სამართალი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახვლედიანის გადაყენების გამო იუსტიციის საბჭოს აკრიტიკებს

23 თებერვალი, 2016 • 1514
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახვლედიანის გადაყენების გამო იუსტიციის საბჭოს აკრიტიკებს

იუსტიციის საბჭო სასწრაფო და რადიკალურ რეფორმირებას საჭიროებს, – ამის შესახებ განცხადებები დღეს პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ და საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ გააკეთეს.

კოჟორიძე ამბობს, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სასამართლოს თავმჯდომარის იმ წესით გათავისუფლების შესაძლებლობას, რა წესითაც საბჭომ 22 თებერვალს სასამართლოს თავმჯდომარე დაითხოვა.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სამწუხაროდ, არ იცავს სტანდარტებს მოსამართლეთა შერჩევა- დანიშვნის პროცესში. არღვევს კანონს მოსამართლის და სასამართლოს თავმჯდომარის გათავისუფლების პროცესში. ის, რომ ამ ორგანოს სჭირდება ძირეული რეფორმები, თავად საბჭოს გადაწყვეტილებები ადასტურებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, ვისაც ხელეწიფება რეფორმების სწრაფი, დროული და სწორი გატარება, დაუყოვნებლივ მოახდინოს ამ ორგანოს ძირეული რეფორმირება.

ჩვენ ვგულისხმობთ საკანონმდებლო რეფორმებს. მაგალითად, რეფორმას, რომელიც არ მისცემს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებს ისეთი გადაწყვეტილებების მიღების  საშუალებას მოსამართლეთა შერჩევა დანიშვნის პროცესში, როგორიც აქამდე მიიღეს. მათ მოსამართლეთა შერჩევა – დანიშვნის კრიტერიუმები  დაარღვიეს და იმედი გვაქვს, რომ როცა კანონის დონეზე გაიწერება ეს კრიტერიუმები,  კანონს ვეღარ დააღვევენ.

არ ვიცი, რამდენად საფუძვლიანია მამუკა ახვლედიანის მიმართ საბჭოს მხრიდან არსებული პრეტენზიები, მაგრამ ვიცი, რომ ყველა მათგანი რომ ყოფილიყო აბსოლუტური ჭეშმარიტება, საბჭოს მაინც არ შეეძლო იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც გუშინ მიიღო“ – აღნიშნა კოჟორიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, იუსტიციის საბჭოს დამოუკიდებლობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი საზოგადოების მხრიდან ამ ინსტიტუტისადმი ნდობაა, თუმცა ამ ეტაპზე საბჭოს დღევანდელი შემადგენლობა საზოგადოებაში ნდობით არ სარგებლობს.

„ამასთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უკანსკნელ პერიოდში, თუ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დავაკვირდებით, მოსამართლეთა გამწესებასთან თუ  სასამართლო თანამდებობის პირების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების პროცესში გასცდა კანონით დადგენილ საფუძვლებს,” – განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი