი გამორთული“.

ალავერდელები ამბობენ, რომ სასმელი წყალი სოფლის ნაწილს, რომელიც სწორედ იმ მილით მარაგდებოდა, რაც საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობის დროს დაზიანდა, უკვე ხუთი თვეა არ მიეწოდება.

მოსახლეობა იმის გამოც შიშობს, რომ ტუალეტის მშენებლობის შედეგად სასმელი წყალი ფეკალური მასებით დაბინძურდება.

„წყალსადენის მილი, მთავარი მაგისტრალი გადის მაგ საზოგადოებრივი ტუალეტის ქვეშ, რაც არ შეიძლება“, – ამბობს ალავერდის მკვიდრი ლევან სუმბაძე.

ამ ინფორმაციას უარყოფენ როგორც ახმეტის გამგეობაში, ისე – ალავერდის ეპარქიაში.

ვაჟა ნასყიდაშვილი
ვაჟა ნასყიდაშვილი

„წყლის მილი, მაგ სოფლის მომარაგების მაგისტრალი გადატანილი იქნა საზოგადოებრივი ტუალეტის ადგილიდან“, – აცხადებს ვაჟა ნასყიდაშვილი.

„ტუალეტი არ იდგმება კომუნიკაციებზე. ეს არც ჩვენ გვაწყობს, რადგან ამხელა ბეტონის კონსტრუქციას, რასაც ვაშენებთ, შემდეგ რაიმე პრობლემა არ შეექმნას მიწისქვეშა კომუნიკაციების გამო. ჩვენ სოფლის სასმელ წყალზე არც კანალიზაციის ორმო დაგვიდგია და არც სოფლის სამტროდ გვიფიქრია,“ – ამბობს ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი.

მისივე თქმით, სოფელში წყლის პრობლემის მთავარი მიზეზი ის არის, რომ გასაწმენდია წყლის სათავე ნაგებობა და არა ის, რომ საზოგადოებრივი ტუალეტი შენდება:

„სამწუხაროდ, დღეს კიდევ ტუალეტი მათთან იწვევს ასოციაციას ორმოზე დადგმულ ოთხ ფიცრის კედელთან და ეს საზოგადოებრივი ტუალეტი სრულიად განხვავებულია თავისი მიდგომით, მოთხოვნითაც და საბოლოო მიზანდასახულობითაც“, – აცხადებს მეუფე დავითი.

ტყეში შესვლა აკრძალულია!

ასეთი გამაფრთხილებელი ნიშნები დაამონტაჟა ალავერდის ეპარქიამ ტყეში, რომლითაც მანამდე სოფლის მოსახლეობა უპრობლემოდ სარგებლობდა.

„ამ მღვდლებმა აიღეს ეს ტყე და აღარ გვიშვებენ. ამის გამო 20–30 კილომეტრის მოშორებით დავდივართ და იქიდან ვეზიდებით შეშას“, – ამბობს ბაადურ ბასილაშვილი.

დათო ნარეკლიშვილი
დათო ნარეკლიშვილი

„ტყეში ყოველ 200 მეტრში აწერია – შესვლა აკრძალულია. გასაგებია, რომ ხის მოჭრა აკრძალულია, მაგრამ შესვლა? თვითონ როგორც უნდათ, ისე შედიან და სახერხიც ჩადგეს შიგა, ეკლესიის ქვემოდან და იქ ხერხავენ მორებს“, – ამბობს დათო ნარეკლიშვილი.

ახმეტის გამგებლის მოადგილე და მეუფე დავითი „ნეტგაზეთთან“ საუბარში აცხადებენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ტყიდან გამხმარი ხეებისა და ტოტების გამოტანისა და შეშისთვის გამოყენების უფლება ეძლევათ ხოლმე.

„უბრალოდ, მანდ ზოგიერთს სურვილი აქვს, რომ ახალი ნერგი მოჭრან. ეს ტყე ეკლესიას ეკუთვნის“, – ამბობს ვაჟა ნასყიდაშვილი.

259ჰა ტყის ფართობი ალავერდის ეკლესიას ჯერ კიდევ 2009 წლის 14 ნოემბერს გადაეცა გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით. შესაბამისი ხელშეკრულება მაშინ საპატრიარქოსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შორის გაფორმდა. ამის შემდეგ ეპარქიამ ტყის მცველები დააყენა, რომლებთან შეუთანხმებლად მოსახლეობას ტყეში შესვლის უფლება აღარ აქვს.

„ის ჭალა არის უნიკალური, იმიტომ, რომ ალაზნის ჭალის უზარმაზარი ფართობიდან შემორჩა ერთადერთი ეს ფრაგმენტი და ეს არის ფრინველებისა და ცხოველების გადაფრენის დროს შესასვენებელი ადგილი. იქ არის უნიკალური ჭალის მუხა, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი და მას, როგორც მასალას, ისე ყიდდნენ. როცა ჩვენ გადმოგვეცა ეს ტერიტორია, იქ პირობა იყო ამის დაცვის, მოწესრიგების, შენარჩუნების, შემდეგში ისევ ხალხისთვის გამოსაყენებლად. მაგრამ ამას ჭირდება დრო, რომ ეს მოწესრიგდეს, რაც ათეული წლების მანძილზე ნადგურდებოდა“, – აცხადებს ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი.

დაკეტილი გზა, რომელიც საძოვრამდე მიდის, მაგრამ ეკლესიაზე გადის

„საძოვარიც სოფელს წაართვეს. საძოვარი სოფელს ეკუთვნის, მაგრამ გზა დაკეტეს მაგათ და აღარ გვიშვებენ“, – ამბობს დათო ნარეკლიშვილი.

მეუფე დავითი
მეუფე დავითი

„აგვიკრძალეს, არ შეიძლება აქ საქონელმა იაროსო, 3 ჰექტარი აქვთ შესყიდული. ცოტა აქეთ მოგვეცით გზა–მეთქი, აქეთ არ შემოხვიდეთო. მისასვლელი გზა არის დაკეტილი“, – ამბობს ალავერდის მკვიდრი გურამ ჭიჭიკოშვილი.

ალავერდელების ამ პრეტენზიებს არ იზიარებენ ახმეტის გამგეობაში. გამგებლის მოადგილე ამბობს, რომ სოფელს სხვა საძოვრებიც აქვს, რომლებიც შეუძლიათ გამოიყენონ, მაგრამ, მოსახლეობის თქმით, ის საძოვარი, რომელიც ალავერდის ეპარქიასთან გახდა სადავო, ყველაზე ახლოსაა და მისადგომად მოსახერხებელია.

„ცუდი შემნახავი ქურდზე უარესიაო… არ უვლიან საძოვარს და რა პრეტენზია აქვთ?“ – ასეთია მეუფე დავითის პასუხი ალავერდელების პრეტენზიაზე.

ალავერდელი მიტროპოლიტის თქმით, 15ჰა საძოვარი ალავერდის მოსახლეობას ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში გადაეცა:

„იქვე, სოფლის შუა ნაწილიდან, გამოდის გზა, რომელიც შედის საძოვარზე, მაგრამ თვითონ სოფლის სიზარმაცით თუ უგულისყურობით ეს გზა გაბუჩქნარდა და მათი 15ჰა საძოვარი გახდა ეკალ–ბარდისა და მაყვლის ბუჩქების სანერგე მეურნეობა, სხვას ვერაფერს დაარქმევ იქაურობას“, – ამბობს მეუფე დავითი.

მისივე თქმით, დაახლოებით 3 წლის წინ გაუჩნდა სოფლის მოსახლეობას პრეტენზია იმ მიწაზე, რომელიც მონასტერს ეკუთვნის:

„მათ უნდოდათ, რომ მონასტერს თავისი მიწის 3–4 –მეტრიანი ზოლი მთელ სიგრძეზე დაეთმო, რომ ისინი საძოვარზე მისულიყვნენ. ეს იყო ჩვევაში გადასული სიზარმაცის ფაქტი, რომ ის სოფლის გზა უნდა გაეწმინდათ, მაგრამ ამათ მარტივი გამოსავალი მონახეს – გვერდზე ბილიკადნაქცევი გზა მოითხოვეს სოფლისთვის საკუთრად. მათ უნდოდათ, რომ ხან მონასტრის კედლის ერთი მხრიდან მოეძოვებინათ საქონელი და ხან მეორე მხრიდან“.

ამოთხრილი საფლავები

მამა იოსები
მამა იოსები

კიდევ ერთი პრეტენზია, რასაც ალავერდელები მონასტრის მღვდელმსახურებს უყენებენ, სასაფლაოს უკავშირდება, რომელიც მონასტრის გალავნის გასწვრივაა მოწყობილი. მოსახლეობის თქმით, იმის გამო, რომ ღვინის მარნამდე მისასვლელი გზა მოეწყოთ, საფლავიდან რამდენიმე მიცვალებული ამოთხარეს მეუფე დავითის ბრძანებით.

„5 მიცვალებული ამოიღეს და ვისაც პატრონი არ ჰყავდა, ეს მიცვალებულები გადაყარეს,“ – ამბობს დათო ნარეკლიშვილი.

„ოთხი საფლავი ამოიღეს და მეხუთეზე გალავანი ამოაშენეს“, – ამბობს ბაადურ ბასილაშვილი.

ალავერდის მონასტრის მღვდელმსახური მამა იოსები ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა პირად საუბარში ადასტურებს, რომ მიცვალებულთა გადასვენება მართლაც მოხდა:

”ჩვენ გალავნის ირგვლივ გავწმინდეთ ეს ტერიტორია და ვინც ზედ გალავანთან იყო დასაფლავებული, მიცვალებულის ახლობლებთან შეთანხმებით, გადავასვენეთ, როგორც ხდება გადასვენება, ყველა წესის დაცვით: კუბოში ჩავასვენეთ, ქრიასტიანული წესით, საფლავი ვუკურთხეთ, გადაღებულიც გვაქვს, ჩვენ ეს ნაბიჯი ახლობლებთან შეთანხმების გარეშე არ გადაგვიდგამს,” – ამბობს მამა იოსები.

მისივე თქმით, მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეკლესია მიცვალებულის გადასვენებაში 3 ათას დოლარს იხდიდა: ” ხალხი მოვიდა და რიგი დაგვიდგა,” – იხსენებს მამა იოსები.

სოფელ ალავერდში მცხოვრები ზურა ჭიჭიკოშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში ადასტურებს, რომ მისი ოჯახის წევრის გადასვენება მასთან შეთანხმებით მოხდა.

„მეუფე დავითი გასახლებით ემუქრება ხალხს“

მაია ნაცვალაძე
მაია ნაცვალაძე

„სოფელს ძალიან ავიწროვებენ ეს მღვდლები, დატერორებულია ხალხი, ეშინიათ, მეუფე დავითი გასახლებით ემუქრება ხალხს“,  – ამბობს ალავერდში მცხოვრები დათო ნარეკლიშვილი.

თუმცა სოფელში არიან მეუფე დავითის მომხრეებიც, რომლებიც იმ ადამიანებს, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ შექმნილ პრობლემებზე და ამაში ეკლესიას ადანაშაულებენ, ურწმუნოებსა და სექტანტებს უწოდებენ.

ალავერდის მონასტრის ღვინის მარანში
ალავერდის მონასტრის ღვინის მარანში

პროტესტანტები კი მეუფე დავითს ხშირად ფეოდალად მოიხსენიებენ, რომელმაც სოფლის კუთვნილი ტერიტორიების მიტაცების ხარჯზე მონასტრის ტერიტორიაზე მოაწყო ღვინის მარანი, არყის სახდელი ქარხანა, ხის სახერხი და სხვა.

„მონასტერი უნდა საზრდოობდეს თავისი მეურნეობით: გვაქვს საფუტკრე მეურნეობა, ვაწარმოებთ თაფლს, გვაქვს ღვინის მარანი, საქათმე, სადაც ვზრდით ფრინველს. მუხლჩაუხრელად შრომობენ ჩვენი ბერები“, – ამბობს ალავერდის მონასტრის მრევლის წევრი და თანამშრომელი მაია ნაცვალაძე.

მეუფე დავითი აცხადებს, რომ მან მონასტრის კუთვნილ ტერიტორიაზე აკრძალა გარე ვაჭრობა, რაც, მისივე თქმით, გახდა ადგილობრივ მოსახლეობასთან დაპირისპირების ერთ–ერთი მთავარი მიზეზი.

ალავერდელებმა არაერთხელ მოითხოვეს მეუფე დავითის მოხსნა საპატრიარქოსგან. გასული წლის ბოლოს მათ რამდენჯერმე გამართეს საპროტესტო აქციაც, თუმცა ახმეტის გამგებლის მოადგილე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ „ეს კონფლიქტი არ არის მაინცდამაინც მწვავე და მოუგვარებელი.”

სოფლის მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგება, საძოვრით სარგებლობის უზრუნველყოფა და შეშით მომარაგება, რის გამოც ალავერდელებსა და მღვდელმსახურებს შორის კონფლიქტი უკვე წლების მანძილზე გრძელდება, სწორედ ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებაშია.

მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი