ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის შემაჯაბელი სიტყვის მოსმენა თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათის წინ დასრულდა. სასამართლო სხდომა ორშაბათს, 28 მარტს, განახლდება, რა დროსაც მოსამართლე მხარეთა საბოლოო რეპლიკებსა და სიტყვებს მოისმენს, შემდეგ კი განაჩენის გამოცხადების დროც დადგება.
განსასჯელების – რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის იურისტის, არჩილ კბილაშილის შემაჯამებელი სიტყვის მოსმენა 23 მარტს 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც 25 მარტს კიდევ 6 საათს გაგრძელდა. დღევანდელ პროცესს, ჟურნალისტების გარდა, პოლიტიკოსებიც ესწრებიოდნენ. კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური სასამართლო სხდომაზე მხოლოდ რამდენიმე წუთით შეყოვნდნენ და დარბაზიც მალევე დატოვეს. დღევანდელ პროცესზე არ იმყოფებოდნენ ებრაელი სასულიერო პირები, რომლებიც 23 მარტს გამართულ სხდომას ესწრებოდნენ. ისინი ისრაელში გუშინ დაბრუნდნენ. განსასჯელთა ადვოკატი არჩილ კბილაშივილი ფუქსისა და ფრენკელის უდანაშუალობის დასამტკიცებლად დღეს, ძირითადად, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყეტილებებს იშველიებდა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ებრაელ ბიზნესმენებს მახე დაუგო, რათა მათთვის არბიტრაჟის მიერ მიკუთვნებული 98 მილიონი დოლარი არ გადაეხადა. რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში დააკავეს, მათ ბრალი ქრთამის შეთავაზებაში ედებათ. ჯერჯერობით უცნობია, თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებული ბიზნესმენების მიმართ განაჩენს ზუსტად როდის გამოიტანს. ბიზნესმენებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მიხედვით აქვთ წაყენებული, რაც ქრთამის შეთავაზებას გულისხმობს, სასჯელის ვადა კი 5-დან 8 წლამდეა.
შემაჯამებელი სიტყვის პირველ ნაწილში, რომელიც არჩილ კბილაშვილმა 23 მარტის პროცესზე წაიკითხა, საუბარი ძირითადად საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურების მიერ გამოძიებისას დაშვებული ხარვეზებისა და უკანონობების ილუსტრაციას ეხებოდა. მეორე ნაწილში კი, რომელიც იურისტმა დღეს წაიკითხა, ყურადღება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებებთან პარალელებზე იყო გამახვილებული. კბილაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მხრიდან სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებით აღებული სამართლებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე.
არჩილ კბილაშილის თქმით, საქართველო 1965 წლის 18 მარტის ვაშინგტონის კონვენციის მონაწილეა, რომლის მიხედვითაც ის, როგორც კონვენციის მონაწილე მხარე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოების მიერ დაკისრებულ ფულად ვალდებულებებს კანონიერად აღიარებს. ქვეყანამ ეს ვალდებულებები შიდა სასამართლო გადაწყვეტილებების შესრულების წესების მიხედვით უნდა შეასრულოს.
ერთ-ერთი საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2010 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით კი საქართველოს ბიზნესმენების – რონი ფუქსისა და იოანის კარდასოპულოსის სასარგებლოდ 98 მლნ აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
მსჯავრდებულთა ადვოკატის მტკიცებით, საქართველოს ამ ვალდებულებისგან თავი რომ დაეღწია, პროკურატურაში გაჩნდა იდეა. იდეის თანახმად, თუ გამოვლინდებოდა, რომ ბიზნესმენები ჩაიდენდნენ კორუფციულ დანაშაულს, მაშინ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა მოხდებოდა. ბიზნესმენთა დაკავების შემდეგ ასეც მოხდა.
გარდა ამისა, დანაშაულის პროვოცირებით შესაძლებელი გახდებოდა, რომ დაკავებული ბიზნესმენებისთვის თავისუფლების სანაცვლოდ 98 მილიონზე უარის თქმა მოეთხოვათ.
კბილაშვილის თქმით, გამოძიებამ რონი ფუქსისა და კარდასოპულოსისთვის თავდაპირველად, მოლაპარაკებეში ჩართვის მიზნით ბიზნესმენების ძველი პარტნიორის, „საქნავთობის“ ყოფილი ხელმძღვანელის, რევაზ თევზაძის გამოყენება სცადა. თუმცა, თევზაძემ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და საქმეში ზეევ ფრენკელი ჩართო, რომელიც 2010 წლის 14 ოქტომბერს ფუქსთან ერთად დააკავეს. იურისტის აზრით, თევზაძემ ოპერაციაში მონაწილეობაზე უარის თქმით პრობლემებს თავი აარიდა.
საგამოძიებო მოქმედებების მთავარი გმირი კი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძე იყო. დაცვის მხარეს სწამს, რომ ხარაიძე პროკურატურის ოპერატიული თანამშრომელი იყო და ის მინისტრის მოადგილედ სპეციალურად, ოპერაციაში ჩართვის მიზნით დანიშნეს.
მსჯავრდებულთა ადვოკატის მტკიცებით, ავთანდილ ხარაიძე რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს ეუბნებოდა, რომ საქართველოს ერთბაშად არ შეეძლო 98 მილიონის გადახდა და თუ ბიზნესმენები უფრო ნაკლები თანხის მიღებას და თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას არ დათანხმდებოდნენ, ისინი საერთოდ ვერაფერს მიიღებდნენ. უკან დასაბრუნებელი თანხის ოდენობა კი თავდაპირველად 5 მილიონი უნდა ყოფილიყო (თანხა მოგვიანებით 7 მილიონამდე გაიზარდა). ხარაიძის დავალების შესაბამისად, ზეევ ფრენკელს რონი ფუქსი ამ თანხის საქართველოსთვის დაბრუნებაში უნდა დაერწმუნებინა, თვითონ კი გასამრჯელოს სახით 700 ათას დოლარს მიიღებდა. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, უკან დასაბრუნებელი თანხა ბიზნესმენებმა შესთავაზეს ხელისუფლებას, დაცვის მხარის მტკიცებით კი ყველაფერი პირიქით მოხდა – ქართულმა სახელმწიფომ, ხარაიძის პირით 2010 წლის 1 სექტემბერს ზეევ ფრენკელს პირველმა შესთავაზა თანხა. ამას კბილაშვილი იმით ამტკიცებს, რომ 1 სექტემბრის შემდეგ გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებში ფულის შეთავაზების ინიციატივა ბიზნესმენებისგან არცერთხელ არ წამოსულა, ხარაიძე კი მრავალჯერ ეცადა მათთგან ეს სიტყვები მოესმინა, რათა ფირზე ჩაეწერა და მტკიცებულება შეექმნა.
კბილაშვილი ბიზნესმენებისგან ქრთამის მიცემის ფაქტს იმითაც გამორიცხავს, რომ ფუქსი შეხვედრების დაწყების დღიდან მოლაპარაკებებს საქართველოს მხოლოდ ოფიციალურ პირებთან აწარმოებდა და ის ხარაიძისგან მუდმივად მოითხოვდა ყველა შეთანხმების ოფიციალურად გაფორმებას. ფუქსი ქართული მხარისთვის უკან დასაბრუნებელი თანხის ზუსტი ოდენობის დადგენას პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურთან 2010 წლის 14 ოქტომბერს დაგეგმილი შეხვედრისას აპირებდა.
არჩილ კბილაშვილის მტკიცებით, გარდა სხვა წესებისა, საქართველოს პროკრატურამ დაარღვია უცხო ქვეყანაში გამოძიების წესები, რაც იმ დროს მოქმედი საპროცესო კოდექსის 247-ე და 248-ე მუხლებით იყო გათვალისწინებული. პროკურატურამ შესაბამისი პროცედურების გავლისა და ნებართვის გარეშე თურქეთში, ქალაქ სტამბულში აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, იგულისხმება ავთანდილ ხარაიძისა და ებრაელი ბიზნესმენების შეხვედრების ფარული ჩანაწერები. იურისტმა სასამართლოს უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულების არგამოყენებისკენ მოუწოდა.
არჩილ კბილაშვილი ასევე მიუთითებს, რომ კანონის მიხედვით საჯარო პირებს საგამოძიებო საქმიანობაში ფარული მონაწილეობა ეკრძალებათ, ამ შემთხვევაში კი იგულისხმება საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური. ადვოკატის მტკიცებით, გილაურმა ეს კანონი სამჯერ დაარღვია: 1. 2010 წლის 26 აგვისტოს მთავრობის 264-ე დადგენილებით ფინასტრთა მინისტრს მეექვსე მოადგილის ყოლის უფლება მიეცა, რის შემდეგაც თანამდებობაზე ავთანდილ ხარაიძე დაინიშნა.
2. იურისტს კანონდარღვევად მიაჩნია პრემიერის მიერ ხარაიძის თანამდებობაზე დამტკიცება.
3. გამოძიების მიერ შედგენილ ცრუ წერილზე ხელის მოწერა, რომლის საშუალებითაც რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი საქართველოში ჩამოიყვანეს და დაიჭირეს კიდეც.
არჩილ კბილაშვილმა ასევე ისაუბრა ფრენკელისა და ფუქსის დაკავება-ჩხრეკის ოქმებში არსებულ უზუსტობებზე, კერძოდ, მათი დაკავებისა და ოქმების შედგენის დროს ერთმანეთს რამდენიმე საათით არის აცდენილი.
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქართველო ებრაელი ბიზნესმენების საქმის გამოძიებისას სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულების პრინციპების, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საწინააღმდეგოდ იქცეოდა.
კბილაშვილმა ჩამოთვალა საერთაშორისო სამართლის 5 ფუნდამენტური პრინციპი, რომელიც ხელისუფლებამ უგულებელყო.
პირველი პრინციპის მიხედვით, დანაშაულის ჩადენა არ უნდა იყოს გამოწვეული სახელმწიფო აგენტის მიერ. იურისტმა ახსენა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ 2010 წლის 4 ნოემბერს გამოტანილი პრეცედენტული გადაწყვეტილება საქმეზე „ბანიკოვა რუსთის წინააღმდეგ.“
ევროპის სასამართლომ ცალსახად განაცხადა, რომ სახელმწიფო აგენტის მხრიდან დანაშაულის პროვოცირების შემთხვევაში, აუცილებელია დამნაშავის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება და ასევე, პროვოცირების გზით მოპოვებული მტკიცებულების გაუქმება.
კბილაშვილის აზრით, მეორე პრინციპი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ დაარღვია არის – „პირის მიმართ ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის დასაწყებად მის მიერ დანაშაულის ჩადენა უნდა იყოს სავარაუდო.“
მესამე პრინციპი, რომელიც, იურისტის მტკიცებით, ქართულმა მხარემ დაარღვია, არის – სამართალდამცველებმა დანაშაულის გამოსავლენად არ უნდა გამოიყენონ მაცდუნებელი შეთავაზება. ამ შემთვევაში კი მაცდუნებელ შეთავაზებად ხარაიძის მიერ ფრენკელისთვის შეთავაზებული 700 ათასი და ფუქსისთვის მისაცემი თანხა მიიჩნევა.
ადვოკატმა გაიხსენა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პოლკა ბელგიის წინააღმდეგ“. სასამართლომ ბელგიის ხელისუფლება გაამტყუნა, რადგან ბელგიელმა სამართალდამცავებმა ქვეყანაში მცხოვრებ არალეგალურად მცხოვრებ ბოშებს საბუთების მოწესრიგებაში დახმარება აღუთქვა. პოლიციის განყოფილებებში ასობით ბოშა გამოცხადდა, რის შემდეგაც ისინი დააკავეს. ევროსასამართლომ ბელგიის სახელმწიფო გაამტყუნა. ამ შემთხვევაში არჩილ კბილაშილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ფუქსი და კარდასოპულოსი პრემიერ მინისტრის წერილით მოტყუების მიზნით მოიწვია საქართველოში, შესაბამისად, ევროსასამართლო ამ ფაქტს საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს.
მეოთხე დარღვეულ პრინციპად დაკავებულთა იურისტი ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებებზე მუდმივი სასამართლო მონიტორინგის არარსებობას ასახელებს.
მეხუთე პრინციპის მიხედვით კი სახელმწიფოს საკუთარ თავზე უნდა აეღო საქმეში არსებული მტკიცებულებების უტყუარობის მტკიცების ტვირთი, რაც არ მომხდარა.
შემაჯამებელი სიტყვის დასასრულს, არჩილ კბილაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ სასწორზე დევს ორი ფასეულობა. მისი თქმით, პირველი ფასეულობა ეს არის ადამიანთა ჯგუფის(ამ შემთვევაში საქართველოს მთავრობის) მცდელობა სახელმწიფოს აარიდონ 98 მილიონი დოლარის გადახდა, რაც მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს. იურისტი მიიჩნევს: „არ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ამ იდეის ქვეშ მოქმედი ჯგუფი არაკეთილსინდისიერი მიზნით იყო აღჭურვილი.
არჩილ კბილაშვილს ასევე მიაჩნია: „დაუშვებელია, როცა მოტყუების ხარჯზე ხდება ამ კეთილშობილური მიზნის მიღწევა, ამის გამო ,ოტყუებით ორი პირია დაკავებული.“
„98 მილიონის ვალდებულების მოშორების მცდელობა სამართლიანი მოსაზრებაა, მაგრამ არ შეიძლება მა ფასეულობის დაკმაყოფილება ამორალური საქციელით მოხდეს. კეთილშობილური მზინის მიღწევა არაკეთილშობილური მიზნებით არ შეიძლება, ამიტომ რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი სასამართლომ უნდა გაანტავისუფლოს“ – თავისი სიტყვა ასე დაასრულა დაკავებული ბიზნესმენების ადვოკატმა.
მოსამართლემ მსჯავრდებულებს საბოლოო სიტყვის თქმის ნება მისცა, მაგრამ მათ ეს არ ისურვეს და განაცხადეს, რომ ადვოკატს სრულად ეთანხმებიან.
მოსამართლემ შემდეგი სხდომა ორშაბათს, 28 მარტს დანიშნა, რა დროსაც მოისმენენ რეპლიკებს და პროცესში მონაწილე მხარეების საბოლოო სიტყვებს.
ამავე თემაზე:
1. მსჯავრდებულთა იურისტის შემაჯამებელი სიტყვის პირველი ნაწილი 23 მარტის სასამართლო სხდომიდან – “ებრაელი ბიზნესმენების ადვოკატის არგუმენტები“