სამართალი

ჰააგის სასამართლოს სამუშაო ჯგუფი საქართველოში იმყოფება

16 თებერვალი, 2016 • 1029
ჰააგის სასამართლოს სამუშაო ჯგუფი საქართველოში იმყოფება
დღეს, 16 თებერვალს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა.  ჰააგის სასამართლოს დელეგაციის ვიზიტის მიზანია საკუთარი მანდატის გაცნობა ქართული მხარისათვის და თანამშრომლობის სამომავლო  ჩარჩოს განსაზღვრა.
თეა წულუკიანის განცხადებით, შეხვედრაზე საქართველომ  კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სამართალდამცველები და სხვა სამინისტროები ითანამშრომლებენ პროკურორის ოფისთან, რათა  ეთნიკური წმენდა, კულტურული მემკვიდრეობის განადგურება, სამხედრო ტყვეების საქმეები და სხვა საკითხები ბოლომდე იქნეს გამოძიებული.
„ეს ვიზიტი არის ქალბატონ ფატუ ბენსუდას ოფისისა და ჰააგის სასამართლოს ერთობლივი ვიზიტი, რომელიც სამუშაო შეხვედრების სახით ჩაივლის ორი დღის განმავლობაში, და ეს საშუალებას მოგვცემს, დავსახოთ ერთობლივი თანამშრომლობის უკვე კონკრეტული ნაბიჯები გამოძიების პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის  მოწმეთა დაცვა და უსაფრთხოება, რომლებმაც საკუთარი ინდივიდუალური გამოცდილების საფუძველზე ჩვენებები უნდა მისცენ გამომძიებლებს იმ ეთნიკური წმენდის შესახებ, რომლებიც ჩატარდა აგვისტოს  ომის დროს ქართველების წინააღმდეგ. ვისაუბრეთ ისეთ ტექნიკურ, მაგრამ მნიშვნელოვან თემებზეც, როგორიც არის, მაგალითად, ქართულიდან ინგლისურზე ამ ჩვენებების თარგმანი. ჩვენ მიერ განხილული საკითხების სპექტრი იყო ტექნიკური, მაგრამ მნიშვნელოვანი და მოწოდებული, რომ გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს. “, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ჰააგის პროკურორის ოფისი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მსხვერპლთათვის მართლმსაჯულება აღსრულდეს და გამოძიება იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.

ჰააგის სასამართლოს დელეგაციის წევრემა დღესვე შეხვედრები გამართეს თავდაცვის; საგარეო საქმეთა; შინაგან საქმეთა; ოკუპირებული
ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროების წარმომადგენლებთან, აგრეთვე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატთან.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დანაშაულებს იძიებს. ნებართვა ჰააგის პროკურორისადმი   საქმეზე გამოძიების დასაწყებად  ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 27 იანვარს გასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი