საზოგადოება

საპრეზიდენტო პროგრამები სკოლებში ივანიშვილის დახმარებით

8 ნოემბერი, 2011 • 1407
საპრეზიდენტო პროგრამები სკოლებში ივანიშვილის დახმარებით

სკოლების კომპიუტერიზაციის პროექტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „ირმის ნახტომი“ითვალისწინებდა, ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან 2009–10 წლებში 2 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.

რამდენიმე წლის წინ, საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური ფონდი „ირმის ნახტომი“ საქართველოს განათლების სისტემაში ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. ფონდიდან გამოყოფილი თანხებით სკოლები კომპიუტერებითა და ინტერნეტით უნდა უზრუნველეყოთ. პროგრამის განხორციელება 2005 წელს დაიწყო.

„2010 წლის იანვარში გაფორმდა ხელშეკრულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსა და „სხივი XXI” შორის, რის შედეგადაც სააგენტოს საჩუქრის სახით გადაეცა 2720 კომპლექტი კომპიუტერული ტექნიკა (პროცესორი, მონიტორი, კლავიატურა, ხმის გამაძლიერებლები),“ – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტურქტურის სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციითვე, აღნიშნული კომპიუტერები აღჭურვილია Windows-ის ლიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფით.

კავშირი „სხივი XXI”, რომელმაც საჩუქრის სახით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წელს 2720 კომპლექტი კომპიუტერული ტექნიკა გადასცა, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდების ანგარიშებშიც აისახა.

ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“პროგრამულ ანგარიშში წერია, რომ კავშირი „სხივი XXI”–ისთვის კომპიუტერული ტექნიკით საშუალო სკოლების უზრუნველსაყოფად 1 430 465 ლარი გადაირიცხა 2009 წელს, ხოლო 2010 წელს ამავე მიზნით ნახევარ მილიონზე მეტი, 505 753 ლარი ჩაირიცხა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც ოფიციალურად აცხადებდა კავშირ „სხივი XXI“–თან თანამშომლობას, არცერთხელ არ განუცხადებია, ვის ეკუთვნოდა აღნიშნული კომპანია.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აიპ „სხივი XXI“ ხუთმა ფიზიკურმა პირმა, მათ შორის, ქიბარ ხალვაშმა დააფუძნა 2006 წელს. ბიზნესმენი და თავდაცვის ყოფილის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი ქიბარ ხალვაში “სხივი XXI”–ის გამგეობის თავმჯდომარის პოსტიდან 2007 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ დაითხოვეს, რაც მას ოქრუაშვილი–სააკაშვილის დაპირისპირების შედეგად პრობლემები შეექმნა ხელისუფლებასთან და იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. რამდენიმე დღის წინ კი ხალვაშმა მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილს.

2009 და 2010 წლებში, როდესაც სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და  „სხივი XXI“–ის დახმარებით მოხდა სკოლების კომპიუტერებით აღჭურვა, ამ მიზნით ფულადი რესურსები გამოიყო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდანაც: 2009 წელს – 268.9, ხოლო 2010 წელს – 2,723.5 ათასი ლარი. თუმცა ბიუჯეტში მითითებულია, რომ აღნიშნული პროგრამის განხორციელება მთლიანად სახელმწიფოს ბიუჯეტიდან დაიფარა.

კიდევ ერთი საპრეზიდენტო პროგრამა “იაკობ გოგებაშვილი” საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. განათლების ობიექტების რეაბილიტაციისთვის სხვადასხვა დროს ბიძინა ივანიშვილის ფონდებიდან მილიონობით ლარია დახარჯული.

მთლიანობაში, 2005–10 წლებში, ივანიშვილის ფონდებიდან განათლების სფეროს დაფინანსებისთვის 56 121 424 ლარია დახარჯული, აქედან: 2005 წელს – 822 157 ლარი, 2006 წელს – 37 255 889 ლარი, 2007 წელს – 14 777 789 ლარი, 2008–ში – 538 299 ლარი, 2009 წელს – 1 746 685 ლარი და 2010 წელს – 980 605 ლარი.

ამავე თემაზე:

როგორ დაეხმარა ივანიშვილი სააკაშვილს

მასალების გადაბეჭდვის წესი