ნეტგაზეთი | დევნილები კომპენსაციის მიღებას სასამართლოს გზით ცდილობენ დევნილები კომპენსაციის მიღებას სასამართლოს გზით ცდილობენ – Netgazeti
RU | GE  

დევნილები კომპენსაციის მიღებას სასამართლოს გზით ცდილობენ

ორმა დევნილმა ოჯახმა, რომელიც სამინისტრომ გასული წლის შემოდგომაზე გამოასახლა ისე, რომ მათ არც კომპენსაცია მიუღიათ და არც – ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები, სასამართლოს მიმართა საკუთარი უფლებების დასაცავად.

ორმა დევნილმა ოჯახმა, რომელიც სამინისტრომ გასული წლის შემოდგომაზე გამოასახლა ისე, რომ მათ არც კომპენსაცია მიუღიათ და არც – ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები, სასამართლოს მიმართა საკუთარი უფლებების დასაცავად. გივი ცოტნიაშილისა და ციცინო ბაბუთიძის ინტერესებს ორგანიზაცია “ადამიანების უფლებების პრიორიტეტი” იცავს.

გივი ცოტნიაშილი გასულ წელს თბილისში, კანდელაკის #12-დან, სხვა დევნილებთან ერთად, გამოასახლეს. გამოსახლებამდე მან გაფრთხილების ფურცელი მიიღო,  რომელზეც ეწერა, რომ მას კომპენსაცია მიღებული ჰქონდა. თუმცა, როგორც ცოტნიაშვილის ინტერესების წარმომადგენელი იურისტი ნინო ბოლქვაძე ამბობს, მის კლიენტს კომპენსაცია არ მიუღია.

მეორე დევნილი ციცინო ბაბუთიძე, ასევე, 2010 წელს, ჩარგლის ქუჩაზე არსებული დევნილთა საერთო საცხოვრებლიდან გამოასახლეს. ცოტნიაშვილის მსგავსად, ბაბუთიძემაც მიიღო გაფრთხილების ფურცელი, სადაც ეწერა, რომ მას კომპენსაცია მიღებული ჰქონდა. დევნილთა ადვოკატის, ნინო ბოლქვაძის თქმით,  სინამდვილეში, კომპენსაცია მიიღო ბაბუთიძის შვილის ოჯახმა, რომელიც ოთხი წევრისგან შედგება. შესაბამისად, მან კომპენსაციით შეიძინა  საცხოვრებელი ფართი. თავად ციცინო ბაბუთიძე, მეორე შვილის ოჯახთან ერთად, კომპენსაციის გარეშე დარჩა. ის ამტკიცებს, რომ ცალკე ოჯახია და კომპენსაცია მასაც ეკუთვნოდა.

„ჩვენი კლიენტების საქმეებზე, ვინც უკვე გამოასახლეს, მივმართეთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და დევნილთა სამინისტროს. ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს ადამიანები უზრუნველყონ საცხოვრებლით,“ – უთხრა “ნეტგაზეთს” ორგანიზაცია “ადამიანების უფლებების პრიორიტეტის” იურისტმა ნინო ბოლქვაძემ.

ორივე დევნილის საქმე უკვე სასამართლოშია. იურისტი ამბობს, რომ ქართული სასამართლოს სამივე ინსტანციის გავლის შემდეგ ისინი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქართულმა სასამართლომ  დევნილთა სასარგებლო გადაწყვეტილება არ მიიღო.

ცოტნიაშვილის საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოშია და ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ბაბუთიძესთან დაკავშირებით კი საქალაქო სასამართლოში სარჩელი ახალი შეტანილია.

საერთო საცხოვრებლებიდან გამოსახლებული დევნილები უკვე 5 თვეა კარავში ცხოვრობენ.
საერთო საცხოვრებლებიდან გამოსახლებული დევნილები უკვე 5 თვეა კარავში ცხოვრობენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი