
რამდენიმე დღის წინ სადეზინფორმაციო სააგენტო weeklyworldnews.com-ზე გამოქვეყნდა ინფორმაცია დედამიწაზე უცხოპლანეტელების მოსალოდნელი ჩამოსვლის შესახებ.
სტატიაში წერია, რომ ამის შესახებ SETI–ის (Search for Extraterrestrial Intelligence) მეცნიერებმა განაცხადეს. სტატიაში, ასევე, ნათქვამია, რომ “ვიკილიქსმა” გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომელთა მიხედვითაც დასტურდება ნასასა და ამერიკის ხელისუფლების გეგმები უცხოპლანეტელთა ხომალდებთან ბრძოლის შესახებ.
ეს ინფორმაცია აიტაცეს რუსულმა საინფორმაციო საიტებმაც. გუშინ კი ამბავი უცხოპლანეტელთა დედამიწაზე სტუმრობის შესახებ ქართულ მედიასაშუალებებშიც გამოჩნდა:
”დედამიწას უცხოპლანეტელთა სამი გიგანტური ხომალდი უახლოვდება. წინასწარი გამოთვლებით, ჩვენამდე ისინი დაახლოებით ორ თვეში მოაღწევენ. მეცნიერებმა ინფორმაცია საკუთარი დაკვირვებების საფუძველზე მოიპოვეს, რისთვისაც ამერიკული სამხედრო სადაზვერვო კოსმოსური სისტემებიც გამოიყენეს,” – იტყობინება საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი presa.ge.
იგივე შინაარსის ინფორმაცია სხვა ქართულმა ონლაინ მედია საშუალებებმაც გამოაქვეყნეს.
presa.ge-ს რედაქტორის მოადგილის, ლაშა ბერულავას თქმით, ეს იყო ერთ-ერთი იმ რუბრიკის მასალა, სადაც მსგავსი შინაარსის ამბები ქვეყნდება ხოლმე. სტატიაში მითითებულია წყაროები, რომელთა მიხედვითაც ის მომზადდა. ეს ინფორმაცია მთავარ გვერდზე მხოლოდ მას შემდეგ მოხვდა, რაც მკითხველთა დიდი ინტერესი გამოიწვია. კითხვაზე, ”რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს”, ლაშა ბერულავა პასუხობს:
”ეს უფრო მეცნიერების კვლევის საგანია, ვიდრე ჟურნალისტის, ან თუნდაც საიტის ადმინისტრაციის. ამაზე ვერაფერს გეტყვით. იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო აქტუალური და საინტერესო, თანაც წყაროში ნახსენები იყო ”ვიკილიქსი”, რედაქციამ ჩათვალა საჭიროდ, რომ გამოექვეყნებინა”.
presa.ge-ს სტატიაში, ასევე, წერია, რომ უცხოპლანეტელთა დედამიწასთან მოახლოების ფაქტი „ვიკილიქსმა“ დაადასტურა.
”უშუალოდ მე არ გადამიმოწმებია, ვიკილიქსზე არის თუ არა ეს ინფორმაცია, უბრალოდ წყარო, რომლის მიხედვითაც მომზადდა ეს სტატია, გადამოწმდა და შემდეგ უფრო ღრმად ჩვენ არ წავსულვართ,”- ამბობს ”presa.ge”-ს რედაქტორის მოადგილე.
თავად ლაშა ბერულავას არ სჯერა ამ ამბის: ” სკეპტიკურად ვუყურებ ინფორმაციას სამყაროს აღსასრულის დღეების, უცხოპლანეტელების მოსალოდნელი ვიზიტების შესახებ. თუმცა, ძალიან ბევრჯერ წამიკითავს, თუნდაც ქართველი უფოლოგების ნაშრომებში, რომ ასეთი ფაქტები – ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, შესაძლო კავშირი უცხოპლანეტელებსა და დედამიწელებს შორის – არსებობს. ”
ეს ამბავი გაშარჟებული სცენარით გამოაქვეყნა იუმორისტულმა მედიაჰოლდინგმა ”ჩიტი”. მთავარი რედაქტორის, საბა ლეკვეიშვილის თქმით, ამ სტატიის მომზადების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბევრმა ქართულმა საინფორმაციო საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია უცხოპლანეტელების ჩამოსვლის შესახებ: ”ჩვენ გადავწყვიტეთ, გვესარგებლა ამ ამბით”.
”მმართველი გუნდის ვერსიით, უცხოპლანეტელები რუსეთის დასაშლელად და თავიანთ სისტემაში ქართული ღვინის გასატანად მოდიან. მათ ლიდერს პირადად დახვდებიან და უმასპინძლებენ გიგი უგულავა და ვერა ქობალია.”ჩიტის” მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, უცხოპლანეტელების გამოჩენის შემდეგ ბაკურ კვეზერელი “ცერნში” გაგზავნეს, სადაც მას ადრონულ კოლაიდერში შეაგდებენ და ნაწილაკებთან ერთად დაატრიალებენ, სწორედ ასე აპირებენ მისი ინტელექტის E.T.-ების დონეზე აწევას, რათა მინისტრმა ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა ახლა უკვე ალფა-ცენტავრის სისტემაში დანერგოს.”
”ჩიტის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მისი მთავარი რედაქტორის თქმით, ბევრი ადამიანი იჯერებს, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლის გარკვევა ადვილია:
– ”ერთი-ორი სტატიის გადახედვისას მიხვდები, რომ, ძირითადად, აქცენტი გაკეთებულია სატირასა და იუმორზე. საიტზეც მითითებულია, რომ ეს არის იუმორისტული ტიპის ინფორმაცია”.
რაც შეეხება http://weeklyworldnews.com-ს, საბა ლეკვეიშვილი ამბობს, რომ ამ სადეზინფორმაციო საშუალებამ ბევრის მოტყუება შეძლო: ”შარშან ფეისბუქის დახურვასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც ძალიან ბევრმა აიტაცა, მის მიერ იყო გავრცელებული. “Washington Post” და “New York Times”-იც კი მოტყუვდა.”







