ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ დავას არ განიხილავს. ამის შესახებ მოსამართლე ჰისაში ოვადამ დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა. საქმის განხილვაზე უარი სასამართლომ რუსეთის მხარის შუამდგომლობის შედეგად, 10 ხმით 6-ის წინააღმდეგ, განაცხადა. განცხადების მიხედვით, “მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (International Court of Justice) არა აქვს ამ დავის გადაწყვეტის იურისდიქცია.”
საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში “რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის” (CERD) დარღვევის გამო 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა.
2008 წლის 12 აგვისტოს საქართველომ წამოიწყო პროცედურა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმის განხილვის შესახებ, რომელიც ეხებოდა „საქართველოს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ ქმედებებს“, რითაც შეილახა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის 21 დეკემბერს მიღებული კონვენციის ნორმები.
თავის განცხადებაში საქართველო მიუთითებდა, რომ კონვენციით გათვალისწინებული ინდივიდუალური უფლებები „საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა პირისა სრულადაა დაცული“.
საქართველოს საჩივარში ნათქვამი იყო, რომ რუსეთის ფედერაცია „თავისი სახელმწიფო ორგანოების, სახელმწიფო აგენტებისა და მთავრობისგან წახალისებული სხვა პირების, ასევე, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული ძალების მეშვობით არღვევს CERD–ის ფუნდამენტურ მოთხოვნებს, მათ შორის კონვენციის მე–2, მე–3, მე–4, მე–5 და მე–6 მუხლებს.”
საქართველოს თქმით, რუსეთის ფედერაცია „ლახავს CERD–ის მოთხოვნებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ინტერვენციის სამი სხვადასხვა ეტაპის, 1990–დან 2008 წლის აგვისტოს ომამდე პერიოდში.”
საქართველომ ჰააგის სასამართლოსგან მოითხოვა, რომ სასამართლომ რუსეთის ფედერაცია დაავალდებულოს, რათა გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი CERD–ით აღებული ვალდებულებების შესასრულებლად.
სასამართლო განხილვის საფუძვლად საქართველო თავის განცხადებაში ეყრდნობოდა CERD–ის 22–ე მუხლს, ასევე, იტოვებდა უფლებას, მიმართოს მე–9 მუხლის გამოყენებასაც, რომლიც ეხება გენოციდის შესახებ კონვენციას და რომლის მონაწილეებიც არიან საქართველო და რუსეთის ფედერაცია.
საქართველოს განცხადებას თან ახლდა თხოვნა დროებითი ღონისძიებების გატარების შესახებ CERD–ით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, რათა მოხერხდეს მოქალაქეების დაცვა რუსული შეიარაღებული ძალებისა და სეპარატისტების მხრიდან ძალადობრივი დისკრიმინაციისგან.
აღნიშნულ თხოვნაში საქართველო კიდევ ერთხელ აღწერდა დავის წარმოშობის გარემოებებს: „რომ 1990–ანი წლების დასაწყისიდან რუსეთის ფედერაცია სისტემატიურად აწარმოებს საქართველოს რეგიონებში – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში- ეთნიკური ქართველებისა და ამ რეგიონების მაცხოვრებელი სხვა ეთნიკური ჯგუფების ეთნიკური წმენდისკენ მიმართულ პოლიტიკას“.
საქართველო თავის განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2008 წლის 8 აგვსიტოს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა სრულმასშტაბიანი შეიარაღებული ანექსია საქართველოს წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტების მხარდაჭერის მიზნით და ამ „სამხედრო აგრესიის შედეგად დაიღუპა ასობით მოქალაქე, ადგილი ჰქონდა მოქალაქეთა საკუთრების ხელყოფასა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან ეთნიკური ქართველების იძულებით გასახლებას.“
საქართველომ სასამართლოსგან მოითხოვა შემდეგი ღონისძიებების გატარება:
ა) რუსეთის ფედერაციამ მიმართოს ყველა ძალისხმევა CERD–ით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;
ბ) რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი და ყველა ქმედება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პირდაპირ ან ირიბად მისი შეიარაღებული ძალების, სხვა ორგანოების, აგენტებისა და სხვა პირების მხრიდან რაიმე ტიპის ეთნიკური დისკრიმინაცია საქართველოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც კონტროლდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული ძალების მიერ ან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
გ) რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა ქმედება მიმართული ეთნიკური ქართველების ადამიანის უფლებების დისკრიმინაციული შელახვისკენ, მათ შორის, თავდასხმები მოქალაქეებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ, მკვლელობა, იძულებითი გასახლება, ჰუმანიტარულ დახმარებაზე უარის თქმა, ქალაქებისა და სოფლების მასობრივი ნგრევა და ყველა ტიპის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებას სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს სხვა ტერიტორიაზე.
ზეპირი სასამართლო მოსმენების შედეგად სასამართლოს წინაშე მხარეებმა შემდეგი შუამდგომლობები დააყენეს:
რუსეთის ფედერაციამ: „იმ მიზეზების გამო, რომლებიც წარმოდგენილია მოსამზადებელი სხდომების, შუამდგომლობებისა და ზეპირი მოსმენების ოქმებში, რუსეთის ფედერაცია ითხოვს სასამართლოსგან გამოიტანოს გატაწყვეტილება და საჯაროდ განაცხადოს, რომ საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2008 წლის 12 აგვისტოს შემოტანილი საჩივარი არ ექვემდებარება სასამართლო განხილვის იურისდიქციას.“
საქართველომ: „წერილობით განცხადებაში მოსამზადებელი სხდომების, შუამდგომლობებისა და ზეპირი მოსმენების დროს წარმოდგენილი მიზეზების გამო საქართველო პატივისცემით თხოვს სასამართლოს:
- უარყოს რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა;
- განავრცოს საკუთარი იურისდიქცია აღნიშნულ საქმეზე“.
რუსეთს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსადმი სულ 4 შუამდგომლობა ჰქონდა. პირველი შუამდგომლობის მიხედვით, ის ამტკიცებდა, რომ ჰააგის სასამართლოს საქართველოს სარჩელი არ უნდა განეხილა, რადგან ქვეყნებს შორის არ არსებობდა დავა “რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის“ (CERD) დარღვევის გამო”.
დღეს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ჰააგის სასამართლო წერს: „რასობრივი დიკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის 22-ე მუხლში წერია, რომ “თუ ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის მიმდინარეობს დავა აღნიშნული კონვენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლის გადაწყვეტაც მოლაპარაკებების გზითა და სხვა პროცედურებით შეუძლებელია, მოდავე მხარეების ყველა თხოვნა განსახილველად და გადაწყვეტილების გამოსატანად შეიძლება გადაეცეს მართლმსაჯულების სასამართლოს, თუ დავის მხარეები პრობლემის მოგვარების სხვა გზებზე ვერ თანხმდებიან“.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს განცხადებაში წერია, რომ სასამართლო სადაო ამბის კონტექსტის უკეთ გასაგებად გაეცნო 1990-ან წლებში გამოცემულ დოკუმენტებსა და ბრძანებებს, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციას ასახავს, ასევე, უშიშროების საბჭოს მიერ 1990-ანი წლებიდან 2008 წლამდე მიღებულ რეზოლუციებს.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოსათვის, როცა საქართველომ ჰააგის სასამართლოში საჩივარი შეიტანა რუსეთის მიერ CERD-ის დარღვევის გამო, საქართველოსა და რუსეთს შორის უკვე ოფიციალურ დონეზე არსებობდა დავა ამ საკითხთან დაკავშირებით. ამის დასტურია ის, რომ ომი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 7 აგვისტოს უკვე დაწყებული იყო. შესაბამისად, სასამართლომ რუსეთის პირველი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
რუსეთის ფედერაციის მეორე შუამდგომლობის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქართველოს სარჩელის განუხილველობის მიზეზი ის უნდა ყოფილიყო, რომ CERD-ის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს არ გაუვლია ყველა აუცილებელი პროცედურა, სანამ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში იჩივლებდა. კერძოდ, საქართველოს სარჩელი ეხებოდა 2008 წლის 9-დან 12 აგვისტომდე მიმდინარე საომარ ქმედებებს. ამ დროს კი საქართველოსა და რუსეთს შორის CERD-ის დარღვევის გამო არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა. შესაბამისად, ჰააგის სასამართლო საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურულია. სასამართლომ კი მიიჩნია, რომ ეს რესურსი საქართველოს სასამართლოში ჩივილამდე არ ამოუწურავს და მას პრობლემის მოსაგვარებლად კანონით დადგენილი პროცედურები არ გაუვლია.
სასამართლომ რუსეთის ერთი მოთხოვნა გაითვალისწინა და საქართველოს სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა. დანარჩენი ორი შუამდგომლობის განხილვა კი საჭიროდ არ ჩათვალა.
სასამართლო მოსმენების დროს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი კირილ გევორგიანი და რუსეთის ფედერაციის ელჩი ნიდერლანდების სამეფოში რომან კოლდკინი. საქართველოს დელაგაციას კი ხელმძღვანელობდნენ – იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი და ნიდერლანდების გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი შოთა ღვინერია.