საზოგადოება

სკოლები გათბობის გარეშე

10 ნოემბერი, 2011 •
სკოლები გათბობის გარეშე

ბოლო ერთი კვირის მანძილზე თბილისში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. 7 ნოემბერს  გათოვდა კიდეც. დღეს ჰაერის ტემპერატურა 0–დან -50C–მდე მერყეობდა, თუმცა თბილისის საჯარო სკოლების უმრავლესობაში გათბობა ამ დრომდე არ ჩართულა.

”გვპირდებიან, რომ ორშაბათიდან გათბობა ჩაირთვება. თუ მომავალ კვირასაც არ ჩართეს, აუცილებლად შევალ დირექტორთან პრეტენზიით,”- განუცხადა „ნეტგაზეთს“ თბილისის 182-ე საჯარო სკოლის ერთ–ერთი მოსწავლის მშობელმა.

გათბობის ჩართვას ორშაბათიდან, ანუ 13 ნოემბრიდან, გეგმავს თბილისის #122 საჯარო  სკოლის ადმინისტრაციაც. დირექტორმა ცენტრალური გათბობის ჩართვის შეფერხება სისტემის დატესტვასთან დაკავშირებული პრობლემებით ახსნა:

”8 თვეა, გათბობა არ ჩართულა, არსებობს წყლის გაჟონვის 70%-ანი საფრთხე და არ მინდა, სწავლის პროცესს ხელი შევუშალო, ამიტომ ველოდები შაბათ-კვირას”.

მისივე თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში, როდესაც ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და სკოლის შენობაში საგრძნობლად აცივდა, საკლასო ოთახების გასათბობად დროებით ელექტროღუმელები თავად პედქოლექტივმა მიიტანა სკოლაში:

”ყველა ოთახში  ელექტროღუმელია ჩართული, მე თვითონ და დამრიგებლებმა უზრუნველვყავით სკოლა ღუმელებით, იმიტომ, რომ ეს ორი დღე ძალიან გვიჭირდა. არც ერთი ღუმელი არ მოუტანიათ ბავშვებს ოჯახიდან.”

122–ე სკოლისგან განსხვავებით, თბილისის #54 საჯარო სკოლაში საკლასო ოთახების გასათბობად ელექტროღუმელები მშობლებმა მიიტანეს. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ თავად სკოლის დირექტორმა დაუდასტურა. მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით სკოლაში ცენტრალური გათბობის სისტემა უკვე ჩართულია.

თბილისის 105–ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციაში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ გათბობის სისტემა დღეს, 10 იანვარს ჩართეს, მას შემდეგ, რაც შესაბამისი ბრძანება მიიღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან:

”ჩვენ გუშინ მოგვივიდა ბრძანება გათბობის ჩართვასთან დაკავშირებით და როგორც კი ბრძანება მოვიდა, მაშინვე ჩავრთეთ. სამინისტროს არ აუხსნია დაგვიანების მიზეზი, თუმცა არ დაგვიგვიანებია. ისან-სამგორის რაიონში არსებულ ყველა სკოლაში გათბობა გუშინ ჩაირთო,” – უთხრეს „ნეტგაზეთს“ 105–ე საჯარო სკოლის დირექციაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ „ნეტგაზეთს“ თავდაპირველად განუცხადა, რომ სკოლები თავად იღებენ გათბობის შესახებ გადაწყვეტილებას, თუმცა კონკრეტული მაგალითების დასახელების შემდეგ, გვითხრა, რომ სამინისტროდან შესაბამისი ბრძანებები გაიგზავნა და დღეიდან სკოლებში გათბობა ჩართულია:

”ჩართულია ყველა სკოლაში გათბობა და ჩართული იყო ყველგან, უკაცრავად, არ მცალია, შეხვედრაზე ვარ,” – უთხრა „ნეტგაზეთს“ პოტრჟებსკაიამ.

ამის მიუხედავად, თბილისის საჯარო სკოლების უმრავლესობაში გათბობის სისტემა დღემდე არ ჩართულა, სკოლის დირექტორები ამბობენ, რომ სკოლებში გათბობა ორშაბათიდან ჩაირთვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი