სამართალი

წულუკიანის თქმით, ნინო გვენეტაძემ მართლმსაჯულების სისტემაში მართვის სადავეები უნდა აიღოს

4 თებერვალი, 2016 • 1236
წულუკიანის თქმით, ნინო გვენეტაძემ მართლმსაჯულების სისტემაში მართვის სადავეები უნდა აიღოს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, შთაბეჭდილება რჩება, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მართვის სადავეები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მის თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს არ აქვს აღებული.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დაეთანხმა პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გამოსვლის იმ ნაწილს, სადაც მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრა. წულუკიანი აცხადებს, რომ საბჭო რეფორმის აქტორი უნდა გახდეს.

“მე დავამატებდი, რომ არა მხოლოდ საბჭო, როგორც ორგანო, უნდა გახდეს უფრო რეფორმატორი და მთავარი აქტორი შიგნით, პრაქტიკაში სიტუაციის გაჯანსაღების, არამედ თავად საბჭოს თავმჯდომარეც. ის უნდა იყოს პრაქტიკაში საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, უნდა იყოს პრაქტიკაში ამ რეფორმების განხორციელების სათავეში,”– ამბობს წულუკიანი.

მისივე თქმით, თუკი თავმჯდომარე მართვის სადავეებს არ აიღებს, მაშინ რეფორმები ვერ განხორციელდება.

“მთავრობა და პარლამენტი ვერაფერს იზამს საბჭოს და საბჭოს თავმჯდომარის ნაცვლად. ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ შევქმნათ კარგი საკანონმდებლო რეფორმები, მაგრამ ამ რეფორმების პრაქტიკაში დანერგვას უნდა უხელმძღვანელოს თავად საბჭომ და მისმა თავმჯდომარემ. ამიტომაც, მე ვისურვებდი, რომ როგორც კი მესამე ტალღა რეფორმის გახდება კანონი და ჩვენ ამ, პირდაპირ ვიტყვი, ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ და რეფორმის უკან გატანა არ მოხდება და დაინერგება აუცილებლად, ის ფუძემდებლური პრინციპი ამ რეფორმის, რასაც ეწოდება საქმეთა ელექტრონული განაწილება და ძალიან ბევრი სხვა სიახლე, მათ შორის, დანიშვნის წესების გაჯანსაღება, ამით ჩვენი მისია ამ ეტაპზე იქნება ამოწურული.

საბჭომ და საბჭოს თავმჯდომარემ უნდა აიღოს მართლმსაჯულებაში მართვის სადავეები ხელში. დღეს ასე არ არის, მე ეს ასე მომეჩვენა იმ დღეს, როდესაც ვესწრებოდი სემინარს. საბჭოს თავმჯდომარემ უნდა აიღოს მართლმსაჯულებაში, სისტემაში მართვის სადავეები ხელში, ეს არის გადამწყვეტი. ამის გარეშე ყველანაირი კანონი და ჩემი ეს შემუშავებული, რაც უნდა კარგი რეფორმა იყოს, იქნება უაზრო და შედეგს ვერ მოიტანს,”- აცხადებს წულუკიანი.

2 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, რომელიც სისტემაში არსებულ გამოწვევებს ეხებოდა, არ დასწრებია ნინო გვენეტაძე. კონფერენციას ესწრებოდნენ საბჭოს სხვა წევრები, იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძე, პარლამენტის წერები, მოსამართლეები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი