სამართალი

სერგო მეთოფიშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი

20 თებერვალი, 2016 • 2056
სერგო მეთოფიშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი

დღეს, 20 თებერვალს გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრად, სერგო მეთოფიშვილი აირჩიეს. მან ჩაანაცვლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ზაზა მეიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მარტში ამოეწურება.

მოსამართლეთა კონფერენციაზე მეთოფიშვილის გარდა სხვა კანდიდატურა წარმოდგენილი არ ყოფილა.

სერგო მეთოფიშვილი ამჟამად ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარეა. იგი 3–წლიანი გამოსაცდელი ვადით არის დანიშნული. “საქართველოს მოსამართლეთა ერთობის” დირექტორი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ საქმე გვაქვს ინტერესთან კონფლიქტთან, ვინაიდან, მეთოფიშვილს, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, საკუთარი საქმიანობის შეფასება მოუწევს.  ამ აზრს არ ეთანხმება საჭოს მოსამართლე წევრი, ლევან თევზაძე. იგი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ თუკი მეთოფიშვილის შეფასებაზე მიდგება საქმე, მას ობიექტურად შეაფასებენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ–გვერდზე გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით, სასამართლო სისტემაში მოსვლამდე იგი პროკურატურაში მუშაობდა:

2002-2003 წლებში იყო მთავარი სამხედრო პროკურატურის კადრების, ორგანიზაციული უზრუნველყოფის, სტატისტიკისა და კონტროლის განყოფილების უფროსის მოადგილე;
2003-2004 წლებში მუშაობდა მთავარი სამხედრო პროკურატურის განყოფილების პროკურორ-კრიმინალისტად;
2004-2005 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში სს დევნის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსად;
2005-2006 წლებში მუშაობდა მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად;
2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციაში;
2009-2010 წლებში იყოს გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
2010-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;
2009-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;
2011-2013 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე;

2013 წლის იანვრიდან არის ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი