საზოგადოება

დევნილების უძილო ღამე გამოსახლებამდე [Video]

18 ივლისი, 2011 • 1589
დევნილების უძილო ღამე გამოსახლებამდე [Video]

18 ივნისის ღამეს თბილისის 204–ე ბაგა– ბაღში მცხოვრებ დევნილებს  არ ეძინათ. ისინი დილის 7 საათზე სამართალდამცავებს ელოდნენ.

17 ივნისს იქ მცხოვრებ ყველა დევნილ და სოციალურად დაუცველ ოჯახს პოლიციელებმა ინდივიდუალური წერილობითი გაფრთხილება მიუტანა, რომლის თანახმადაც მათ შენობაში ყოფნის ბოლო ვადად 18 ივნისის დილის 7 საათი განესაზღვრათ. რამდენიმე მცხოვრებმა აღნიშნული გაფრთხილება, როგორც თვითონვე თქვეს, დახიეს და დოკუმენტის ნაკუწები პოლიციელებს შეაყარეს.

უძილო ღამის ერთი ნაწილი ბაგა–ბაღში მცხოვრებმა ქალებმა და ბავშვებმა ეზოში გაატარეს. მამაკაცები კი, როგორც ქალებმა თქვეს, ღამის გასათევად ნათესავებთან და ახლობლებთან წავიდნენ, რადგან დილით მოსულ სამართალდამცავებთან შესაძლო კონფლიქტი და კონფლიქტის შედეგად მათი დაპატიმრება თავიდან აეცილებინათ. თუმცა, ღამის განმავლობაში რამდენიმე მათგანი სახლში მაინც დაბრუნდა და ქალების დაჟინებული მოთხოვნების შემდეგ შენობა ისევ დატოვა.

მოგვიანებით დევნილებმა შენობის რკინის გისოსიანი კარი გასაღებით ჩაკეტეს და შენობის ვიწრო კორიდორში გადაინაცვლეს, სადაც უკვე დილამდე ძველ მატრასებზე ისხდნენ და დილისთვის სამოქმედო გეგმებს განიხილავდნენ.

რამდენიმე საათის განმავლობაში ძირითადად ასეთი წინადადებები ისმოდა: “არც ერთ შემთხვევაში კარი არ უნდა გავხსნათ; თუ საჭიროა ვიშიმშილებთ კიდეც; არ დავთმობთ სახლებს და ა.შ.”

ყოფილი ბაგა–ბაღის შენობაში დაახლოებით 30–მდე მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდა. მათგან ყველაზე პატარა 20 დღის იყო.

ერთ–ერთმა ოჯახმა თავისი სამი შვილი აფხაზეთში, ნათესავებთან გაგზავნა.

“არ მიღირს ეს სორო იმად, რომ ჩემმა შვილებმა იმას უყურონ, რაც შეიძლება ხვალ დილით მოხდეს აქ. ვერ დავუშვებ, რომ ბავშვების ფსიქიკა დაზიანდეს. ისედაც ძალიან ითრგუნებიან, რომ არ აქვთ საკუთარი ოთახები და უკვე სამი წელია ტუალეტი ექვს ოჯახს საერთო გვაქვს. როგორმე იქნებ ვიქირაოთ იაფფასიანი ბინა, არ ვიცი”, –ამბობს დიანა ლეჟავა.

ლეჟავას ხუთწევრიან ოჯახს ორი პატარა ოთახი ჰქონდა ბაგა–ბაღში. ეს ოთახები გამოიყენებოდა საძინებლებად, მისაღებად და სამზარეულოდ. საძინებელში დამონტაჟებული სარეცხი მანქანა კი ერთადერთი ძვირფასი ნივთი იყო მთელ სახლში, რომლის გამოც დიანა მთელი ღამე წუხდა,  მისი დემონტაჟის დროს შემთხვევით რომ არ დაეზიანებინათ.

როდესაც ცოტა ხნით უფროსებმა  ბავშვები დააძინეს, თვითონ ყავის ხარშვას შეუდგნენ– “დილამდე თვალი არ უნდა მოვხუჭოთ, ვაითუ ღამით დაგვადგეს პოლიციაო”.

დილიდანვე უფროსებმა ბავშვებს უკვე გამზადებული სანთლები დაანთებინეს და მათთან ერთად მამაო ჩვენო გისოსებიან კართან რამდენჯერმე წაიკითხეს.

7– ის ნახევრისთვის ბაგა–ბაღის შენობასთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ერთ–ერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელი მივიდნენ.

მალევე ბაგა–ბაღთან დაახლოებით 100 –მდე პოლიციელი გამოჩნდა, რომლებიც იქვე, რამდენიმე მეტრში მდებარე ახალაშენებული პოლიციის გამჭვრივალე შენობიდან გამოვიდნენ. მათ დანახვაზე ქალებმა და ბავშვებმა იკივლეს.

შემდეგ შენობასთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც მოვიდნენ. მათი დანახვის შემდეგ უფროსებმა ბავშვები კართან დააყენეს და უთხრეს, მთელი ხმით იყვირეთ “გვიშველეთ, გვიშველეთო”.

ბავშვები რამდენიმე წუთის განმავლობაში შეუჩერებლად, ხმამაღლა ტიროდნენ  და ყვიროდნენ, “გვიშველეთ, გვიშველეთ”.

ბავშვების ტირილსა და შეძახილებს დროდადრო უფროსების მუქარები ცვლიდა. ზოგიერთი მათგანი გარეთ მყოფ პოლიციას აფრთხილებდა, რომ მათთან შემოჭრის შემთხვევაში ისინი ბენზინს გადაისხამდნენ და თავებს დაიწვავდნენ. ბენზინით სავსე რამდენიმე ნახევარლიტრიანი  ბოთლი იქვე მაგიდაზე გამზადებული ეწყოთ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი