სამართალი

წულუკიანი მოსამართლეების ტესტების შესაძლო გაჟონვაზე: თუ ეს დადასტურდა, საგანგაშოა

4 თებერვალი, 2016 • 977
წულუკიანი მოსამართლეების ტესტების შესაძლო გაჟონვაზე: თუ ეს დადასტურდა, საგანგაშოა

იუტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მალე დადებს დასკვნას მოსამართლეობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო ტესტების შესაძლო გაჟონვასთან დაკავშირებით.

2 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა განაცხადა, რომ მოსამართლეობის კანდიდატმა წინასწარ იცოდა ტესტების პასუხები. იმავე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მოკვლევა მინიდნარეობს, რომელსაც პირადად კურირებს.

იუსტიციის მინისტრი მიესალმება, რომ საბჭო ამ საკითხის მოკვლევაზე მუშაობდა:

“მე იმედი მაქვს, რომ ისინი რაც შეიძლება მალე დადებენ ამ დასკვნას და გვეტყვიან მეც, თქვენც და ყველას, რომ რა არის იქ მომხდარი, იმიტომ, რომ თუკი ის დადასტურდა, რაზეც ბატონი მოსამართლე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობდა, ეს არის, რბილად რომ ვთქვა, საგანგაშო,”– ამბობს წულუკიანი.

მისივე განცხადებით, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო, კანონით დადგენილი წესით უნდა აგოს პასუხი.

“მანამ, სანამ საბჭო არ დადებს დასკვნას, ჩვენ არ გვეცოდინება, უნდა ვენდოთ თუ არა ამ დასკვნას, რა იქნება დასკვნის მოტივაცია და მანამდე შეფასებები არის ნაადრევი. თუმცა ბევრი დროც არ უნდა გავიდეს იმიტომ, რომ ჰაერში გამოკიდებული ამგვარი საგანგაშო თემა თავად საბჭოს აყენებს დიდ დარტყმას. როგორც კი დასკვნა დაიდება, ის იქნება ალბათ, და იმედი მაქვს, სხვაგვარად როგორ იქნება, საჯარო და ჩვენთვის ყველასთვის ხელმისაწვდომი. და მხოლოდ ამის მერე სამართალდამცველი ორგანოები შეძლებენ შეაფასონ, უნდა ჩაერიონ თუ არა. ამიტომ ყველანი დამოკიდებული ვართ ამ დასკვნის შინაარსზე და ველოდებით მას,”– განაცხადა წულუკიანმა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი