საზოგადოება

პოლიტიკა თუ არასწორი მენეჯმენტი – ბაღების ყოფილი დირექტორები სასამართლოს მიმართავენ

24 მარტი, 2016 • 2350
პოლიტიკა თუ არასწორი მენეჯმენტი – ბაღების ყოფილი დირექტორები სასამართლოს მიმართავენ

მოლაპარაკება თბილისის საბავშვო ბაღებიდან დათხოვნილ დირექტორებსა და ბაგა-ბაღების სააგენტოს შორის უშედეგოდ დასრულდა. დირექტორთა ნაწილი სააგენტოს გადაწყვეტილებას მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს. მათ ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) დაიცავს.

დღეს დილით, სასწავლო პროცესი დაწყებამდე, თბილისის რამდენიმე საბავშვო ბაღში საპროტესტო აქციები გაიმართა. მშობლებმა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა ყოფილი დირექტორების თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვეს. ბაღების ადმინისტრაციების ინფორმაციით,  სასწავლო პროცესი მალევე აღდგა.

საბავშვო ბაღების ყოფილი დირექტორების განცხადებით, მათი თანამდებობიდან გათავისუფლება უსამართლოდ, აუდიტის სამსახურის მიერ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე მოხდა. თბილისის ბაღების სააგენტო მათ თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და სამუშაოს არაჯეროვნად შესრულებაში ადანაშაულებს, რაც სააგენტოს აზრით, დაკავებულ თანამდებობასთან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობაზე მიუთითებს.

როგორც N6 საბავშვო ბაღის ყოფილი დირექტორი, თამარ ბაქრაძე აცხადებს, მან უკვე მიიღო გადაწყვეტილება და იურისტებთან შესაბამისი კონსულტაციის შემდეგ აპირებს, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბრძანება სასამართლოში გაასაჩივროს. ბაქრაძის თქმით, მას გათავისუფლების შესახებ ოფიციალურ ბრძანებამდე გაფრთხილება არ მიუღია.

მისთვის ასევე გაუგებარია თბილისის მერიის 23 მარტის განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებულ დირექტორებს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავთ:

“არასდროს ვყოფილვარ ჩართული რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესში და არც არასდროს არ მითქვამს, რომ პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლეს. პოლიტიკურ საფუძველზე ლაპარაკობს მხოლოდ მერია, არც ერთ ჩვენგანს პოლიტიკური საფუძველი არ გვიხსენებია. რატომ ხდება ამაზე აპელირება, უბრალოდ, ვერ ვხვდებით. რატომ უნდათ, რომ გადაიყვანონ ამ ჭრილში? ჩვენ ეს არც ერთს გვინდა,” – აცხადებს თამარ ბაქრაძე.

N215 ბაღის ყოფილი დირექტორი ხატია ლაშქარიშვილი კი დარწმუნებულია, რომ თბილისის მერია თავად ცდილობს საკითხის პოლიტიზებას.

“იმდენად აპოლიტიკური ადამიანები ვიყავით, რომ ჩათვალეს, პოლიტიკურად ვერ გამოგვიყენებდნენ. ჩვენ არანაირად არ გვიცდია საქმის ამ კუთხით გახილვა. სამწუხაროდ, მერიისათვის არ აღმოვჩნდით მართვადი დირექტორები,” – ამბობს ლაშქარიშვილი.

მისი გათავისუფლების დასკვნაშიც მითითებულია თანხის არასწორი ხარჯვა. ხატია ლაშქარიშვილი აცხადებს, რომ თანხის მსგავსი გადანაწილების პრინციპი სააგენტოსთან ერთად დაიგეგმა:

“მე პირადად მაქვს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წერილი, რომელშიც გარკვევით წერს თემურ თორდინავა, რომ თუ თანხა დარჩება კვებიდან, ბაღს შეუძლია გადაანაწილოს საჭიროებისამებრ.”

2015 წლის ივლისში ჩატარებული რევიზიის შემდეგ N215 ბაღის ყოფილმა დირექტორმა საყვედური მიიღო, რომელიც საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა და საქმის განხილვა ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა მის გათავისუფლების საფუძვლად გასულ წელს მიღებული საყვედურიც არის დასახელებული.

“სასამართლოს არ დაუდგენია, რამდენად სწორად მივიღე მაშინ საყვედური. ახლა კი ჩემი გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად დასკვნაში მითითებულია ეს საყვედური. რადგან მქონდა საყვედური, მე ვექვემდებარები გათავისუფლებას. ჯერ არავინ იცის, მაშინ მე ის დავიმსახურე თუ არა,” – ამბობს ხატია ლაშქარიშვილი.

თბილისის მერიაში კი განმარტავენ, რომ ბაღებში ინსპექტირება ჩაატარა როგორც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, ასევე, თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა, რის შედეგადაც გამოიკვეთა დარღვევები, მათ შორის: ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ზედმეტად ჩამოწერა, საკვები პროდუქტისათვის მოთხოვნილი თანხების სააგენტოსთან შეუთანხმებლად სამეურნეო ხარჯების დასაფინანსებლად გამოყენება და სხვა.

“სააგენტოს წესდების თანახმად კი, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი,” – აცხადებენ თბილისის მერიაში.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კი მოუწოდებს ბაგა-ბაღების ყველა თანამშრომელს, “ნუ შეუქმნიან მშობლებს დისკომფორტს თავიანთი უპასუხისმგებლო საქციელით”.

სააგენტო აფრთხილებს ყველა თანამშრომელს, რომ თუ კიდევ გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესის ჩაშლის მცდელობა, ნებისმიერი თანამშრომელი აგებს პასუხს საბავშვო ბაღის წესდებისა და შინაგანაწესის შესაბამისად.

საპროტესტო აქციები 24 მარტს თბილისის N2, N6, N83, N90, N92 და კიდევ რამდენიმე ბაღში გაიმართა.

თამარ ბაქრაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის თანამდებობა 9 ბაგა-ბაღის დირექტორს დაატოვებინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი