სოციალური მომსახურეობის სააგენტოში იმ ხანდაზმულების ცოცხალი რიგებია, რომელთაც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრება სურთ. თუმცა ხანდაზმულთათვის პრობლემას წარმოადგენს იმ პროცედურების შესრულება, რაც სავალდებულოა, რათა მათი პანსიონატში გადაყვანა მოხდეს.

ალიონა ტატეროსიანი 88 წლისაა, მას არც სახლი აქვს და არც მეურვე ჰყავს. ქალბატონი ალიონა ვარკეთილის მეტროსადგურის ამოსასვლელთან ცხოვრობს, საკვებს მოქალაქეთა დახმარების შედეგად ყიდულობს. თავშესაფარში მოხვედრა არც უცდია და არც იცის მის შესახებ. დღემდე ელოდება ბინას, რომელიც 2 წლის წინ მოტყუებით გააყიდინეს.
იმისათვის, რომ ალიონა ტატეროსიანი ხანდაზმული თავშესაფარში მოხვდეს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის # 25 ბრძანების საფუძველზე მიღებული სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების პირობები უნდა დააკმაყოფილოს.
პირობების თანახმად, დაინტერესებულმა მხარემ, იგივე განმცხადებელმა, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების შესახებ უნდა მიმართოს სოციალური დაცვის სააგენტოს, შეავსოს სპეციალური განაცხადის ფორმა და დაურთოს სხვადასხვა დოკუმენტები– მაძიებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი, ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა, მაძიებლის ერთი ფოტოსურათი და სხვა.
ამის შემდეგ სააგენტოს სოციალური მუშაკი მიდის მოხუცებულის მდგომარეობის შესამოწმებლად, რომელიც შესაბამის დასკვნას გამოიტანს. დასკვნა რეგიონულ საბჭოს განსახილველად წარედგინება. განხილვის შემდეგ საბჭო ხანდაზმულს დაკმაყოფილების, ან უარის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ალიონა ტატეროსიანს თავისუფლად გადაადგილება უჭირს, მას პირადობის დამადასტურებელი მოწმობაც მოპარეს, მისთვის თითქმის შეუძლებელია იმ საბუთების შეგროვება, რაც სოციალური დაცვის სააგენტოსთვის მისამართად არის საჭირო. ქალბატონი ალიონასთვის პრობლემას წარმოადგენს განცხადების დაწერაც.
ეკა სანებლიძე, მეურვეობის მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სოციალურ სააგენტოს ერთადერთი ბერკეტი ქალბატონი ალიონას მდგომარეობაში მყოფი პირების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესბული პირის მიერ განაცხადის შემოტანაა. თუ ხანდაზმულს არავინ ჰყავს, დაინტერესებული პირი შესაძლებელია იყოს მოქალაქე, რომელმაც იცის არსებული ფაქტის შესახებ.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ასეთ ვითარების შესახებ სოციალური დაცვის სააგენტოს ინფორმაციას მიაწოდებს, აღნიშნული სამსახური ნიშნავს მეურვეს, ან მზრუნველს, იმის მიხედვით, როგორია ხანდაზმულის მდგომარეობა. თუ ქმედუუნაროდ არის აღიარებული, ენიშნება მეურვე, თუ შეზღუდული ქმედუნარიანის სტატუსი აქვს – მზრუნველი, რომელიც შეასრულებს იმ პროცედურებს, რაც წესით თავად ხანდაზმულმა უნდა განახორციელოს.
გარდა ხანდაზმულთა სპეციალზირებული პანსიონატებისა, მსგავსი პროცედურები ესაჭირობა დღის ცენტრებში ვაუჩერის მიღებას, რომლის შემდეგაც ხანდაზმულს შეუძლიათ დღის ცენტრში დილიდან დღის 5 საათამდე იყვნენ და იმ მომსახურებით ისარგებლონ, რასაც ცენტრი თავაზობს.
ასეთი დღის ცენტრია ფონდი “თაობა”. მარი დოლიძე ცენტრის სოციალური მუშაკია. იგი ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ის პროცედურები, რაც ვაუჩერის მიღებისთვისაა საჭირო, პრობლემას წარმოადგენს ხანდაზმულისთვის. სწორედ ამიტომ “თაობას” მხოლოდ 24 ბენეფიციარი ჰყავს, იმის გათვალისწინებით, რომ ცენტრს გაცილებით მეტი ბენეფიციარის მიღება შეუძლია.
“ვაუჩერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდე მოთხოვნებს, სოციალურად დაუცველი უნდა იყო, უნდა გქონდეს ინვალიდობის სტატუსი, რომელსაც ექიმი აკეთებს, საბუთების მოპოვება ხშირად პრობლემურია ხანდაზმულისთვის დროის და ფინანსების თვალსაზრისით, რადგან მათ უჭირთ გადაადგილება, მეორეც, ფინანსები არ აქვს, ვთქვათ, ექიმის ცნობის გასაკეთებლად”.
პროცედურული სირთულეები არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც ქვეყანაში ხანდაზმულთა ზრუნვას უკავშირდება. პრობლემაა ასევე პანსიონატებში ადგილების რაოდენობა, რის გამოც სოციალურ სააგენტოში ცოცხალი რიგები დგას, რათა ხანდაზმულებმა პანსიონატში ადგილი მიიღონ. ამჟამად ადგილს 49 ადამიანი ელოდება.
საქართველოში სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი სულ ორი– თბილისის და ქუთაისის–
ხანდაზმულთა პანსიონატი ფუნქციონირებს.
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატი 115 ადამიანზეა გათვლილი, ხოლო ქუთაისის –120–ზე. ორივე დაწესებულებაში ადგილები სრულადაა შევსებული.
თბილისის პანსიონატის დირექტორი ნინო დვალიშვილი ამბობს, რომ ფიზიკური ადგილი არ არის იმისათვის, რომ ხანდაზმული მიიღონ. ადგილის გათავისუფლება ორ შემთხვევაშია შესაძლებელი – თუ ადამიანი გარდაიცვლება, ან ოჯახის არსებობის შემთხვევაში, შინ დაბრუნებას გადაწყვეტს. თუმცა, ნინო დვალიშვილის განმარტებით, პანსიონატში მცხოვრები მოხუცების ძირითადი რაოდენობა სიცოცხლის ბოლომდე პანსიონატში რჩება.
დავით კობახიძე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების სამმართველოს უფროსი, აღნიშნავს, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც დაახლოებით 3 თვეში მარტყოფის პანსიონატი გაიხსნება და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატიდან ბენეფიციარებს მარტყოფში გადაიყვანენ. ვინც მარტყოფის პანსიონატში უნდა იცხოვროს, ამჟამდ ქუთაისის პანსიონატში უდევთ ბინა.
მარტყოფის პანსიონატის გახსნა მდგომარეობას გააუმჯობესებს, თუმცა ადგილების პრობლემა პანსიონატის გახსნით სრულად არ აღმოიფხვრება. ამას ფონდი “თაობის” სოციალური მუშაკის მარი დოლიძის ნათქვამიც ადასტურებს:
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ფონდი არ არის პანსიონატი და მხოლოდ დღის ცენტრია, დღეში მინიმუმ 2 ადამიანი მაინც მოდის თავშესაფრის უზრუნველყოფის თხოვნით”.
თბილისისა და ქუთაისის პანსიონატები სსიპ “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” დაქვემდებარებაში შედის. აღნიშნული სააგენტო 2009 წელს ჩამოყალიბდა, რომელმაც 28 ყოფილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გააერთიანა, მათ შორის, ბავშვთა სახლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპეციალიზირებული დაწესებულებები.
“სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” ჩამოყალიბებით მოხდა ფინანსების და მენეჯმენტის ცენტრალიზება. მაკა ხაჭაპურიძე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსია. ნეტგაზეთთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ცენტრალიზებულად ხდება ყველა ფილიალისთვის იმ საჭიროების შესყიდვა, რაც მათ მიერაა მოთხოვნილი.
2012 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხანდაზმულთა სოციალური დაცვისთვის 1, 081, 251 ლარია გათვალისწინებული.







