საზოგადოება

“თავისუფლების მწარე გემო” [Video]

11 ოქტომბერი, 2011 • 1598
“თავისუფლების მწარე გემო” [Video]

“ჩვენ ვითხოვთ, რომ იმ კარზე, რომლითაც შედიოდა და გამოდიოდა ანა რედაქციაში, თავის სამსახურში, გაკეთდეს მემორიალური დაფა. ეს კი რუსეთში, როგორც ირკვევა, მარტივი არაა,” – ამბობს “ნოვაია გაზეტას” რედაქტორის მოადგილე.

წერილს საბიანინის სახელზე 7 ოქტომბერს (პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 5 წლისთავზე)  ევროპის დამოუკიდებელი პრესის საბჭოების ალიანსის (AIPCE) წარმომადგენლებმაც მოაწერეს ხელი, მათ შორის იყო “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭოც. ხელმოწერამდე ალიანსის წევრებისთვის, რომლებიც მოსკოვში, ჟურნალისტთა სახლში მე–13 ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში შეიკრიბნენ, პოლიტკოვსკაიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის წინა საპრემიერო ჩვენება გაიმართა.

ფილმი, სახელწოდებით “თავისუფლების მწარე გემო”, რეჟისორმა მარინა გოლდოვსკაიამ გადაიღო და ანა პოლიტკოვსკაიასა და მისი ოჯახის შესახებ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან დეტალებს აღწერს.

“ჩემი და ანას მეგობრობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, როცა წარმოდგენაც არ მქონდა, თუ რას მიაღწევდა მომავალში ანა. ის მოსკოვის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, სადაც მე ვასწავლიდი, მისი მომავალი მეუღლე – საშა [ალექსანდრ პოლიტკოვსკი, გადაცემა “ვზგლიადის” ერთ–ერთი წამყვანი 1990–ან წლებში. ავტ.], ჩემი საყვარელი სტუდენტი იყო. მე ვიყავი მათ ქორწილში და გავაკეთე ფილმი ახალგაზრდა ოჯახზე 1990–ანი წლების ტუსეთში. ეს იყო საოცარი დრო რუსეთში – იმედებისა და ოცნებების დრო, როცა გორბაჩოვმა დაიწყო ცვლილებები და იმედიანად ვიყავით, რომ ჩვენი ქვეყანა აყვავვებას დაიწყებდა. და მე გავაკეთე ამ ეპოქაზე ფილმი ჟურნალისტების ოჯახის მაგალითზე… თუმცა წლების შემდეგ კვლავ გავაგრძელე ურთიერთობა უკვე ანასთან და კამერით ვიწერდი ყოველთვის ჩვენს შორის გამართულ საუბრებს.

“ეს არის ფილმი ანაზე, როგორსაც მას არავინ იცნობდა, ანაზე, როგორც ადამიანზე, მომხიბვლელ ქალზე, მამაცზე, იუმორის საუკეთესო გრძნობით, ფანტასტიკურ დედაზე, მეგობარზე, პერსონაზე – უამრავი სახით,” – ამბობს მარინა გოლდოვსკაია.

ფილმში მოთხრობილია ჩეჩნეთის ომის, ნორდ ოსტისა და ბესლანის ტერორისტული აქტების თაობაზე, რომლებსაც ანა პოლიტკოვსკაია ინტენსიურად აშუქებდა. მის მიერ წარმოებული ჟურნალისტური გამოძიებების შედეგად კი ირკვეოდა, რომ იმ მკვლელობებისა და საშინელი ისტორიების უკან, რომელზეც პოლიტკოვსკაია წერდა, ვლადიმერ პუტინი იდგა.

“გახსენებაც კი არ მინდა იმ ამაზრზები სიტყვების, რაც რუსეთის მაშინინდელმა და, როგორც უკვე ჩანს, მომავალმა პრეზიდენტმა პუტინმა თქვა, როდესაც ანა მოკლეს. მან თქვა: გაცილებით მეტი ზიანი მაყენა რუსეთის ხელისუფლებას მისმა სიკვდილმა, ვიდრე – მისმა საქმიანობამ სიცოცხლეშიო…” – ამბობს “ნოვაია გაზეტას” რედაქტორის მოადგილე.

“სამწუხაროდ, ამ ფილმს არც ერთი რუსული არხი არ გაუშვებს ეთერში”, – აღნიშნა ფილმის ჩვენების შემდეგ ერთ–ერთმა რუსმა მაყურებელმა ქალბატონმა.

“სამწუხაროა, მაგრამ დღეს, როცა ანას მკვლელობიდან 5 წელიწადი გავიდა, მე გადავხედე რუსულ გამოცემებს და ვერც ერთ მათგანში, ცხადაია, “ნოვაია გაზეტას” გარდა, ვერ ვნახე ანაზე სტატია. სამაგიეროდ, რა არის დღევანდელი გამოცემების პირველ–მეორე და მესამე გვერდებზე? – პუტინის დაბადების დღე და კადიროვის იუბილე,” – ამბობს “ნოვაია გაზეტას” რედაქტორის მოადგილე.

პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 5 წლისთავზე “ნოვაია გაზეტას” რედაქციამ ანასადმი მიძღვნილი გვერდი შექმნა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”:

“ჩვენ გვინდა ეს გვერდი თქვენთან, მკითხველებთან ერთად, შევავსოთ და ამისათვის ყველას გაძლევთ შესაძლებლობას, რომ დაამატოთ ფოტო და ვიდეომასალა, დატოვოთ კომენტარები გვერდზე, ან შეთავაზოთ რედაქციას მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზება. გაგვიზიარეთ ანას შესახებ, ეს მას ნამდვილად მოეწონებოდა,” – ნათქვამია ამ გვერდის თაობაზე “ნოვაია გაზეტას” სარედაქციო წერილში.

“ჩვენ ისე ხშირად ვასუბრობდით ერთმანეთში, რომ ახლა ჩემთვის სავსებით საკმარისია, შევიხედო “ფეისბუქზე”, რომ დავრწმუნდე: მას ყველაფერი რიგზე აქვს,” – ამბობს ანას ქალიშვილი, ვერა პოლიტკოვსკაია “ნოვაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

პოლიტკოვსკაიაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის წინასაპრემიერო ჩვენებას “ჟურნალისტის სახლში” 7 ოქტომბერს ანას ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ: შვილები – ვერა და ილია, დედა – რაისა ნოვიკოვა–მაზეპა.

ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით საკუთარი ბინის სადარბაზოში მოკლეს. ზუსტად იმ დღეს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის 54 წლის იუბილეს აღნიშნავდა.

ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში 100–ზე მეტი ჟურნალისტი იქნა მოკლული, მათგან ყველაზე რეზონანსული ოთხი საქმეა: რუსეთში პოლიტკოვკაიას მკვლელობა, უკრაინაში – ღონღაძის, აზერბაიჯანში – ჰუსეინოვის და თურქეთში – დინკის.

მასალების გადაბეჭდვის წესი