საზოგადოება

მოხმარებიდან რინგერის ხსნარის მხოლოდ ერთ სერიას ამოიღებენ

9 იანვარი, 2012 • 5500
მოხმარებიდან რინგერის ხსნარის მხოლოდ ერთ სერიას ამოიღებენ

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს გადაწყვეტილებით, საინფუზიო ხსნარ რინგერის ერთ–ერთი სერია სარეალიზაციო ბაზრიდან ამოიღეს, თუმცა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნის ან კომპანიის წარმოებული ხსნარი აღმოჩნდა მოხმარებისთვის უვარგისი, გასაიდუმლოებულია.

რინგერის ხსნარი პაციენტს პლაზმის შემცვლელის სახით ენიშნება, მათ შორის, შოკის, დამწვრობის, მოყინვის, ხანგრძლივი ღებინების და სხვადასხვა პრობლემების დროს, მაშინ, როდესაც არ არის ერითროციტების გადასხმის აუცილებლობა.

რინგერის ხსნარის ერთ–ერთი სერია, ნომრით 1032905ბ, შესამოწმებლად გაიგზავნა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ პრეპარატი მოხმარებისთვის უვარგისია.

როგორც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექციის სამმართველოს უფროსი დავით მაჭარაშვილი აცხადებს, შესამოწმებლად მედიკამენტის კონკრეტულად ეს სერია გაიგზავნა:

“რინგერის 500 მილილიტრიანი საინფუზიო ხსნარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შემოწმდა და არ აკმაყოფილებს სახელმწიფო ფარმაკოლოგიის მოთხოვნებს, დაბინძურებულია. შესაბამისად, არასტერილურია. მედიკამენტების შერჩევა ლაბორატორიული კონტროლის მიზნით ხდება იმისათვის, რომ დადგინდეს რამდენად ხარისხიანი მედიკამენტებია ქართულ ბაზარზე”, – აცხადებს დავით მაჭარაშვილი. მისი თქმით, პრეპარატის შემოწმება მომხმარებლის მხრიდან უკმაყოფილების საფუძველზე არ მომხდარა, თუმცა კონკრეტული პასუხი იმაზე, თუ რატომ შემოწმდა მედიკამენტის მაინცდამაინც ეს სერია, ვერ მივიღეთ.

ქართულ ბაზარზე სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული რინგერის ხსნარი შემოდის.

კომპანია “ავერსი”, ოფიციალური ვებ–გვერდის მონაცემებით, სერბეთიდან შემოსულ კომპანია “ჰერმოფარმის” წარმოებულ რინგერის ხსნარს ყიდის. “ჰემოფარმის” წარმომადგენლობა რუსეთში, მოსკოვშია განთავსებული და ნებისმიერი სახის პრეტენზიებს ამ მისამართზე იღებს.

“ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში სომხეთიდან შემოსული კომპანია “ფარმატეხის” წარმოებული რინგერის ხსნარი იყიდება. ინფუზიურ ხსნარს აწარმოებს იუგოსლავიაც.

დავით მაჭარაშვილის თქმით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნიდან შემოვიდა უვარგისი პროდუქცია, საქმის წარმოებიდან გამომდინარე, გასაიდუმლოებულია.

www.vidal.ge- ს საძიებო სისტემაა. აქ განთავსებული მონაცემები მოწოდებულია და გადამოწმებულია ფარმაცევტული კომპანიების საქართველოს წარმომადგენლობების ან ოფიციალური დისტრიბუტორების მიერ, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი წარმოდგენილი მონაცემების სისწორეზე. VIDAL medical online contest-ის ოფიციალურ ვებგვერდზე სერბეთში წარმოებული რინგერის ხსნარია დარეგისტრირებული. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს სერია ხმარებიდან არ ამოუღიათ. კომპანია შეეცადა, მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის მიერ წარმოებული პრეპარატია უარგისი, თუმცა ინფორმაცია მათთვისაც დაფარული აღმოჩნდა.

რინგერის ხსნარი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში წლების მანძილზე არა მარტო ადამიანების, ცხოველების სამკურნალოდაც გამოიყენება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებგვერდზე, ასევე, სხვადასხვა ქვეყნების სამედიცინო ვებგვერდებზე არ არის განთავსებული ინფორმაცია ხსნარის რაიმე მიზეზით ხმარებიდან ამოღების შესახებ.

აღმოაჩნდა თუ არა ხსნარს მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებში, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში:

“ინფორმაცია იმის შესახებ, აკრძალულია თუ არა ხსნარი რომელიმე ქვეყანაში, არ გვაქვს, თუმცა ჩივილებით არც ჩვენთვის მოუმართავს მომხმარებელს. ამიტომ არ ვიცით, დაზარალდა თუ არა ვინმე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არავინ დაზარალებულა”, – აცხადებს დავით მაჭარაშვილი.

უკმაყოფილო მომხმარებელს  ვერც აფთიაქის თანამშრომლები იხსენებენ. მათი თქმით, ხშირია შემთხვევა, როდესაც მედიკამენტი ცუდ შედეგს იძლევა და მომხმარებელი პრეტენზიით აფთიაქს მიმართავს, თუმცა რინგერის ხსნართან დაკავშირებით მსგავსი პრეტენზიით არავინ მისულა.

რინგერის ხსნარი აფთიაქებში ჩვეულებრივად იყიდება და 500 მილილიტრის ფასი დაახლოებით 2.20 ლარია.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს განცხადებით, ხსნარის არავარგისიანი სერია მალე სრულად იქნება გამოთხოვილი ბაზრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი