სამართალი

ადეიშვილის ადვოკატი: “ომეგა ჯგუფში” სპეცრაზმი ოქრუაშვილის გენპროკურორობის დროს შევიდა

16 თებერვალი, 2016 • 2204
ადეიშვილის ადვოკატი: “ომეგა ჯგუფში” სპეცრაზმი ოქრუაშვილის გენპროკურორობის დროს შევიდა

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული მისი დაცვის ქვეშ მყოფის დადანაშაულება, რადგან 2014 წლის იანვარში რა დროიდანაც პროკურატურის ვერსიით ტელეკომპანია “იბერიის” წინააღმდეგ ქმედებები დაიწყო, გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო და არა ადეიშვილი.

“ეს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებები ერთგვარ მასკარადს დაემსგავსა. პროკურატურის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ დანაშაულები, რომელზეც არის საუბარი, 2014 წლის იანვარში დაიწყო… მაშინ, როცა ზურაბ ადეიშვილი გენერალური პროკურორი საერთოდ არ იყო. ზურაბ ადეიშვილი გენერალურ პროკურორად ინიშნება 7 თვის შემდეგ, 2004 წლის ივნისის თვიდან. შესაბამისად, თუკი ამ ქმედების ჩადენა თავიდანვე იყო განზრახვა, ეს საწყისშივე მოკლებულია საფუძველს. [ომეგას საქმეზე] სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ოქრუაშვილის [გენერალური პროკურორობის დროს] იწყება, ოქრუაშვილის დროს შედის “ომეგა ჯგუფში” სპეცდანიშნულების რაზმი, გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო ადეიშვილი ინიშნება 7 თვის შემდეგ ამ უწყებაში”, – აცხადებს ჩივიაშვილი.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2004 წლის თებერვალში [როდესაც სპეცრაზმი ომეგა ჯგუფის კომპანიებში, მათ შორის ტელეკომპანია “იბერიაში” შევიდა] გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო, ადასტურებს ლუბა ელიაშვილი ტელეკომპანიის იმდროინდელი საინფორმაციო სამსახურის უფროსი:

“სულ პირველად, როდესაც “იბერიაში” შემოვარდნა მოხდა, გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო. სწორედ ის გამოდიოდა საშინელი ბრალდებებით, რომელთაგან არც ერთი დადასტურდა. ის ძალიან მალე შეიცვალა და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი გახდა. შემდეგ მთელ ძიებას, როგორც ტელეკომპანიის ასევე მისი დამფუძნებლების ბიზნესის წინააღმდეგ უძღვებოდა მისი მოადგილე ლაცაბიძე. ალბათ ოქრუაშვილსაც უნდა წარედგინოს [ბრალი] და საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც, რომელიც უდანაშაულობის პრეზუმფციის ყოველგვარი დაცვის გარეშე ბრალს დებდა ტელეკომპანიას და მის დამფუძებლებს ათასგვარ დანაშაულში”, – აცხადებს ლუბა ელიაშვილი.

“[“ომეგას”] ერთ-ერთ ოფისში აღმოჩენილი იქნა ყალბი აქციზური მარკების საბეჭდი კლიშეები…

… მე მესმის, რომ ატყდებოდა აჟიოტაჟი იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული გაუგებრობა იქნა ტელეკომპანია “იბერიასთან” დაკავშირებით, რადგან ომეგა ჯგუფის ერთ-ერთ მისამართს ემთხვევა ტელეკომპანიის ოფიციალური მისამართი”, – ამ განცხადებებს აკეთებდა 2004 წლის თებერვალში მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი. 2004 წლის იანვარ-თებერვალში ზურაბ ადეიშვილს უშიშროების მინისტრის თანამდებობა ეკავა.

“საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილია 2004 წელს სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ ტელეკომპანია „იბერიის“ დახურვის და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის ფაქტი. აღნიშნულ საქმეზე, დღეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და გენერალური პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე”, – ეს განცხადება გაავრცელა დღეს მთავარმა პროკურატურამ.

ადეიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მან არ იცის ფიგურირებს თუ არა რაიმე ფორმით საქმეში ირაკლი ოქრუაშვილი, რადგან საქმის მასალები მისთვის არ გადაუციათ.

“საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ,,ომეგა ჯგუფის“ კომპანიებში სამართალდამცავების მხრიდან კომპანიის ქონების დაზიანების და ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდებოდა იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, რის შედეგების შესახებაც პროკურატურა საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების დასრულებისთანავე მიაწვდის”, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში”, – აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი