სამართალი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩია

4 მარტი, 2016 • 2102
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ გიორგი მიქაუტაძე აირჩია

დღეს, 4 ამარტს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე აირჩია.

გიორგი მიქაუტაძეს მხარი საბჭოს 12-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო ერთი – ვახტანგ მჭედლიშვილი წინააღმდეგი იყო. დღვანდელ სხდომაზე საბჭომ აირჩია საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარები: სისხლის კოლეგიის თავმჯდომარეა გიორგი ებანოიძე, საქალაქო კოლეგიის – სერგო მეთოფიშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე გამოეხმაურა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ გიორგი მიქაუტაძის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე არსებობს კითხვები. და განაცხადა, რომ მისი სურვილია, სასამართლო ჩამოშორდეს პოლიტიკას.

“მე მინდა რომ სასამართლო ჩამოშორდეს პოლიტიკას. ოპოზიციური პარტიები გვაკრიტიკებენ, რომ მოსამართლეს მიღებული აქვს ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილება. ხელისუფლების წარმომადგენლები გვაკრიტიკებენ, რომ სასამართლოს მიღებული აქვს ოპოზიციის სასარგებლო გადაწყვეტილება. მოსამართლის გადაწყვეტილება უნდა იყოს კანონიერი”, – განაცხადა მურუსიძემ.

საბჭოს მდივნის თქმით, მიქაუტაძე არის ღირსეული ადამიანი.

გიორგი მიქაუტაძემ საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბევრი რამაა გასაკეთებელი.

“საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობა არ არის პრივილეგია. ეს პირველ ყოვლისა არის დიდი პასუხისმგებლობა. არის ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლოში არსებობს პრობლემები და აუცილებლად იმუშავებენ მათ გამოსწორებაზე: გადასახედია საქმეთა განაწილების წესი, აპარატის ფუნქციები.

მიქაუტაძემ ამ თანამდებობაზე მამუკა ახვლედიანი შეცვალა, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაათავისუფლა თანამდებობიდან. ახვლედიანი მის გათავსიუფლებას უკანონოდ მიიჩნევს და ამ ფაქტს სასამართლოში ასაჩივრებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი