საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით,  ირაკლი შოთაძემ შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა. ცვლილებები ძირითადად საოლქო და რაიონული პროკურატურების ხელმძღვანელებს შეეხო.

პროკურატურის ცნობით, შეიცვალა რამდენიმე ოლქის და რაიონული პროკურორი და  მოადგილეები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ლევან პაქსაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი,  ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად ლევან გეგეჭკორი,  შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი,  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ილია ჯალაღანია დაინიშნენ.

რაც შეეხება თბილისის პროკურატურას და  სხვა რაიონულ პროკურატურებს, შიდა საკადრო გადაადგილებების შედეგად თბილისის პროკურორის მოადგილედ-საგამოძიებო ნაწილის უფროსად მერაბ ჯერანაშვილი დაინიშნა, ექვსი პირი –  სხვადასხვა რაიონულ პროკურორად, ხოლო ორი – რაიონული პროკურორის მოადგილედ.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საკადრო ცვლილებები მთავარ პროკურატურასაც შეეხო და რამდენიმე დეპარტამენტის უფროსები და მოადგილები შეიცვალნენ. უწყების ცნობით, განხორციელებული ყველა ცვლილება პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.

გარდა ამისა, გაიმართა საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, სადაც ოთხი რიგითი პროკურორი დააწინაურეს და სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნეს.

პროკურატურის განცხადებით, საკადრო ცვლილებების შედეგად თანამდებობებზე, საერთო ჯამში, ოცდაათი პირი დაინიშნა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *