საზოგადოება

არა – უმუშევრობას! თავისუფლება შრომას! თავისუფლება მეწარმეობას!

6 ოქტომბერი, 2011 • 1307
არა – უმუშევრობას! თავისუფლება შრომას! თავისუფლება მეწარმეობას!
დღეს ამ ლოზუნგით აღინიშნა თბილისში  უმუშევართა საერთაშორისო დღე. მთავრობის კანცელარიასთან ხალხის “მოკრძალებული” რაოდენობა შეიკრიბა და მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი უმუშევრობის წინააღმდეგ.

აქციის ორგანიზატორების  – არასამთავრობო ორგანიზაცია “უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის” და სამოქალაქო აქტივისტის ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, ქვეყანაში რეალურად დასაქმებულთა რაოდენობა მკვეთრად ჩამორჩება “საქსტატის” მონაცემებს.

“დღეს საქართველოში უმუშევრობამ კატასტროფული მაშტაბები შეიძინა. დასაქმებულია მხოლოდ 900 ათასი ადამიანი, თანაც მათ შორის 340  ათასი სახელმწიფო სექტორში. ეს თანაფარდობა იმაზე მიუთითებს, რომ 550 ათასი კაცის შესანახია მთელი ქვეყანა,” – აღნიშნა შალამბერიძემ.

მისივე თქმით, ამას ემატება პრეზიდენტისა და მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირების  მიერ ხელში ჩაგდებული მონოპოლური ბიზნესი, რომელიც ქართველ მომხმარებელს გაზრდილ ფასებს სთავაზობს– სამედიცინო მომსახურებაზე, წამლებზე, საწვავზე, ელექტროენერგიაზე, წყალზე, ნაგავსა და ტრანსპორტზე.

“საქსტატის” 2010 წლის ოფიციალური მონაცემებით, უმუშევართა დონემ 16,3 პროცენტი შეადგინა, რაც ეკონომიკის ექსპერტებში კითხვის ნიშანს ბადებს.

ექსპერტ ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, ბოლო პერიოდში უმუშევართა რაოდენობა, თვითონ ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, კერძო სექტორში გაზრდილია დაახლოებით 17 პროცენტის ფარგლებში.

“17 –პროცენტიანი უმუშევრობა სწრაფად განვითარებადი ქვეყნებიოსთვის მაღალი მაჩვენებელია. ამ შემთხვევაში ადგილი აქვს სამუშაო ადგილების დეფიციტს, შესაბამისად, ერთის მხრივ,  მოთხოვნაა ჩვენთან კვალიფიცირებულ სამუშაო ძალაზე, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან ბევრია უმუშევარი, რადგან მათი კვალიფიკაცია არ შეესაბამება არსებულ სამუშაო ძალას. ბუნებრივია, ეს პრობლემაა. რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით ვერ ასაქმებს და ვერ იყენებს იმ სამუშაო ძალას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია და აქ ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ადგილობრივი წარმოება და საშუალო და მცირე ბიზნესი არ არის განვითარებული.  სხვა შემთხვევაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი ნაკლებად იქნებოდა დაფიქსირებული,” – აღნიშნავს ლექვინაძე.

მისივე შეფასებით, “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული დასაქმებულთა რაოდენობა ხელოვნურადაა გაზრდილი.  

“პირობითად რომ ვთქვათ, საქართველოში მოქმედებს ორი კრიტერიუმი, ერთი შერბილებული, მეორე– შედარებით მკაცრი. თუ ამ უკანასკნელით მივუდგებით საკითხს  და გავითვალისწინებთ თვითდასაქმებულების ცნებას, რომელსაც არ სცნობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია “ILO”–ს სტანდარტები, უმუშევრობა უფრო მაღალ მაჩვენებელს მიაღწევს .სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ თბილისში უფრო ნაკლებია დასაქმებული, ვიდრე რეგიონებში, რაც სრულიად წარმოუდგენელია. პრობლემა ამ მხრივ იმაშია, რომ რეგიონებში დასაქმებულად ითვლება ის პიროვნება, რომელსაც ერთ ჰექტარზე მეტი მიწა აქვს საკუთრებაში, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ნაკვეთიდან იღებენ შემოსავალს, თუ– არა. ერთი სიტყვით, ჩვენთან თვითდასაქმების წილი მაღალია და სწორედ ეს წარმოაჩენს “საქსტატის” არსებულ მონაცემებს შეკვეცილად” – აღნიშნავს ლექვინაძე.

საქსტატის” მონაცემებს ასევე უნდობლობას უცხადებს ორგანიზაცია “უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის”. მათი განცხადებით, ისინი მთავრობასა და პარლამენტს გადასცემენ წერილს, სადაც  დააფიქსირებენ საკუთარ მოთხოვნას უმუშევართა რაოდენობის ამსახველი რეალური ბაზის შესაქმნელად.

“უმუშევართა რაოდენობის ამსახველი  ბაზა რეალურად ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენ გვსურს შეიქმნას ისეთი ბაზა, სადაც ყველა უმუშევარი მივა და დარეგისტრირდება. რა თქმა უნდა, თავიდანვე განისაზღვრება იმ სოციალურ მოთხოვნათა ნუსხა, რომელიც საჭირო იქნება უმუშევართა რიგებში ჩასაწერად,” – აღნიშნა შალამბერიძემ.

ექსპერტების შეფასებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, აზერბაიჯანსა და სომხეთში უმუშევრობის თვალსაზრისით თითქმის იდენტური სიტუაციაა.  

“ამ მხრივ ერთი საერთო ეკონომიკური სტრუქტურის ქვეყნები ვართ. აზერბაიჯანი იგებს იმით, რომ  აქვს ნავთობი და ამ სფეროზე ასხმული ეკონომიკა, სომხეთში კი უფრო მეტი ადამიანია სოფლის მეურნეობაში ჩართული, ვიდრე საქართველოში. რეგიონში იდენტური სიტუაციაა. ოდნავ უკეთეს მდგომარეობას აზერბაიჯანში დასაქმების მხრივ განაპირობებს ნავთობის სეგმენტი,” – აღნიშნავს ლექვინაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი