საზოგადოება

დევნილების გამოსახლება [Video]

18 ივლისი, 2011 • 2132
დევნილების გამოსახლება [Video]

13.26

შენობა ვარკეთილში, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ, ამ დროისთვის დაცარიელდა. მიმდებარე ტერიტორია დატოვეს პოლიციელებმა და დევნილებმა. ამჟამად შენობასთან  მხოლოდ დაცვის  რამდენიმე თანამშრომელი იმყოფება.

12.55

ვიდეომასალა, რომელიც ნეტგაზეთის რეპორტიორმა ნინო კახიშვილმა ვარკეთილში  დევნილების გამოსახლებისას  გადაიღო.

 

11.38

ვარკეთილში მდებარე ბაგა–ბაღის შენობიდან დევნილების ნივთები გამოაქვთ. როგორც რამდენიმე დევინლმა განუცხადა “ნეტგაზეთს”, მათ არ იციან, სად მიაქვთ მათი ნივთები. ზოგიერთი ამბობს, რომ ნივთების შენახვას თბილისში, ახლობლებთან აპირებს.

11.37

204–ე ბაგა–ბაღის შენობიდან გამოსახლებისას დაშავებულია 45 წლის ნინო ჩხარტიშვილი–ნაკაიძე, რომელიც ამ დროისთვის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.  როგორც საავადმყოფოს მიმღებში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, დევნილმა სავარაუდოდ ინსულტი მიიღო.

11.24

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

“იმ დევნილებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართი არ გააჩნიათ და თბილისში სხვადასხვა ობიექტებში უკანონოდ არიან შეჭრილები, სამინისტრო რეგიონებში გარემონტებულ ფართებს საკუთრებაში სთავაზობს.

თბილისში მდებარე 4 შენობაში დევნილები ბოლო 2 წლის მანძილზე შეიჭრნენ და თვითნებურად ცხოვრობენ. მათ სამინისტრო ფართებს კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში სთავაზობს. მითუმეტეს, რომ ამ დევნილთა დიდი ნაწილი ბოლო 2 წლის განმავლობაში სწორედ სამეგრელოდანაა ჩამოსული. დევნილთა ნაწილი კი სახელმწიფოს მხრიდან ერთხელ უკვე დაკმაყოფილებულია და, შესაბამისად, მათი ხელმეორედ დაკმაყოფილება ვერ მოხდება.

ბინების საკუთრებაში გადაცემის პარალელურად, სამინისტრო დევნილებს ადგილზეც ეხმარება: ურიგებს მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ეხმარება მათ დამუშავებაში და ასევე არსებობს სპეციალური პროექტები, რომელიც დევნილებს ხელს უწყობს, საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ.

10.15

უზნაძის ქუჩის 8 ნომრიდან დასრულდა დევნილთა გამოსახლება, რომელიც მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.  დევნილებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ სამართალდაცავებისთვის, თუმცა არც ერთი არ დათანხმდა დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ საცხოვრებლებს საქართველოს რეგიონებში. დევნილებმა ბარგი ახლობლებთან გადაიტანეს.

10.04

ამ წუთებში შედარებით სიმშვიდეა ვარკეთილში, 204–ე ბაგა–ბაღის ყოფილ შენობაში, საიდანაც მიმდინარეობს დევნილების გამოსახლება.  ზოგიერთ დაშავებულ დევნილს ადგილზევე ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. ერთი ქალბატონი სასწრაფო დახმარების მანქანამ საკაცით გადაიყვანა.  შენობასთან შეკრებილი არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები, ასევე, მოქალაქეები და  „კონსერვატიული პარტიის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი.

09.20

ამ წუთებში დევნილებს სამართალდამცავები ძალის გამოყენებით ატოვებინებენ  ვარკეთილში მდებარე 204 ბაგა –ბაღის შენობას.

სამართალდამცავებმა  კარის გასაჭრელი მოწყობილობა მიიტანეს, რათა შენობის კარი, რომელიც დევნილებმა აჭედეს, გაეხსნათ.  სწორედ ამ დროს  დევნილებმა სამართალდამცავებს  წინააღმდეგობა გაუწიეს და ბოთლებით ბენზინი შეასხეს. ზოგიერთ პოლიციელს ბენზინი სახეში შეესხა.

შენობაში პოლიციელები  უკანა მხრიდანაც შევიდნენ.  ამ წუთებში დევნილები შენობიდან გამოყავთ. მობილიზებულია სასრაფო დახმარების მანქანები.

ერთ–ერთ დაშავებულ დევნილს  „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი ნინო კახიშვილი იღებდა, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შენობა დაატოვინეს.

09.00

დევნილების გასახლება–უზნაძის ქუჩა
დევნილების გასახლება–უზნაძის ქუჩა

დევნილების გამოსახლება უზნაძის ქუჩის 8 ნომრიდან  დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.  პოლიციას გადაკეტილი აქვს მიმდებარე ტერიტორია.  ჟურნალისტებს არ აძლევენ საშუალებას,  მივიდნენ მოვლენის ადგილას და გაესაუბრონ დევნილებს, თუმცა დევნილებთან შესვლა და გასაუბრება მოახერხეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორებმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლებმა.

დევნილები სამართალდამცავებს არ უწევენ წინააღმდეგობას, თუმცა, ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ისინი არ დათანხმდნენ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შეთავაზებულ საცხოვრებელ ფართებს საქართველოს რეგიონებში და  თბილისში დარჩენას აპირებენ.

უზნაძის 8 ნომერში იმყოფება დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელი, თუმცა „ნეტგაზეთს“ არ მიეცა მასთან გასაუბრების საშუალება, რადგან მიმდებარე ტერიოტორიაზე  სამართალდამცავები ჟურნალისტებს არ უშვებენ.

 

07.22

ბაგა–ბაღის  შენობაში რამდენიმე ბავშვი ცუდად გახდა და ისინი ფანჯრიდან გაიყვანეს. “ნეტგაზეთის” რეპორტიორი ნინო კახიშვილი იუწყება, რომ დევნილები პანიკაში არიან და ამბობენ, რომ “დაიწვავენ თავს და არ დატოვებენ შენობას”.

07.15

ცუდად გახდა ბაგა–ბაღში ერთ–ერთი ორსული ქალი. ის ეზოში ფანჯრიდან გაიყვანეს, სადაც  სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა.

06. 50

სამართალდამცავები არიან მობილიზებული თბილისში, ვარკეთილის 204–ე ბაგა–ბაღის შენობაში. იქ  მცხოვრებ დევნილებს შენობის დაცლის ვადა დღეს დილით, 07.00 საათზე, ამოეწურათ. დევნილები არ აპირებენ შენობის დატოვებას. მათ შენობის  კარი შიგნიდან აქვთ აჭედილი და სამართალდამცავების შეშვებას არ აპირებენ.

მათთან ერთად შენობის შიგნით იმყოფება „ნეტგაზეთის“ რეპორტიორი და უახლოეს ცნობებს ოპერატიულად მოგაწვდით.

ამჟამად შენობაში ძირითადად მხოლოდ ქალები და ბავშვები იმყოფებიან. მამაკაცებმა, დევნილების თქმით, სამართალდამცავებთან კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით შენობა წუხელ დატოვეს.

დევნილებმა წუხელ, მთელი ღამე სამართალდამცავების მოლოდინში ფეხზე გაატარეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბაგა–ბაღში მცხოვრები დევნილები 10 დღის წინ გააფრთხილეს. მათ აუწყეს, რომ ეძლევათ ათდღიანი ვადა და 18 ივლისს საცხოვრებლები უნდა დაცალონ.

სამინისტროს მიერ შეთავაზებულ სოფლებზე უარს საბავშვო ბაღის ყოფილ შენობაში მცხოვრები თორმეტივე ოჯახი ამბობს. ისინი აცხადებენ, რომ გარემოს ხელახლა შეცვლას, გაურემონტებელი საბავშვო ბაღი ურჩევნიათ.

აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები 204–ე ბაგა–ბაღში 2008 წლის აგვისტოში შესახლდნენ. იქამდე, როგორც თავად ამბობენ, ქირით ან ნათესავებთან ცხოვრობდნენ.

ამავე შენობაში მცხოვრები ხუთი ოჯახი სოციალურად დაუცველთა სტატუსით სარგებლობს. ისინი დევნილები არ არიან. მათ საცხოვრებლებს სოფლებშიც არც  სთავაზობენ. მათი თქმით, მათ პრობლემას საცხოვრებელთან დაკავშირებით თბილისის მერია უნდა წყვეტდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი