სამართალი

გირგვლიანის საქმის გაგრძელება

19 მაისი, 2011 • 1744
გირგვლიანის საქმის გაგრძელება

რა სამართლებრივი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე « ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ » ?

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული მექანიზმის ეფექტურობა არსებითად ეფუძნება ორ ინსტიტუტს: ევროსასამართლოს – საერთაშორისო იურისდიქციის მქონე სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს ინდივიდუალური და სახელმწიფოთაშორისი საჩივრები კონვენციის და/ან მისი ოქმების დარღვევის თაობაზე და მინისტრთა კომიტეტს – ევროსაბჭოს მთავარი პოლიტიკური ორგანო, რომელსაც კონვენცია ანიჭებს სპეციფიკურ და ძალიან მკაფიო კომპეტენციას – ზედამხედველობა გაუწიოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება, როგორც ხელშემკვრელი მხარეების მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის ერთ-ერთი ასპექტი, ნაკლებად ცნობილია საზოგადოებისათვის, მაგრამ მას უჭირავს უმნიშვნელოვანესი ადგილი ადამიანის უფლებათა ევროპული პოლიტიკის არქიტექტურაში. სწორედ გადაწყვეტილებათა აღსრულების ფაზაში ხდება სისტემის ეფექტურობის გამოცდა – განსაზღვრა იმის, თუ რა შედეგი მოჰყვება უფლების დარღვეულად ცნობას, უფლების დარღვეულად აღიარებას.

“სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება კომპლექსური იურიდიული და პოლიტიკური პროცესია” (საპარლამენტო ასამბლეა, რეზოლუცია 1516 (2006).  ვიდრე უშუალოდ შევეხებოდეთ აღსრულების პროცესს, მიზანშეწოლია რამდენიმე წინასწარი განმარტების გაკეთება იმის თაობაზე, თუ რა არის რეალურად ევროსასამართლოს კომპეტენცია, რას შეიძლება ველოდეთ გადაწყვეტილებიდან : დაადგინოს/უარყოს კონვენციით/ოქმით გათვალისწინებული შესაბამისი მუხლის დარღვევა და მიაკუთვნოს მომჩივანს თანხობრივი კომპენსაცია (მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების, ასევე, გაწეული ხარჯების სახით) კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული პირობის არსებობის შემთხვევაში (სამართლიანი დაკმაყოფილება). მიუხედავად ზემოთქმულისა, სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე, ევროსასამართლო არ არის უფლებამოსილი, გააუქმოს ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონი, დამნაშავედ სცნოს რომელიმე კერძო პირი და ა.შ. ევროსასამართლო არ ავალებს სახელმწიფოს ადმინისტრაციული პრაქტიკის შეცვლას და არც რაიმე სახის რეკომენდაციას აძლევს.

ამდენად, ევროსასამართლო სახელმწიფოს არ უსაზღვრავს იმ კონკრეტულ ზომას, ღონისძიებებს, რომელთა მიღებამიც სახელმწიფოს მიერ უნდა განაპირობოს კონვენციით გათვალისწინებული უფლების დარღვევის გამოსწორება, თუმცა, სახელმწიფოთა ეს თავისუფლება ულიმიტო არ არის – კონვენცია აწესებს სათანადო იურიდიული ვალდებულების შემცველ მექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს ხელშემკვრელი მხარის მიერ გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებას, რომლის საშუალებები უფრო და უფრო კონკრეტული ხდება.

გადაწყვეტილების აღსრულება არის დარღვეული უფლების აღდგენის დასკვნითი, კოლორალური ფაზა, რომლის გარეშეც უფლების დამდგენი დოკუმენტი მხოლოდ დეკლარაციულ ხასიათს შეიძენდა. განსხვავებით სხვა ტიპის დოკუმენტებისგან (მაგ. რეკომენდაცია, რომელიც მხედველობაში მისაღებ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს წარმოადგენს), სასამართლო გადაწყვეტილებები წარმოადგენენ იურიდიული მნიშვნელობის მქონე აქტებს, რომელთა იურიდიული ხასიათი განაპირობებს მათ სავალდებულობას სამართალწარმოების სუბიექტებისათვის.

ევროსაბჭოს სისტემაში, მას შემდეგ, რაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გახდება საბოლოო, სრულდება პროცედურის პირველი, წმინდა იურიდიული ხასიათის პროცედურა და იწყება მეორე – საერთაშორისო-სამართლებრივი და ამავდროულად საერთაშორისო-პოლიტიკური პროცედურა, რომელიც მიზნად ისახავს გადაწყვეტილების აღსრულებას. ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების საფუძველი მოცემულია კონვენციის 46 $1 მუხლში : მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ, დაემორჩილონ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეებზე, რომლებშიც ისინი მხარეს წარმოადგენენ. ამდენად, გადაწყვეტილების აღსრულების  სავალდებულო ძალა განისაზღვრება სახელმწიფოსათვის, რომელიც საქმეში მხარე იყო.

კონვენციის 46 $ 2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ეგზავნება მინისტრთა კომიტეტს, რომელიც ზედამხედველობს მის აღსრულებას. საბოლოო გადაწყვეტილებაში, იგულისხმება გადაწყვეტილება, რომელიც ასეთად მიიჩნევა კონვენციის 44-ე მუხლის შესაბამისად (პალატის გადაწყვეტილება ძალაში შედის, თუკი ის სამი თვის განმავლობაში არც ერთმა მხარემ არ გაასაჩივრა). მინისტრთა კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები. მინისტრთა კომიტეტი ევროსაბჭოს მთავარ პოლიტიკურ ორგანოს წარმოადგენს. მინისტრთა კომიტეტის წესების მიხედვით (მიღებულია მინისტრთა კომიტეტის მიერ 2006 წლის 10 მაისს 964-ე სესიის დროს), გადაწყვეტილებათა აღსრულებისა და მეგობრული მორიგების შესახებ, 6 $ 1 მუხლის მიხედვით, კომიტეტი სთხოვს შესაბამის ხელშემკვრელ მხარეს, აცნობოს მიღებულ ზომათა შესახებ ან რომლებსაც აპირებს მიიღოს გადაწყვეტილების შემდეგ იმ ვალდებულების შესასრულებლად, რომელიც მოითხოვს დაემორჩილოს გადაწყვეტილებას, კონვენციის 46 $ 1 მუხლის შესაბამისად.

სახელმწიფოებს აქვთ დიდი თავისუფლება მათ ხელთ არსებულ საშუალებებს შორის, რათა შეაჩერონ, შეწყვიტონ და აღადგინონ უფლების დარღვევა, თუმცა ეს თავისუფლება ულიმიტო არ არის და პარალელურ რეჟიმში ხორციელდება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობასთან (რომელსაც დახმარებას უწევს  გადაწყვეტილებათა აღსრულების სამსახური), რომელიც აფასებს ამ ზომათა  შესაბამისობას სასამართლოს დასკვნებთან (იხ.Scozzari et Giunta იტალიის წინააღმდეგ 13.07.2000), რათა აღსრულება იმ შედეგების მომტანი იყოს, რაც სასამართლოს სურდა.

პასუხი იმაზე, თუ რომელი ღონისძიება უნდა იქნას მიღებული სახელმწიფოს მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით (განსხვავებით თანხობრივი კომპენსაციისა, რომელიც მკაფიოდ განისაზღვრება ევროსასამართლოს მიერ), უნდა მივიღოთ თავად ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები დასაბუთებულია – ევროსასამართლო მკაფიოდ ახდენს იმ შეუსაბამობათა იდენტიფიცირებას, რომლებიც დაედო საფუძვლად ევროსასამართლოს მიერ კონვენციის შესაბამისი მუხლის დარღვეულად ცნობას. სწორედ ამ იდენტიფიცირებულ პრობლემებში უნდა იქნას მოძიებული კონვენციის დარღვევის საპასუხო, შემხვედრი ზომები.

როგორც წესი, ნამდვილად დემოკრატიული სახელმწიფობი, რომლებიც გამოირჩევიან ადამიანის უფლებათა დაცვის მონდომებით, ნებაყოფლობით იღებენ ზომებს გადაწყვეტილების აღსასრულებლად, ახდენენ საკანონმდებლო ცვლილებებს, იწყებენ ხელახალ ძიებას – წესიერ მთავრობებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული მოწოდება, დაიცვან ადამიანის უფლებები და შეასრულონ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ ამოძრავებთ სურვილი, გამოასწორონ მომჩივნის დარღვეული უფლება.

იმ შემთხვევაში, თუკი მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ ხელშემკვრელი მხარე თავს არიდებს გადაწყვეტილების აღსრულებას, კონვენციის 46 $ 4 მუხლის შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტი უფლებამოსილია, მიმართოს ევროსასამართლოს, რათა ამ უკანასკნელმა იმსჯელოს შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის მიერ კონვენციის პირველი მუხლის უპატივცემლობის საკითხზე გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო. ეს მუხლი ითვალისწინებს სახელმწიფოს ვალდებულებას, უზრუნველყოს ყველასათვის ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც მოცემულია კონვენციაში. კონვენციის 46 $ 5 მუხლის მიხედვით, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ სახელმწიფო არ დაემორჩილა გადაწყვეტილებას, ის საქმეს გადასცემს მინისტრთა კომიტეტს მისაღები ზომების განსაზღვრის მიზნით. როგორც უკიდურესი ზომა პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის, მინისტრთა კომიტეტი უფლებამოსილია, ევროსაბჭოს სტატუტის (5 მაისი, 1949წ.) მე-8 მუხლის საფუძველზე შეუჩეროს ხმის უფლება წევს სახელმწიფოს ან გარიცხოს წევრობიდან.

მიზანშეწინილია მიმოვიხილოთ, უშუალოდ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) უპატივცემლობიდან გამომდინარე, მინისტრთა კომიტეტის პრაქტიკა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს  გარკვეული მონახაზი შევქმნათ ევროსასამართლოს გადაწყვეტიების აღსრულებაზე ისეთი მნიშვნელობის მქონე საქმეზე, როგორიცაა “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ” (2011 წლის 26 აპრილი) და რომლის აღსრულების საშუალებებზე, განსაკუთრებით საქმის ხელახლა გამოძიებასთან დაკავშირებით რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა.

მინისტრთა კომიტეტი განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალყურს სიცოცხლის უფლების უპატივცემლობის საქმეებზე ხელახალი ძიების წარმოებას, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა თურქულ (Kaya თურქეთის წინააღმდეგ და სხვა 205 საქმე) და რუსულ (CM/Inf/DH (2006)32 révisé, CM/Inf/DH (2008)33 et CM/Inf/DH(2008)33 addendum  CM/Inf/DH(2010)26)  საქმეებზე. ისინი ეხება არა მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებშიც დადგენილია სიცოცხლის უფლების უპატივცემლობა არსებით ნაწილში, არამედ – მხოლოდ პროცედურულ ნაწილშიც (იხ. საქმე 33097/96 – Bati  და სხვები თურქეთის წინააღმდეგ; იხ. ასევე საქმე 32478/02, 04/04/2006 Shevchenko უკრაინის წინააღმდეგ). სიცოცხლის უფლების უპატივცემლობასთან დაკავშირებულ ამ საქმეებზე ევროსასამართლოს მიერ არ ყოფილა მოთხოვნილი საქმის წარმოების განახლება (ისევე, როგორც მართალია სხვა მუხლით, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებში: Davtiani  საქართველოს წინააღმდეგ 27/07/2006; Danelia საქართველოს წინააღმდეგ 17/10/2006 ; Gharibashvili საქართველოს წინააღმდეგ 29/07/2008, რომლებზეც მინისტრთა კომიტეტმა მოსთხოვა საქართველოს საქმის ხელახალი გამოძიება. მიუხედავად ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის არარსებობისა, სიცოცხლის უფლების პროცედურული ვალდებულების დარღვევის არსიდან გამომდინარე, იგი ყველაზე ადეკვატურ საშუალებად მიიჩნევა (იხ.Gongadze უკრაინის წინააღმდეგ, საქმე 34056/02 08/11/2005-08/02/2006, რომელშიც მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის უფლების როგორც არსებითი, ისე პროცედურული ნაწილი იქნა დარღვეულად მიჩნეული, ევროსასამართლოს არ მიუთითებია წინასწარი გამოძიების განახლების ვალდებულებაზე და რომელშიც უკრაინა მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული ორი რეზოლუციის საფუძველზე ახორციელებს საქმის ხელახალ ძიებას). შუალედურ რეზოლუციაში, რომელიც მიღებული იქნა ღონღაძის საქმეზე მინისტრთა კომიტეტის მიერ (CM/ResDH (2008)35), მითითებულია: “მინისტრთა კომიტეტის კარგად აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ხელშემკვრელ სახელმწიფოს აქვს განგრძობადი ვალდებულება, აწარმოოს ეფექტური გამოძიება იქ, სადაც მე-2 მუხლის პროცედურული დარღვევა იქნა დადგენილი”.  ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმის წარმოების განახლების ვალდებულება არ უკავშირდება მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც სიცოცხლის უფლების დარღვევის სუბიექტებად სახელმწიფო მოხელეები გვევლინებიან მათი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში – ეს ვალდებულება არსებობს იმ შემთხვევაშიც, როდესაც სიცოცხლის უფლების პროცედურული დარღვევა უკავშირდება კერძო პირებს (იხ. მაგალითად, Angelova et Iliev ბულგარეთის წინააღმდეგ, საქმე 55523/00, 26/07/20078; იხ. Mikayil Mammadov აზერბაიჯანის წინააღმდეგ, საქმე 4762/05, 18/12/2009 – 17/03/2010. ამ უკანასკნელ საქმეში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ ასევე მიიღო  გადაწყვეტილება საქმის წარმოების განახლების შესახებ).

საქმეზე “ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს” წინააღმდეგ, რომელშიც ევროსასამართლომ დარღვეულად სცნო სიცოცხლის უფლება, მკაფიოდ მოახდინა იმ პრობლემათა იდენტიფიცირება, რომელთა გამოც მივიდა ამ დასკვნამდე. ევროსასამართლომ მკვეთრად განსაზღვრა სიცოცხლის უფლების უპატივცემლობის მიზეზები : გამოძიების გამო, რომელიც წარმოებდა შსს-ში, პროკურატურასა და სასამართლოში, მათ შორის ოქმების გაყალბების გამო გამომძიებელთა მიერ (ვალერი ლაცუზბაია და ალექსანდრე მგელაძე), რომლებიც არ ასახავდა სიზუსტით მოწმეთა ჩვენებებს ; დანაშაულის ღამეს შარდენ-ბარის სუფრის წევრების (ქ-ნი თაკო სალაყაია-მერაბიშვილი, ბატონები : ვასილ სანოძე, გურამ დონაძე, დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი) კავშირის შესახებ არასაკმარისი ძიების გამო იმ პირებთან, რომლებიც ცნობილ იქნენ დამნაშავედ ; ოთხი მსჯავრდებულის (ბატონები : გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე) კომფორტულ საპატიმრო პირობებში ყოფნისა და მათი შემდგომი შეწყალების გამო პრეზიდენტის მიერ. ამდენად, სავარაუდოდ, მინისტრთა კომიტეტი მოითხოვს იმ პირთა პასუხისმგებლობას, რომელთა უშუალო როლი გამოიკვეთა სიცოცხლის უფლების უპატივცემლობასთან დაკავშირებით, მათ შორის ძიების პერიოდში  სიმართლის დადგენისათვის ხელის შემშლელთა მიმართ ; შარდენის ბარის სუფრის წევრების კავშირის დადგენას დანაშაულის ღამეს ოთხ მსჯავრდებულთან ; ოთხი მსჯავრდებულის მიერ სასჯელის ბოლომდე მოხდას  (და არა მათ ხელახლა გასამართლებას) და სხვა. ევროსასამართლოს მიერ კონვენციის დარღვეულად მიჩნეულ გარემოებათა ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია საქმის ხელახალი გამოძიების გარეშე ამ დარღვევათა აღმოფხვრა. შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, უნდა ველოდოთ ამ საქმის გამოძიების განახლების შესახებ მოთხოვნას, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იქნას ეფექტური გამოძიების წარმართვისათვის საჭირო პირობები, მათ შორის – პირებმა, რომელთა შეთანხმებულ მოქმედებაზე ევროსასამართლომ გაოგნება გამოხატა, ვერ უნდა შეძლონ ხელის შეშლა ძიების ეფექტურად წარმართვისათვის.

სავარაუდოდ, საქართველოს მთავრობა არ გაასაჩივრებს პალატის გადაწყვეტილებას იმის შიშით, რომ ხელმეორედ არ წააგოს პროცესი კიდევ უფრო დიდი ლეგიტიმაციით უკვე დიდი პალატის წინაშე და კიდევ არ გაირთულოს, სიცოცხლის უფლების უპატივცემლობიდან გამომდინარე, მისი ისედაც არასახარბიელო და დამცირებული მდგომარეობა, რომელიც რატომღაც ვერ დაინახა სპეციალურად ამ საქმისთვის მივლენილმა ad hoc  მოსამართლე ირაკლი ადეიშვილმა, რომელსაც ერთმა ექვსის წინააღმდეგ მისცა ხმა (ისევე, როგორც გაუჭირდათ სიმართლის დანახვა ამ საქმეზე იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს, ქ-ნ თინა ბურჯალიანს, მის ხელქვეითს, ბატონ ლევან მესხორაძეს და ამ საქმის საქართველოში განმხილველ ვითომ-მოსამართლეებს : გიორგი ჩემია, ნაირა გიგიტაშვილი, იური ტყეშელაშვილი, ზაზა მეიშვილი, ლევან მურუსიძე).

ასე რომ, ამ გადაწყვეტილებაზე ძიების განახლების გარდაუვალ ვალდებულებასთან ერთად, საქართველოს მთავრობას გაუსაჩივრებლობასთან ერთად მოუწევს აღიარება და შეგუება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პალატის იმ ფრაზასთან, რომელშიც მოხდა არნახული იურიდიული და მორალური ნონსენსის შემცველ ამ საქმის გარემოებათა რეზუმირება ყველაზე მძიმე ფორმით და რომლის მიხედვითაც : სასამართლო « გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოებმა – შსს-მ, პროკურატურამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, სასამართლოებმა, საქართველოს პრეზიდენტმა და სხვა იმოქმედეს ყველამ შეთანხმებულად, რათა ხელი შეეშალათ, რომ სამართალი აღსრულებლიყო ამ საზარელი მკვლელობის საქმეში ».

 

P.s. ამ სტატიამ, რომლის დაწერის სურვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობამ  გადამაწყვეტინა, გამახსენა სიტყვები, რომელიც გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგში, 2010 წლის 27 აპრილს გამართულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ რეპლიკის სახით აღვნიშნე: მაშინაც კი, როდესაც ევროპა იდგა ყველაზე დიდი ისტორიული საშიშროების წინაშე, მხოლოდ ერთეული მოსამართლეები დარჩნენ ერთგულნი წინაპერიოდის კანონების და სწორედ ამიტომაც იყო, რომ შეიქმნა ევროპის საბჭო და გაცხადებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია (…). ეს საქმე ყოველთვის მახსენებდა გერმანიის 1949 წლის კონსტიტუციის მიღებას და განსაკუთრებით შეძახილებს, რომლებიც მას თან ახლდა: „Nie wieder“ (არასოდეს მომავალში). იმედი მაქვს, ეს დღე დადგება ჩვენს ქვეყანაშიც და “ Rechtsstaat ” (სამართლებრივი სახელმწიფო) აიღებს თავის სიმაღლეს, მისცემს რა სუნთქვას, ახალ დაბადებას სახელმწიფოსა და თავის მოქალაქეებს შორის ურთიერთობაში.

 

დავით ჯანდიერი
დავით ჯანდიერი

ავტორის შესახებ

დავით ჯანდიერი იცავდა მოსარჩელეების (ენუქიძის და გირგვლიანის) ინტერესებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“;  არის სტრასბურგის ევროპული სწავლების უმაღლესი სკოლის მაგისტრი, სტრასბურგის რობერტ შუმანის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი საერთაშორისო საჯარო სამართალში, ადვოკატი.

 

მიმაგრებულ ფაილში იხილეთ ტექსტის სრული ვერსია

ამავე თემაზე:

გირგვლიანის საქმე: რა დაადგინა სინამდვილეში სტრასბურგის სასამართლომ?

საიას განცხადება საქმეზე „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“

ევროსასამართლოს განაჩენი გირგვლიანის საქმეზე

ადამიანის უფლებების ფასი სტრასბურგიდან

40 ათას ლარად შეფასებული გირგვლიანის მკვლელობა

ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ


მასალების გადაბეჭდვის წესი