საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გრძელვადიანი პაემნები მიმდინარე წლიდან დაინერგება, თუმცა ამ უფლებით ყველა პატიმარი ვერ ისარგებლებს: ერთის მხრივ, იმის გამო, რომ ეს უფლება გარკვეული კატეგორიის პატიმრებს კანონით შეეზღუდებათ, მეორეს მხრივ კი, ბარიერს დაწესებული 60–ლარიანი ტარიფი შექმნის.
ხანგრძლივი პაემნების ამოქმედებას პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ უკვე წარადგინა საქართველოს პარლამენტში.
„ეს ხელს შეუწყობს ოჯახებთან მსჯავრდებულების ურთიერთობას და მათ რესოციალიზაციას,“ – ასე აყალიბებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე პენიტენციურ სისტემაში გრძელვადიანი პაემნების დანერგვის მნიშვნელობას.
მოქმედი კანონმდებლობით, დღეს საქართველოში მსჯავრდებულს უფლება აქვს, თვეში ორჯერ ისარგებლოს პაემნის უფლებით. განსაზღვრულია თითოეული პაემნის დრო (45 წუთი) და იმ პირთა წრე, ვისაც შეუძლია მოინახულოს პატიმარი. გარდა ამისა, პაემანი ხორციელდება ოთახში, რომელიც გადატიხრულია შემინული კედლით: ერთდროულად ოთახში შეყავთ 10–მდე პატიმარი, რომლებიც შუშის მეორე მხრიდან ტელეფონით ეკონტაქტებიან ოჯახის წევრებს.
„ძალიან ცუდია ის, რომ შუშის იქით გვაქვს კონტაქტი. გარდა იმისა, რომ ძალიან გთრგუნავს, როდესაც ამ შუშის გამო ხელით არ შეგიძლია შეეხო ადამიანს, რომელსაც ნახულობ, შეუძლებელია ნორმალურად კომუნიკაციაც, რადგან ყველა გისმენს, რასაც ეუბნები. არადა, შენი ოჯახის წევრს ხვდები და გინდა, რომ ოჯახის საქმეზე დაელაპარკო, რაც არ გსურს, რომ სხვამაც მოისმინოს, მაგრამ ეს შეუძლებელია,“ – ამბობს ნინო, ერთ–ერთი პატიმრის მეუღლე, რომელიც სასჯელს რუსთავის საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდის.
იმისათვის, რომ კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენოს და თვეში ორჯერ მოინახულოს პატიმარი მეუღლე, ნინოს თვეში ოთხჯერ უხდება თბილისიდან რუსთავში ჩასვლა-ჩამოსვლა.
„ერთი კვირით ადრე მივდივარ და ვეწერები რიგში. ხუთი სამუშაო დღის ვადაში მატყობინებენ, თუ რომელ დღეს და რომელ საათზე უნდა მივიდე პაემანზე და ამის შემდეგ ისევ მივდივარ და ვნახულობ მეუღლეს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი პაემნისთვის ორჯერ მიწევს ჩასვლა და ჩამოსვლა, მაინც კმაყოფილი ვარ იმასთან შედარებით, რაც იყო რამდენიმე თვის წინ,“ – ამბობს ნინო – „საშინელება ხდებოდა ადრე, ღამეებს ვათენებდით რიგში, იქვე გვეძინა მანქანაში და კიდევ, არ ვიცოდით ზუსტად, შევიდოდით თუ არა მეორე დღეს ციხეში.“
ქალბატონი მანანა თბილისიდან ქსანში ორჯერ უნდა ჩავიდეს და ჩამოვიდეს იმისათვის, რომ პატიმარი შვილი 45 წუთით მოინახულოს.
„საშინელებაა, როდესაც ვერ ახერხებ, რომ შვილი გულში ჩაიკრა, ხელი შეახო, რადგან როდესაც მივდივარ სანახავად, ის შუშის იქითაა,“ – ამბობს ქალბატონი მანანა.
ოჯახთან და ახლობლებთან პატიმართა კონტაქტის აუცილებლობაზე ხაზგასმითაა მითითებული „ევროპის წამების საწინააღმდეგო კომიტეტის“ 2010 წლის ანგარიშში, რომელშიც კომიტეტმა საქართველოს მთავრობისგან პატიმრებისთვის გრძელვადიანი პაემნების აღდგენა მოითხოვა.
პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტით, რომელიც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა პარლამენტის წინაშე წარმოადგინა, მსჯავრდებულს უფლება ეძლევა, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ადმინისტრაციის წარმომადგენლის დაუსწრებლად, 24 საათის ხანგრძლივობით, იცხოვროს შვილთან, ნაშვილებთან, მეუღლესთან, მშობელთან, მშვილებელთან, დასთან და ძმასთან ერთად, მსჯავრდებულის ან დასახელებული პირების ხარჯით.
კანონპროექტის თანახმად, ეს ხარჯი ერთი გრძელვადიანი პაემნისთვის 60 ლარს შეადგენს. სრულწლოვან მსჯავრდებულს შუეძლიათ წელიწადში 3–ჯერ ისარგებლონ გრძელვადიანი პაემნით, არასრულწლოვნებსა და ქალ პატიმრებს კი – ოთხჯერ.
ხანგრძლივი პაემნებისთვის განკუთვნილი შენობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უზრუნველყოფს სამინისტრო. კალმახელიძე ამ ინფრასტრუქტურას სამვარსკვლავიანი ტიპის სასტუმროს სტანდარტებს ადარებს: „გრძელვადიანი პაემნისას, როგორც პატიმრისთვის, ასევე ვიზიტორისთვის იქნება სამჯერადი კვება, მაქსიმალურად იქნება დაცული ჰიგიენური პირობები.“
„ნათქვამია, როგორც ქუხს, ისე არ წვიმსო… მე– 6 წელწადია ციხეში დავდივარ და ისე არ არის, როგორც ლაპარაკობენ ტელევიზორით, რომ თითქოს არაჩვეულებრივი პირობებია ციხეში, არის სტომატოლოგების მომსახურება და ა.შ. ასე არ არის ნამდვილად, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ამიტომ არ მაქვს იმის ილუზია, რომ მართლა ასეთი პირობები იქნება მაგ ოთახებში, როგორც მინისტრი ამბობს“, – ამბობს ნინო. მის მეუღლეს სასჯელის მოხდის ვადა 8 თვეში ეწურება.
„კიდევ ბევრი წელი რომ ჰქონდეს დარჩენილი, იძულებული ვიქნებოდა და ვისარგებლებდი მაგ სერვისით, მაგრამ ისე, ჩემთვის მიუღებელია ციხეში დარჩენა. ჯერ ერთი, თვითონ იქ მომუშავე პერსონალი არის ძალიან უხეში, ძალიან ცუდი თვალით გიყურებენ და საშინელ კომენტარებს გიკეთებენ, როცა შედიხარ ახალგაზრდა ქალი და იქ რომ დარჩე ხომ, საერთოდ… მეორეც, არა მგონია, ახლა იქ ისეთი პირობები შექმნან, რომ ელემენტარული სისუფთავე იყოს. ამიტომ არ ვაპირებ მაგ სერვისით სარგებლობას. ესეც რომ არ იყოს, 60 ლარი ძვირია, ისედაც ძალიან ძვირი ჯდება პატიმრის შენახვა“, – ამბობს ნინო.
„იმის გათვალისწინებით, რომ გეძლევა შანსი – ერთი დღე გაატარო შენს შვილთან, ქვას გახეთქავ და იშოვი ამ ფულს, მაგრამ ძალიან ძვირია 60 ლარი. მაგის გარდა, ყოველ თვეში უნდა გადაურიცხო პატიმარს თანხა პლასტიკურ ბარათზე, ორჯერ უნდა ჩახვიდე და ჩამოხვიდე ერთი ქალაქიდან მეორეში იმისათვის, რომ თვეში ერთხელ მაინც ნახო შენი შვილი. ბევრისთვის ძალიან რთული იქნება ამ თანხის გადახდა,“ – ამბობს ქალბატონი მანანა.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი, დევნილი ან ინვალიდობის სტატუსის მქონე პატიმრებზე უნდა დაწესდეს შეღავათები. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატშიც საუბრობენ. გიორგი ტუღუშის პოზიციით, უკეთესი იქნება თუ ამ ხარჯებს სახელმწიფო მთლიანად თავის თავზე აიღებს.
არც მინისტრი კალმახელიძე და არც საპარლამენტო უმრავლესობა ამ მოსაზრებებს არ იზიარებენ. კალმახელიძის თქმით, დაწესებული გადასახადი მინიმუმდეა დაყვანილი და ის, ძირითადად, იმ აუცილებელი მომსახურეობისთვის იქნება განკუთვნილი, რომელსაც პატიმარსა და მის ვიზიტორს სასჯელაღსრულების დაწესებულება შესთავაზებს.
„ჩვენს ქვეყანაში ოჯახის წევრების ვიზიტები და პაემნები ციხეებში უფასოა, რადგან ჩვენ კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ მნიშვნელოვანია კონტაქტის შენარჩუნება პატიმრებსა და ოჯახის წევრებს შორის და ჩვენ არ გვინდა, რომ ამით რაღაც გამონაკლისი წესების დანერგვას შევუწყოთ ხელი: რადგან თუკი ფასიანი იქნება პაემანი ციხის ოთახში, თუ გნებავთ სასტუმრო დაარქვით, ეს იქნება ძალიან რთული იმათთვის, ვისაც ცოტა ფული აქვს და ეკონომიურად უჭირს და არ ექნება საშაულება, რომ მოინახულოს თავისი ოჯახის წევრი ციხეში,“ – ამბობს რუნი ფილდი, NORLAG–ის (ნორვეგიის კანონის უზენაესობის მისია საქართველოში) ექსპერტი ციხეებისა და პრობაციის საკითხებში.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ამბობს, რომ პატიმრობის კოდექსში გრძელვადიანი პაემნების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებისას უცხოურ პრაქტიკას გაეცნო. მისი თქმით, ევროპის იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რომლებიც მან მოინახულა, გრძელვადიანი პაემნებისთვის გაცილებით არაჰუმანური პირობებია, ვიდრე – ამის გაკეთება საქართველოში იგეგმება. მინისტრს არ დაუკონკრეტებია ევროპის რომელი ქვეყნები ჰქონდა მას მხედველობაში. ევროპული გამოცდილების გაზიარება ჩვენ NORLAG–ის ექსპერტებს ვთხოვეთ.
დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი სკანდინავიაში, მსჯავრდებულებს კვირაში ერთხელ აქვთ პაემნის უფლება, რა დროსაც ოჯახის ნებისმიერ წევრს შეუძლია მოინახულოს პატიმარი არა შუშის მიღმა, არამედ ცალკე ოთახში, სადაც შეუძლიათ გადაეხვივნონ ერთმანეთს და ა.შ. შესაბამისად, რადგანაც ეს სერვისები მსჯავრდებულებისა და მათი ახლობლებისთვის ხელმისაწვდომია, აღარ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ გრძელვადიანი პაემნებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჰქონდეთ ცალკე ოთახები.
„გერმანიაში, ინგლისში, სკანდინავიის ქვეყნებში არის ვიზიტების, პაემნების საათები დაწესებული და ამიტომ ცალკე ოთახების მოწყობის იდეას იმისთვის, რომ იქ დარჩნენ პატიმრების ოჯახის წევრები, აზრი არა აქვს,“ – ამბობს რუნი ფილდი.
ნორვეგიაში კი მსჯავრდებულები სარგებლობენ ისეთი სერვისითაც, როგორიცაა დაწესებულების ხანმოკლე დატოვება: პატიმარს, რომელიც იცავს ციხის შინა განაწესს, ეძლევა უფლება, წელიწადში სამჯერ ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნით, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ტოვებს დაწესებულებას, ყველანაირი კონტროლის გარეშე მიდის ოჯახთან და იქ ატარებს 10 დღეს და შემდეგ ბრუნდება დაწესებულებაში. და რადგანაც მსგავსი პრაქტიკა არსებობს, ნორვეგიის სასაჯელაღსრულების დაწესებულებებში აღარ არის სპეციალური ოთახების მოწყობის აუცილებლობა ხანგრძლივი პაემნებისთვის.
რაც შეეხება გადასახადებს, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველა ტიპის პაემანი ციხეში სრულიად უფასოა.
„სად წავა ფული, რომელსაც პატიმრები და მისი ოჯახის წევრები გრძელვადიანი პაემნებისთვის გადაიხდიან? – ჩაირიცხება ის ციხის ანგარიშზე, თუ გრძლევადიანი პაემნებისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურას ცალკე იურიდიული სტატუსი ექნება?“ –„ქრისტიან–დემოკრატების“ მიერ დასმული ეს შეკითხვები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უპასუხოდ დატოვეს.
ხათუნა კალმახელიძის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გრძელვადიანი პაემნებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა კერძო სექტორთან თანამშრომლობით განხორციელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ციხის ე.წ. „სამვარსკვლავიან სასტუმრო ოთახებში“, რომლებსაც სამინისტრო საბიუჯეტო სახსრებით მოაწყობს, მომსახურებას კერძო კომპანიები გაწევენ.
მთავრობის საპარალემენტო მდივნის, გია ხუროშვილის თქმით, გრძელვადიანი პაემნებისთვის არსებული ინფრასტრუქტურა ტენდერში გამარჯვებულ კერძო კომპანიას გადაეცემა, რომელიც შემოსულ თანხებს განკარგავს.
„თუ კანონპროექტს პარლამენტი მიიღებს, ამის შემდეგ მომზადდება სატენდერო წინადადებები და გამოცხადდება ტენდერი“, – აცხადებს ხუროშვილი.
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში კერძო სექტორთან თანამშრომლობით უკვე ფუნქციონირებს მაღაზიები, თუმცა სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე არ არსებობს ინფორმაცია, თუ რომელი კომპანიები არიან ამ პროცესში ჩართულნი და შეირჩნენ თუ არა ისინი ტენდერის გზით. მაღაზიებში შესაძლებელია როგორც კვების პროდუქტების, ისე ჰიგიენური ნივთების, თეთრეულის და სხვა ნივთების შეძენა. პატიმრები მაღაზიებში ანგარიშსწორებას პლასტიკური ბარათების საშუალებით ახორციელებენ, ბარათებზე კი თანხები მათი ოჯახის წევრებს შეაქვთ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 29 იანვრის #24 ბრძანებულების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებების მაღაზიებში პატიმართა და მსჯავრდებულთა მიერ გასახარჯი თანხის ლიმიტი განსაზღვრულია თვეში არა უმეტეს 150 ლარის ოდენობით.
„თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, როგორია ამ კუთხით ევროპული სტანდარტი და მაგალითისთვის ავიღებთ დასავლეთის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ინგლისი, ჰოლანდია, გერმანია, შვედეთი, დანია, ფინეთი, ამ ქვეყნებში არსებობს ასეთი პრაქტიკა: პატიმრებს ეძლევათ ხელფასები გარკვეული სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ და ამით შეუძლიათ შეიძინონ მათთვის სასურველი ნივთები. მაღაზიები ჩვენც გვაქვს ციხეებში, თუკი რამე განსაკუთრებული ნივთის შეძენა უნდა პატიმარს, მაგრამ ამისთვის მათ ოჯახის წევრები არ ურიცხავენ თანხას, არამედ პატიმრები ციხეში შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ გამოიმუშავებენ მას. ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ ამით შეუძლიათ იყიდონ სასურველი ნივთი ციხის მაღაზიაში,“ – ამბობს რუნი ფილდი.
კიდევ ერთი ახალი სერვისი, რომლის ამოქმედებითაც საქართველოს ხელისუფლება თანხის მოზიდვას პატიმრების ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯიბიდან აპირებს, ვიდეოპაემნებს ეხება, რომლებიც სკაიპის მეშვეობით განხორციელდება. ერთი ვიდეოპაემნის ღირებულება 15 ლარი იქნება.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ევროპის ქვეყნებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოწყობილია სპეციალური ოთახები, სადაც პატიმრებს ინტერნეტ–ქსელში ჩართული კომპიუტერით სარგებლობა შეუძლიათ აბსოლუტურად უფასოდ, შეზღუდულია მხოლოდ გარკვეულ საიტებზე წვდომა. სკაიპის მოხმარება შესაძლებელია უფასოდ, მხოლოდ ციხის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით.
ფინანსური საკითხების გარდა, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები ეხება პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტის იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, თუ ვის შეუძლია ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის სერვისით.
წარმოდგენილი კანონპროექტით, ხანგრძლივი პაემნები გავრცელდება ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებზე და უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირებზე.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია – რატომ შეიძლება გრძელვადიანი პაემანი ნებადართული იყოს უვადო პატიმრისთვის და პაემნით ვერ სარგებლობდეს პატიმარი, რომელსაც 40 წელი აქვს მისჯილი და სასჯელს დახურული ტიპის დაწესებულებაში იხდის?
„ეს არის უფრო ჰუმანური მიდგომა იმ ადამიანებისადმი, რომელთაც აქვთ უვადო პატიმრობა მისჯილი და არ არის განსაზღვრული, თუ როდის ექნებათ მათ ოჯახებთან ურთიერთობის საშუალება. განსხვავებით იმ პატიმრებისგან, რომლებიც სასჯელს იხდიან დახურული ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ზუსტად იციან, თუ რამდენ წელში ექნებათ კონტაქტი ახობლებთან’’, – ამბობს ხათუნა კალმახელიძე.
ამ შემთხვევაში პრიორიტეტად უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის ,,ჰუმანური’’ მიდგომის არჩევა, სახალხო დამცველის აზრით, ეწინააღმდეგება თავად კანონის მიზანს – რესოციალიზაციასა და ახლობლებთან პატიმრების მჭიდრო კონტაქტის შენარჩუნებას, რაც, სახალხო დამცველის პოზიციით, კიდევ უფრო აქტუალურია ათ წელზე მეტი ვადით თავისუფლებააღკვეთილი პირების შემთხვევაში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიაჩნიათ, რომ ხანგრძლივი პაემნის გამოყენების უფლება ყველა პატიმარზე უნდა გავრცელდეს.
პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების პროექტის მეორე მოსმენა პარლამენტში მომავალ კვირაში გაიმართება.