კვერენჩხილაძე: იუსტიციის საბჭო ამ შემადგენლობით შეუთავსებელია მართლმსაჯულების იდეასთან

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საზოგადოების ნდობა არ აქვს.

მისი განცხადებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა არ უნდა დარჩეს უბრალო ნათქვამად და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, მთავრობამ, საკანონმდებლო ორგანომ, რომელთა მხარდაჭერა გამოითქვა პრეზიდენტის წინადადებებზე, ყველა ზომა უნდა მიიღონ იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ განახორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება.

“რაც შეეხება თავად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს – ფაქტია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ სარგებლობს სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად, საზოგადოების ნდობით, შესაბამისად, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც ვერ ისარგებლებს საზოგადოების ნდობით. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის მიმართვაში დასმული საკითხები კიდევ უნდა დამუშავდეს მთავრობის, საკანონმდებლო ორგანოს, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის  მონაწილეობით და ყველა ზომა უნდა იქნეს მიღებული იმისთვის,  რაც შეიძლება სწრაფად, დაუყოვნებლივ მოხდეს საბჭოს რეფორმირება, გამომდინარე იქიდან, რომ საბჭო დღევანდელი შემადგენლობით შეუთავსებელია, ორგანულ წინააღმდეგობაშია სამართლიანი მართლმსაჯულების იდეასთან,” – განაცხადა კვერენჩხილაძემ.

პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ  კი განაცხადა, რომ მოსამართლეთა შერჩევა–დანიშვნის “ხარვეზიანი პროცესი” უნდა შეჩერდეს და საქართველოს პარლამენტმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს სისტემური რეფორმების გატარება.

“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თავიანთ ანგარიშებში საქართველოში არსებული პრობლემების ჩამოთვლას იწყებენ საბჭოს საქმიანობის აღწერით და დღეს, ჩვენ არავის არ გვაქვს უფლება, მშვიდი სახეებით ველოდოთ, საქართველოში როდის დაინგრევა სამართლიანი სასამართლოს შექმნის იმედი,”– განაცხადა კოჟორიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ნინო გვენეტაძეს მოეთხოვება, სწორი ხედვები და პოზიციები დააფიქსიროს:

“ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ რეფორმებზე და ამ პროცესში ყველას მოეთხოვება, რომ სწორი ხედვები, სწორი პოზიციები დააფიქსიროს სისტემური რეფორმების მოგვარების თვალსაზრისით და პირველ რიგში, ეს ცხადია, მოეთხოვება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს,”– ამბობს კოჟორიძე.

კახა კოჟორიძისა და გიორგი კვერენჩხილაძის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან 11.02.2016

კახა კოჟორიძისა და გიორგი კვერენჩხილაძის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან 11.02.2016

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი