სამართალი

სამართალდამცავთა მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება

6 აპრილი, 2011 • • 1370
სამართალდამცავთა მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება

საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში 2010 წლის შესახებ მომზადებულ მოხსენებაში წერს, რომ მონიტორინგის შედეგად  სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან გამოვლინდა სამსახურებრივი უფლება-მოვალეობების, ძალის გადამეტების, თვითნებურად დაკავებისა და კიდევ სხვადასხვა სახის პრობლემა, რაც ადამიანის უფლებების დარღვევას უწყობს ხელს.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, 2009 წლის მსგავსად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეთა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო დასავლეთ საქართველოსთვის 2010 წელსაც. დასავლეთ საქართველოს პოლიციის თანამშრომლების მიერ დაფიქსირდა პირის დაკავებისას ძალის გადამეტება,  მოქალაქეების,  მათ შორის არასრულწლოვნების, თვითნებური დაკავების ფაქტები, ისევე როგორც არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა.

2010  წლის 24  მარტს სახალხო დამცველის რწმუნებულები ქუთაისის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეხვდნენ და ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს დაკავებულებს: ადვოკატ კ.ს.–ს და შ.დ.–ს.  მათ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ შ.დ.-ს დაკავებისას პოლიციელს მისთვის თავი არ წარუდგენია, ისე უბრძანა ავტომანქანიდან გადასვლა. გადასვლის შემდგომ კი პოლიციელმა შ.დ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც მან გონება დაკარგა. ფიზიკურ შეურაცხყოფაზე მიუთითებს დმი-ში განთავსებულ პირთა აღრიცხვის ჟურნალიც. სახალხო დამცველმა აღნიშნული ფაქტის გამოძიების რეკომენდაციით საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა.  როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილით ირკვევა, ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში ზემოაღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე წერია, რომ მოქალაქე  კ.გ.  2010 წლის 27  სექტემბერს ღამის საათებში ქუთაისის საქალაქო სამმართველო პოლიციის მე-3  განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კ.გ.–ს ახსნა-განმარტებით, ის ქუთაისის საავტომობილო ქარხნის ტერიტორიაზე ქურდობის ფაქტზე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. დაკავებისთანავე პოლიციის რამდენიმე თანამშრომელმა დაიწყო მისი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.  დაკავებული, ასევე, განმარტავს,  რომ ის პოლიციის მე-3  განყოფილებაში გადაყვანის დროს გახდა ცუდად,  ჰქონდა ძლიერი ტკივილები სახის,  ბეჭის,  თავის და ნეკნების მიდამოში, რის გამოც განყოფილებაში გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა.  ერთ-ერთი დაკავებულის,  ხ.ა.–ს განმარტებით,  ის და კ.გ.  პოლიციის თანამშრომლებმა დაკავების შემდეგ ერთ ოთახში მოათავსეს,  წააქციეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ზურგის, ფეხების, სახისა და თავის არეში.  კ.გ. მისგან 2-3 მეტრში ჰყავდათ, რომლის ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ხმაც მას კარგად ესმოდა. მათ სცემდნენ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში,  რის შემდეგაც გადაიყვანეს პოლიციის მე-3  განყოფილებაში.  ისინი განყოფილების ერთ-ერთ ოთახში შეიყვანეს,  სადაც მათი ცემა ისევ განაგრძეს 10-15 წუთის განმავლობაში, სანამ ოთახში მორიგე არ შემოვიდა.

ახსნა–განმარტებების მიხედვით,  კ.გ.–ს მიმართ ძალის გამოყენებას ადგილი ჰქონდა როგორც დაკავებისას,  ისე პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ. განმცხადებლები უთითებენ, რომ დაკავებისას მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა რამდენიმე პოლიციელი. სახალხო დამცველმა აღნიშნული ფაქტის გამოძიების რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს.  სახალხო დამცველს პროკურატურიდან აცნობეს, რომ ქუთაისის რაიონულ პროკურატურაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333–ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება)  დაიწყო.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში პროკურატურისთვის გადაგზავნილი მასალები წარმოადგენდა საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ გამოძიება დაწყებულიყო სისხლის სამართლის კოდექსის 144–ე მუხლით.

ანგარიშში წერია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტის მიხედვით, როდესაც ხდება პიროვნების დაკავება,  რომელსაც დაკავებამდე დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ხოლო გათავისუფლებისას მას აღენიშნება დაზიანებები,  სახელმწიფოს ვალდებულება,ა წარმოადგინოს ჯეროვანი ახსნა-განმარტება,  თუ რამ გამოიწვია ეს დაზიანებები.

სახალხო დამცველის ოფისში კი მიაჩნიათ, რომ ზემოთ განხილული საქმეებით დასტურდება, რომ პოლიციის ქმედებები ხშირად კანონის დარღვევით მიმდინარეობს და რიგ შემთხვევებში შესაძლოა დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება გამოწვეულია აუცილებლობით,  პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია დაასაბუთოს,  თუ რამ გამოიწვია ფიზიკური იძულების გამოყენების აუცილებლობა.

სახალხო დამცველი რეკომენდაციას აძლევს შსს-ს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა აღიკვეთოს დაკავებულ პირთა მიმართ გადამეტებული ძალის გამოყენებისა და მოქალაქეთა თვითნებური დაკავების ფაქტები.

მასალების გადაბეჭდვის წესი