სამართალი

გასაიდუმლოებული განაჩენი

5 აპრილი, 2011 • 1377
გასაიდუმლოებული განაჩენი

დღეს სასამართლომ  უარი უთხრა გაზეთ „ბათუმელებს“, მიეწოდებინა  გარყვნილი ქმედების ბრალდებით გასამართლებული გ.თ–ს განაჩენი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა გაგვევრცელებინა ზუსტი ცნობები  აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

ცნობების დაზუსტება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გაზეთმა  და ვებგვერდმა ამ საქმეზე ინფორმაცია მსჯავრდებულის ადვოკატზე დაყრდნობით გაავრცელა და რომელსაც საქართველოს მთავარი პროკურატურა  სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, ხოლო საზოგადოების ნაწილში კითხვები გააჩინა.

28 მარტს „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტის სტატია – „სასჯელი მასტურბაციისთვის“, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ბათუმელი გ.თ. გარყვნილი ქმედების ბრალდებით გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა, ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.“

იმავე სტატიაში ავტორმა მიუთითა, რომ სასამართლო პროცესი დახურული იყო და ამ პროცესის შესახებ ადვოკატები ღიად არ საუბრობდნენ.  სტატიაში არ იყო დასახელებული არც დაზარალებულის და არც მსჯავრდებულის ვინაობა, შეცვლილი იყო საქმის არსთან დაკავშირებული გეოგრაფიული არეალი.

„როგორც “ბათუმელებისთვის” გახდა ცნობილი, ბრალდებული გ.თ. საკუთარ სახლში მასტურბირებდა. ამ დროს მის ბინაში შემთხვევით შევიდა მეზობლის არასრულწლოვანი გოგონა, რომლის ოჯახმაც შემდეგ გარყვნილი ქმედების გამო მეზობელს უჩივლა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, გოგონას გ.თ.-ს სპერმა გადაესხა, რაც გახდა ბრალდებულის დანაშაულის მამტკიცებელი ფაქტი“, – ნათქვამია სტატიაში.

სწორედ ეს ნაწილი გახდა წარმოდგენილ სტატიაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მყისიერი რეაგირების საფუძველი. კერძოდ, 30 მარტს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა.

„მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი დანაშაული ფაქტობრივი მოცემულობისა და არსებული მტკიცებულებების უგულვებელყოფით, წარმოჩენილი იქნა როგორც არადანაშაულებრივი ქმედება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამის შემდეგ ამავე განცხადებაში აღწერილია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები:

„21 წლის გ.თ.-მ მისი მცირეწლოვანი მეზობელი, ათი წლის გოგონა კანფეტების დაპირებით შეიტყუა თავისი საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, წელსქვევით გააშიშვლა და მის მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება. დანაშაული დასტურდება დაზარალებულის ჩვენებით, ექსპერტიზამ კი დაადასტურა მცირეწლოვანის სამოსზე გ.თ-ს სპერმის არსებობა.

რამდენადაც ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაზარალებულს გაუპატიურების კვალი არ აღენიშნებოდა, საქმე აღიძრა სსკ-ის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის – მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენისათვის.

ბრალდებულს მიესაჯა ამ დანაშაულისათვის კანონით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა – ორი წლით თავისუფლების აღკვეთა.“

განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის ნუგზარ ჯინჭარაძე, რომელიც გ.თ.–ს ინტერესებს იცავდა სასამართლოში. ჯინჭარაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებდა:

„მან მიამბო, რომ ოთახში ვიყავი და ვეწეოდი მასტურბაციას და შემომისწრო ამ გოგომო, შემთხვევით შემოვიდაო“, – ამბობს ნუგზარ ჯინჭარაძე.

იმის გამო, რომ წარმოდგენილ საქმეში პროკურატურაც ისეთივე დაინტერესებული მხარეა, როგორც – დაცვის მხარე, „ნეტგაზეთი“ და გაზეთი „ბათუმელები“ ამ ინფორმაციის გადამოწმებას სასამართლოში შეეცადა, რადგან იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ სასამართლო საქმის განაჩენის გაცნობის საშუალება მოგვეცემოდა, მკითხველს მივაწვდიდით ზუსტ ინფორმაციას როგორც დაზარალებული, ისე ბრალდებული მხარეების პოზიციებისა და არგუმენტების, ასევე მოსამართლის განაჩენის სამოტივაციო ნაწილის შესახებ.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ 2009 წლის 13 ნოემბერს გამოიტანა განაჩენი. ჩვენ ამ განაჩენის ასლი (პროცესის მონაწილეების საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფარვით) წერილობით გამოვითხოვეთ ხელვაჩურის რაიონული სასამართლოდან, საიდანაც დღეს, დღის ბოლოს, წერილობითვე ასე გვიპასუხეს:

„გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოთხოვილი მასალების მოძიებისთვის საჭიროა საქმეების სისტემატიზაცია და საარქივო დამუშავება, რაც მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს და ამასთან, მოგახსენებთ, რომ სასამართლო თავის საქმიანობას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისად, სასამართლოს აპარატი დაკავებულია სასამართლოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესრულებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ტიპის საქმეების დამუშავება და ამ მიზნით სასამართლოს ადმინისტრაციული პერსონალის ძირითადი რესურსების მობილიზება ამ ეტაპზე არ წარმოადგენს სასამართლოს საქმიანობისთვის აუცილებელ საჭიროებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას“.

სტატიაში – „სასაჯელი მასტურბაციისთვის“ საუბარი იყო იმაზე, რომ გ.თ-ს საქმე გასაჩივრებულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, „დაცვის მხარის მიერ გაშვებული იქნა განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა. ვადის აღდგენაზე ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ დაცვის მხარეს საპატიო მიზეზის არარსებობის გამო უარი უთხრა.“

ამ ინფორმაციას უარყოფს ადვოკატი ნუგზარ ჯინჭარაძე და აცხადებს:

„როცა დასრულდა პროცესი ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა მითხრა, საპროცესოს მთავაზობენო და აღარ გასაჩივრდა ამის გამო საქმე. თავდაპირველად, როგორც ვიცი, საუბარი იყო 3000 ლარზე, მერე 5000–ზე იყო და ბოლოს აღარ გაუკეთეს საპროცესო“.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა იოსავა ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურის მხრიდან არავითარ საპროცესო გარიგებაზე შეთავაზებას არ ჰქონია ადგილი და რომ ბრალდების მხარემ სასჯელის მაქსიმუმი მოითხოვა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი