საზოგადოებასამართალი

საქალაქო სასამართლომ სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის ნებართვა გააუქმა

2 მარტი, 2016 • 1361
საქალაქო სასამართლომ სასტუმრო “ბუდაპეშტის” მშენებლობის ნებართვა გააუქმა

საქალაქო სასამართლომ თბილისის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული სასტუმრო “ბუდაპეშტის” ვაკის პარკში მშენებლობასთან დაკავშირებული აქტები გააუქმა.

სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების მიღებისას მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილებით, მან ეს უფლებამოსილება უნდა განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.  

“განსახილველ შემთხვევაში კი ასეთ ფარგლებს წარმოადგენს თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, რომელიც ითვალისწინებს კოეფიციენტების გადამეტების შესაძლებლობას მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობისას და ყოველი კონკრეტული შემთხვევა საჭიროებს შესაბამის დასაბუთებას”, – აცხადებს სასამართლო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ზონალური შეთანხმების გაცემისას არ მოხდა გადაწყვეტილების დასაბუთება, არ გამოკვლეულა მშენებლობის შესაძლო ნეგატიური ფაქტორები იქ არსებულ რეკრეაციულ გარემოზე და არ შეფასებულა საჯარო ინტერესი.

აქტები დაუბრუნდა იმავე ადმინისტრაციულ ორგანოებს ხელახლა განსახილველად, რომ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ მათ ახალი გადაწყვეტილება მიიღონ.

თუმცა სასამართლომ პარტიზანი მებაღეების, ზურაბ ბაქრაძისა და “მწვანე ალტერნატივის” სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ისინი მოითხოვდნენ, რომ აქტები განსახილველად კვლავ მერიაში არ დაბრუნებულიყო.

“მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ ხელახლა არ უნდა გადაგზავნილიყო განსახილველად, მაგრამ ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს და როდესაც სასამართლო განაჩენი ჩაგვბარდება, მერე გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ,” – აცხადებს ადვოკატი ნინო სოსელია, რომელიც პარტიზანი მებაღეების ინტერესებს იცავს.

თბილისის მერიაში კი საკითხთან დაკავშირებით კომემტარი არ გაუკეთებულა. მერიას გადაწყვეტილების გასაჩივრება 14 დღის ვადაში შეუძლია.

თბილისის მერიამ ვაკის პარკში სასტუმროს ასაშენებლად N1592 და მერიის არქიტექტურის სამსახურმა No 90979 განკარგულება 2013 წლის 24 ივლისის გასცეს. რასაც სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა და მასში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჩაერთო. პირველად პარტიზანი მებაღეები ვაკის პარკში 2013 წლის 27 დეკემბერს შეიკრიბნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი