საზოგადოება

მსოფლიოში დაპატიმრებულ ჟურნალისტთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

9 დეკემბერი, 2011 • • 1187
მსოფლიოში დაპატიმრებულ ჟურნალისტთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა(CPJ)“ რამდენიმე საათის წინ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა 2011 წელს მსოფლიო მასშტაბით ჟურნალისტთა  რეკორდული რაოდენობის დაპატიმრების შესახებ, თუმცა მათ შორის ნახსენები არ არიან ზაფხულში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ქართველი ფოტორეპორტიორები.

ისრაელელი ჟარისკაცები აკავებენ პალესტინელ ჟურნალისტს
ისრაელელი ჟარისკაცები აკავებენ პალესტინელ ჟურნალისტს

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ინფორმაციით, 2011 წელს, 1 დეკემბრის მონაცეებით, 179 ჟურნალისტი, რედაქტორი და ფოტორეპორტიორი დააკავეს, რაც  2010 წლის მაჩვენებელს 34-ით აჭარბებს. გარდა ამისა, 1990 წლის შემდეგ წელიწადში დაკავებული ჟურნალისტების მსგავსი რაოდენობა „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა(CPJ)“-ს არ აღურიცხავს.

ანგარიშის მიხედვით, ყველაზე საგანგაშო ვითარებაა ირანში, სადაც მიმდინარე წელს 42 ჟურნალისტია დაკავებული. სტატისტიკა ასევე გაიზარდა ჩინეთში, ბირმაში, ერიტრეაში, თურქეთში და ვიეტნამში დაკავებული ჟურნალისტების ხარჯზე.

როგორც  CPJ აღნიშნავს, ევროპასა და აშშ-ში ჟურნალისტური საქმიანობის გამო დაკავებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იკლებს, თუმცა მათი რაოდნეობა მნიშვნელოვნად იზარდება ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკის სახელმწიფოებში.

2011 წელს დაკავებული ჟურნალისტები ძირითადად გაასამართლეს ცრუ ინფორმაციის გავრცელების, ასევე, რელიგიური გრძნობების შელახვისა და ანტისახელმწიფოებრიბი ქმედების ჩადენის ბრალდებით. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როცა მედიამუშაკებს ასამართლებენ ისეთი ბრალდებით, რომელიც მათ საქმიანობას არ უკავშირდება, თუმცა გასამართლების მოტივი მათთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა.

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღეს მსოფლიოში ყველაზე დაუცველები თავისუფალი ჟურნალისტები არიან, რომლებსაც ზურგს კონკრეტული მედიასაშუალება არ უმაგრებს. ამის გამო ისინი მოკლებულნი არიან როგორც კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას, ისე მასშტაბურ საინფორმაციო მხარდაჭერას.

ქართველი ფოტოგრაფების მსგავსად, “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” ანგარიშში ასევე ვერ მოხვდნენ 2011 წელს სხვადასხვა საპროტესტო აქციების გაშუქებისას ბელორუსსა და რუსეთში დაპატიმრებული ჟურნალისტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი