საქართველოს მთავარმა პროკურატურამ და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები და რამდენიმე სამელიორაციო ასოციაციის ხელმძღვანელი პირი დააკავა.
დაკავებულნი არიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციის სამმართველოს უფროსი ზურაბ ქაჯაია, ამავე სამმართველოს თანამშრომელი პაატა ტუღუში, შიდა ქართლის და მცხეთა –მთიანეთის სამელიორაციო სახელმწიფო საწარმოს დირექტორი დავით მუჯირიშვილი.
გამოძიების ინფორმაციით, მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით მეწარმეებისთვის ქრთამის გამოძალვის არაერთი ფაქტი.
„ანტიკორუფციული საქმიანობის ფარგლებში, განხორციელდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სამელიორაციო სისტემის განვითარებისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლა,” – ნათქვამია პრეს–რელიზში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა – “გამოძიებით დადგინდა, რომ რეგისტრაციის პროცედურების, სამსახურებრივი მფარველობისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სანაცვლოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლების მიერ ქრთამის სახით აღებულმა თანხამ მთლიანობაში შეადგინა 310 ათასი ლარი“.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სოფლის მეურნების სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გამოძიების მიერ, ამავე დანაშაულზე, ოღონდ ქრთამის მიცემის ბრალდებით, დაკავებულნი არიან სამელიორაციო ასოციაციაციების ხელმძღვანელი პირები, რომლებსაც ბრალის დადასტურების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.