საზოგადოება

თანამგზავრზე ”თეოლოგთა კავშირისა” და ”ობიექტივის” დახმარებით

30 აგვისტო, 2011 • 1514
თანამგზავრზე ”თეოლოგთა კავშირისა” და ”ობიექტივის” დახმარებით

აჭარის რეგიონული ტელევიზია ”ტელეარხი 25”–ის თანამგზავრიდან მაუწყებლობას ”თეოლოგთა კავშირისა” და სტუდია ”ობიექტივის” დახმარებით დაიწყებს, სანაცვლოდ კი, მათი სატელევიზიო ბადე აღნიშნული ორგანიზაციების მიერ მომზადებული გადაცემებით დაიტვირთება.

”თეოლოგთა კავშირი” მიმდინარე წლის 23 თებერვალს დაფუძნდა ბათუმში. კავშირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან გამგეობის წევრები: თემურ გორგაძე, რეზო მიქელაძე და გელა გოგიტიძე.
”თეოლოგთა კავშირი” მუსლიმი თეოლოგების მიერაა დაარსებული”, – ამბობს თემურ გორგაძე, ჟურნალ ”ახალი მთვარის” (ჟურნალი მუსლიმანებისთვის, რომელიც თვეში ორჯერ გამოდის) მთავარი რედაქტორი. ცოტა ხნის წინ კი მან სატელეზიო გადაცემების ციკლიც წამოიწყო, სახელწოდებით – ”ყველაფერი ისლამის შესახებ”.
”ამ გადაცემის მიზანი საკმაოდ ნათელია. არის სტერეოტიპები, რომელთა დარღვევასაც ვცდილობთ. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ისლამური სპექტრის უფრო მეტად ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში”, – ამბობს თემურ გორგაძე.
გადაცემა – ”ყველაფერი ისლამის შესახებ” – კვირაში 3-ჯერ უკვე გადის ”25-ე არხზე”, ხოლო მას შემდეგ, რაც აჭარის რეგიონული ტელევიზია თანამგზავრზე გავა, ეს გადაცემა ყოველდღიური გახდება.
გადაცემისთვის ყოველდღიურ სატელევიზიო საეთერო დროს ”თეოლოგთა კავშირი” ყიდულობს. თავად ეს კავშირი შემოწირულობებით ფინანსდება:
”არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ორგანიზაციის ძირითადი შემომწირი არის თურქული მხარე, ჩვენთან ყველაფერი საჯაროა. ანგარიში ”პროკრედიტ ბანკში” გვაქვს, შემომწირავი თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეები არიან. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ამის ნახვა,” – ამბობს თემურ გორგაძე.
საეთერო დროის გაყიდვის შედეგად ”თეოლოგთა კავშირისგან” მიღებული თანხით ”25-ე არხი” სატელიტური მაუწყებლობის ხარჯების დაფარვას აპირებს.

”ამ ორგანიზაციასთან მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს მათი მხრიდან გარკვეული საეთერო დროის აღებას და საზღაურის გადახდას. ისინი სერიოზულ თანხას იხდიან. ჩვენ ვფიქრობთ, ეს საზღაური დაგვეხმარება თანამგზავრზე გასვლის ხარჯების დაფარვაში”,  – ამბობს მერაბ მერკვილაძე, ”25-ე არხის” დირექტორი. იგი არ აკონკრეტებს, კონკრეტულად, რა თანხაზეა ”თეოლოგთა კავშირთან” შეთანხმება მიღწეული, მაგრამ ამბობს, რომ სატელიტური მომსახურების ხარჯების დასაფარად ტელევიზიამ ყოველთვიურად 13 650 დოლარი უნდა გადაუხადოს თურქულ კომპანია ”თურქსატს”.

შესაძლოა თუ არა, რომ ”25-ე არხის” შინაარსზე რაიმე გავლენა მოიპოვოს კონკრეტულმა რელიგიურმა ჯგუფმა, იმის გამო, რომ ტელევიზიას სოლიდურ დაფინანსებას გაუწევს ”თეოლოგთა კავშირი”? – ამ კითხვაზე მერაბ მერკვილაძის პასუხი ასეთია:

”ჩვენ ვართ შეთანხმებული ”თეოლოგთა კავშირთან”, რომ ეთერში არ იქნება პროპაგანდა. ეს იქნება შემეცნებითი საგანმანათლებლო ხასიათის გადაცემა. მათი მოტივაციაა, რომ სრული წარმოდგენა არ აქვს საზოგადოებას ისლამის შესახებ და ერთგვარი ბუას შთაბეჭდილებაა შექმნილი ამ რელიგიის მიმართ. მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და სიამოვნებით დავუთმობ ეთერს სხვა კონფესიის წარმომადგენლებსაც. ეს წმინდა კომერციული შეთანხმებაა”.

მერკვილაძის თქმით, სტუდია ”ობიექტივი”, რომელიც მის ტელევიზიას კონტრაქტორების მოძიების დროს კონსულტაციებით დაეხმარა, დღეში 7-საათიან საეთერო დროს მიიღებს ”25-ე არხზე”, საზღაურის გარეშე, 18 თვის განმავლობაში. მისივე თქმით, კონსულტაციებს  “ობიექტივიდან” ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავთან გადიოდა, რომლებმაც გასული წლის ბოლოს ”საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობა” ჩამოაყალიბეს (მოძრაობა შეიქმნა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ საქმიანობისთვის და ამ ხნის მანძილზე მათ არაერთი საპროტესტო აქცია განახორციელეს).

სატელიტური მაუწყებლობის შედეგად, “ტვ 25”-ის გადაცემების ყურებას სექტემბრიდან ამიერკავკასიის, თურქეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის ნაწილი შეძლებს. არხის ხელმძღვანელობა სამომავლოდ რეგიონული არხის ნაციონალურ არხად გარდაქმნისთვის ემზადება.

დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებელი “ტელეარხი 25” 1993 წელის დაფუძნდა. 2000 წელს, განხორციელებული ზეწოლის შედეგად, ტელევიზია ასლან აბაშიძის დაქვემდებარებაში მოექცა. კომპანიის კანონიერმა მფლობელებმა კი წართმეული საკუთრების უკან დაბრუნება აჭარის რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით ბათუმის საგადასახადო ინსპექციამ ტელევიზიას სოლიდური სახელმწიფო დავალიანება დააკისრა, რამაც სათავე დაუდო მრავალწლიან სასამართლო დავას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ. ოფიციალურად, აღნიშნული დავა გახდა პრეზიდენტის მიერ გასულ წელს ინიცირებული კანონპროექტის მიღების საფუძველი, რის შედეგადაც გამოცხადდა საგადასახადო ამნისტია ტელევიზიებისთვის და მაუწყებლებს, მათ შორის ”25-ე არხსაც”, სრულად ჩამოეწერათ წინა წლებში დაგროვილი საგადასახადო დავალიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი