სამართალი

გვენეტაძე მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გამჟღავნებაზე: ამ კვირაში გექნებათ ყველაფერზე პასუხი

15 თებერვალი, 2016 • 1379
გვენეტაძე მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გამჟღავნებაზე: ამ კვირაში გექნებათ ყველაფერზე პასუხი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეთა ტესტების შესაძლო გამჟღავნების საკითხზე არ უმსჯელიათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განუცხადა.

სხდომა დაახლოებით 6 საათი გაგრძელდა და თავმჯდომარის განცხადებით, განიხილეს მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებული საკითხები.

ნინო გვენეტგაძის განცხადებით, ამ კვირის ბოლომდე აუცილებლად გახდება ცნობილი ტესტების შესაძლო გაჟონვის შესახებ მოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით.

“ამ კვირაში იქნება, აუცილებლად გაცნობებთ.  ამ კვირაში გექნებათ ყველაფერზე პასუხი,”– განაცხადა ნინო გვენეტაძემ. მან ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა; ასევე არ გასცა პასუხი კითხვაზე, ჩაერთვება თუ არა საქმეში პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა 2 თებერვალს განაცხადა, რომ გასული წლის ნოემბერში მისამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდაზე ტესტების საკითხები მოსამართლეობის კანდიდატმა წინასწარ იცოდა. იმავე დღეს საბჭოს მდივანმა, ლევან მურისიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხის შესახებ საბჭოს უკვე ჰქონდა ინფორმაცია და შიდა მოკვლევას პირადად აწარმოებდა.

არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ საქმე პროკურატურამ გამოიძიოს.

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ სავარაუდო დანაშაულის შესახებ პროკურატურისთვის რამდენიმე თვის განმავლობაში დღემდე, შეუტყობინებლობა და ,,მოკვლევის” წარმოება ასევე შესაძლოა შეიცავდეს სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. საჯარო განცხადებამდე საბჭოს უმოქმედობამ შეამცირა მტკიცებულებების მოპოვების და დანაშაულის გახსნის შესაძლებლობა,”– აცხადებენ ისინი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი