თბილისის მაღაზიათა ქსელში მწერებიანი შვრია და მატლებიანი წიწიბურა აღმოაჩინეს.
პროექტის „სასურსათო პროდუქტებს მომხმარებლები აკონტროლებენ“ ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის დასკვნის მიხედვით, თბილისის ერთ–ერთ სუპერმარკეტში ნაყიდ შვრიაში მწერები, ხოლო წიწიბურაში მატლები აღმოჩნდა.
პროექტის „სასურსათო პროდუქტებს მომხმარებლები აკონტროლებენ“ ფარგლებში, მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამუშავდა სურსათის ცხელი ხაზი – 219 42 42. აღნიშნულ ნომერზე მომხმარებელს შეუძლია დარეკოს და აცნობოს სავაჭრო ქსელში აღმოჩენილი ან შეძენილი უვარგისი, ვადაგასული, საეჭვო ან არასწორად ეტიკეტირებული სასურსათო პროდუქტების შესახებ.
ცენტრის წარმომადგენელთა ინფორმაციით, სწორედ ცხელ ხაზის მეშვეობით 2011 წლის 16 ნოემბერს მომხმარებელმა აცნობა ორგანიზაციას, რომ მოსკოვის პროსპექტის #35-ში მდებარე მარკეტში შეიძინა FORTIN- ის ფირმის შვრია”Volkorn Hafer Floken”, რომელსაც ვარგისიანობის ვადა არ ჰქონდა გასული, მაგრამ მასში შავი ჭიები აღმოჩნდა.
„15 ნოემბერს ასევე დარეკა სურსათის ცხელ ხაზზე მომხმარებელმა და გვაცნობა, რომ დოლიძის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ’’პოპული”-ში მატლებიანი წიწიბურა შეიძინა.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენლებმა ორივე საჩივრის გადამოწმების მიზნით, მოსკოვის გამზ. #35-ში მდებარე მარკეტში შევიძინეთ შვრია (ჰერკულესი), ხოლო დოლიძის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ”პოპულში” – წიწიბურა. ორივე პროდუქტი დაფასოებული მივიტანეთ ლაბორატორიაში. შვრიაში მწერები, ხოლო წიწიბურაში მატლები აღმოჩნდა, რაც პროდუქტის დაძველების ან მისი არასათანადო პირობებში შენახვის მიზეზით შეიძლება წარმოქმნილიყო.
ლაბორატორიიდან მიღებული შესაბამისი წერილები გაეგზავნა მეწარმეებს, მაღაზიებსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს,“–ავრცელებს ინფორმაციას ცენტრი.
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აღნიშნულ პროექტს 2011 წლის აგვისტოდან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს.




