საზოგადოება

საზეიმო მიღება “ხანუქას” დღესასწაულის გამო

21 დეკემბერი, 2011 •
საზეიმო მიღება “ხანუქას” დღესასწაულის გამო

20 დეკემბრიდან 8 დღის განმავლობაში ისრაელი და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ებრაელი ხალხი ხანუქას დღესასწაულ ზეიმობენ და ყოველდღე სანთლებს ანთებენ.  

”ხანუქას” დღესასწაული მცირერიცხოვანი მაქაბელი ებრაელების  მტრის  ურიცხვ ლაშქარზე გამარჯვებას უკავშირდება, რის შედეგადაც ებრაული ტაძარი გაიწმინდა და სატაძრო  მსახურება აღდგა.

საქართველო-ისრაელის  ბიზნესპალატის წარმომადგენელი იციკ მოშე აცხადებს, რომ მისთვის ეს დღესასწაული პატარა ერის დიდ მტერზე გამარჯვებაა:

”ჩემთვის ”ხანუქა” არის პატარა ერის გამრჯვება დიდ მტერზე და მე მგონი, ეს არის კარგი მაგალითი საქართველოსთვის, რომელიც პატარა ერია. მინდა ვუსურვო, როგორც ისრაელი არის გამარჯვებული რეგიონში და იცავს თავის თავს, იგივე შეძლოს საქართველომაც”.

ბოლო შვიდი წლის მანძილზე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით,  ”ხანუქას” დღესასწაულზე სანთელს საქართველოს პრეზიდენტი ანთებს, იგივე ტრადიცია არსებობს  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში, თუმცა წლევანდელ დღესასწაულზე სანთელი პარლამეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აანთო, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი ბათუმში იმყოფება.

პარლამეტის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა ებრაული დელეგაციას  და ქართული მხარის წარმომადგენლებს და დღესასწაულის მილოცვასთან ერთად ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

”ვულოცავ ებრელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს და ვუსურვებ მშვიდობას და განვითარებას. ისრაელი არის დღევანდელ მსოფლიოში მაგალითი იმის, რომ მცირე ერიც შეიძლება იყოს წარმატებული, თუ მას ყავს ნიჭიერი ხალხი და პატრიოტი საზოგადოება.”

”მე ვიცი, რომ იერუსალიმში არსებობს გამოთქმა, თუ იერუსალიმში ცხოვრობ და არ გჯერა სასწაულის, ესე იგი არ ხარ რეალისტი, ასე რომ, მოდით, ვიყოთ რეალისტები,  რომ ჩვენი ქვეყნები იქნებიან მშვიდობიანი, განვითარებულები და გააგრძელებენ იმ ტრადიციულ ურთიერთობას, რომელიც ყოველთვის არსებობდა ჩვენ შორის”.

საზეიმო შეხვედრა მხოლოდ ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნის გამო არ ყოფილა მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ დღეს საქართველოში  ებრაული ინვესტიციის განხორციელებას  მოაწერეს ხელი.

დღეიდან ”RIXOS” ბრენდი საქართველოში ოფიციალურად შემოვიდა და გუდიაშვილის 3 ნომერში განახლდება სასტუმრო აპარტამენტების მშენებლობის პროცესი, რომელიც  მსოფლიო ეკონომიკური კრიზის გამო რამდენიმე წლით შეჩერდა.

”RIXOS” სასტუმროების ქსელია, რომელიც დასასვენებელ კომპლექსსა და სავაჭრო ცენტერებსაც გულისხმობს, საქართველოში ”RIXOS”-ის ცენტრის ფარგლებში აშენდება მუზეუმიც.

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტის იციკ მოშეს თქმით, ბოლო სამი წლის მანძილზე  ისრაელის დელეგაცია არ ჩასულა არცერთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაში:

”აღმოსავლეთ ევროპაში ისრაელის დაბრუნება იწყება თბილისიდან, მე მჯერა, რომ საქართველო – ისრაელის ბიზნესურთიერთობები კრიზის შემდგომ პერიოდში მილიარდ დოლარის ინვესტიციას მიაღწევს”.

კრიზისამდე საქართველოში ებრაული ინვესტიცია 300 მილიონი დოლარით განისაზღვრებოდა. მოშემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო–ისრაელის ურთიერთობა არ არის მხოლოდ ორი პოლიტიკური მოთამაშის, ან ბიზნესმენების ურთიერთობა, ეს არის ორი ერის ურთიერთობა, რომელსაც 26– საუკუნოვანი ტრადიცია აქვს:

”მე მართლა მინდა, რომ მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც შეიწყალა 2 ბიზნესმენი და ამით ქართულ-ებრაული ურთიერთობები ძველ კალაპოტს დაუბრუნა”.

პარლამეტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საზოგადოებას განუცხადა, რომ ქართული მხარე ყველანაირად ეცდება, ბიზნესისთვის ხელსაყრელი და კომფორტული პირობები შექმნას:

”ეს არის დიდი და კარგი ინვესტიცია და ამ ინვესტიციით დაიწყება ებრაული ინვესტიციების ძალიან მნიშვნელოვანი ნაკადი საქართველოში. იმედი მაქვს, რომე ეს პირველი პროექტი იქნება წარმატებული და საქართველოს სხვა ქალაქებზეც გავრცელდება.”

კომპანია რიქსოსის აღმასრულებელმა დირექტორმა ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ინვესტიციის წარმატებაში.

”გვჯერა საქართველოსი, ჩვენ საერთო ისტორია და ტრადიციები გვაქვს, ჩვენ სწორ პარტნიორობას და ადგილს ვეძებთ და თბილისი სწორედ ასეთი ადგილი და ასეთი პარტნიორობის გარანტია”

რიქსოსის კომპლექსის გახსნა 2014 წლისთვისაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი