სამართალი

ევროსასამართლოს რეფორმა ადამიანის უფლებებს შეზღუდავს

8 თებერვალი, 2011 •
ევროსასამართლოს რეფორმა ადამიანის უფლებებს შეზღუდავს

ევროპის სასამართლო რეფორმაზე მსჯელობს. საკითხი, რომელიც განიხილება, საქმის წარმოებისთვის ბაჟის დაწესებაა. საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ბაჟის დაწესებით ადამიანების უფლებები შეიზღუდება.

ევროპის სასამართლოსთვის მიმართვას ვერ შეძლებენ ის ადამიანები, რომლებსაც საკმარისი თანხები  საქმის წარმოებისთვის არ ექნებათ.

თავის მხრივ, ორგანიზაციები, რომლებიც უფასოდ ემსახურებოდნენ მოქალაქეებს, რომელთა უფლებებიც შელახული იყო, დღეს ამბობენ, რომ ბაჟს ვერც ისინი გადაიხდიან.

ბაჟის დაწესების მიზეზად ასახელებენ ევროსასამართლოს მიერ განსახილველი საქმეების ვადების შემცირებას, რომელიც რიგ შემთხვევებში 6–7 წელიც გრძელდება.

„ევროსასამართლო ძალიან მონდომებულია, რათა ისეთი რეფორმა შეიმუშავოს, რომელიც მისი წარმოების ვადებს დააჩქარებს“, – ამბობს იურისტი ლია მუხაშავრია.

ბაჟის დაწესებით ევროსასამართლოს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ გაგზავნილი საქმეების რაოდენობა შემცირდება.

როგორც იურისტი ნათია კაციტაძე განმარტავს: “ბაჟის შემოღების მიზანი არის, რომ გაფილტროს საქმეები. ეს არ იქნება სიმბოლური, თუმცა იყო საუბარი იმაზე, რომ არ იქნება ძალიან მაღალი. მაგრამ იქნება ისეთი, რომ ადამიანები დაფიქრდნენ, სანამ შეიტანენ“.

„თუ ეს დიდი ოდენობის თანხაა, ჩნდება ცდუნება, რომ ეს თანხა არ გადაიხადო, მით უმეტეს, როცა იცი, რომ საქმის წარმოებას რამდენიმე წელი დასჭირდება, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ თანხის გადახდის შემდეგ უფრო სწრაფ მომსახურებას მიიღებ, ანუ შენი საქმე უფრო მოკლე დროში განიხილება, შესაძლებელია, რომ კომპენსაციამ ბაჟის ხარჯები დაფაროს“, – ამბობს შალვა რამიშვილი, ჟურნალისტი, რომლის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ ევროპის სასამართლომ 2009 წელს მიიღო.

რამიშვილმა იურიდიული მომსახურების ხარჯები თავად დაფარა, თუმცა ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” დახმარებისთვის მიმართავენ, როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ვერ შეძლებენ დამატებითი ბაჟის გადახდას.

იურისტი ნათია კაციტაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მათთან მისული ადამიანების უმეტესობა სოციალურად დაუცველია. მათ საქართველოში მომდევნო ინსტანციაში გასასაჩივრებელი თანხის – 100 ლარის გადახდაც კი უჭირთ, არათუ ზედმეტი ხარჯებისა, ევროსასამართლოში გადასახდელად.

მუხაშავრია ამბობს, რომ ევროპის სასამართლოში 142 ათასი საქმე ელოდება არსებით განხილვას. გაცხრილული კი 9–ჯერ უფრო მეტია (მილიონზე მეტი).

რეფორმა, რომელმაც საქმის წარმოების დაჩქარებაზეა გათვლილი, ადამიანების უფლებებს ზღუდავს, – ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ბაჟის  დაწესება უსამართლოა.

„ვფიქრობთ, რომ იმ ადამიანებისთვის, ვის ინტერესებსაც ჩვენ ვიცავთ, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი და, როგორც წესი, ეს არის მათთვის უკანასკნელი იმედი. როგორც ვიცით, ევროპის სასამართლოში საქმე მიდის, როდესაც შიდა რესურსები ამოწურულია. ადამიანმა, რომლის უფლებებიც დაირღვა, ბაჟის შემოღების შემდეგ შესაძლებელია ვერ დაიცვას თავი“, – ამბობს ჩუგოშვილი.

დღეს ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია („ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „კონსტიტუციის 42–ე მუხლი“, „კავშირი 21–ე საუკუნე“) შეუერთდა სამასამდე არასამთავრობო ორგანიზაციას მსოფლიოში, რომელიც ევროსასამართლოში საქმის წარმოებაზე ბაჟის დაწესებას აპროტესტებს.

იმისთვის, რომ ევროსასამართლოში საქმე გაიგზავნოს, საქართველოში მინიმუმ ორ ინსტანციაში უნდა იყოს საქმე გასაჩივრებული და წაგებული. მუხაშავრია ამბობს, რომ თავისთავად ეს პროცედურაც მოქალაქეებისგან საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს. სასამართლო პრაქტიკა საქართველოში ომით დაზარალებულების საქმეებზეც კი ბაჟის გადახდას მოითხოვს.

ბაჟის გარდა, მომჩივანს ადვოკატის, სასამართლო თუ არასასამართლო ხარჯები აქვს გადასახდელი.

„ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელმაც ეს ხარჯები გაწია და ვერაფერი მოიგო სანაცვლოდ, ვერც  გაწეული ხარჯები აინაზღაურა და ვერც დარღვეული უფლება აღიდგინა,“ – ამბობს მუხაშავრია.

ამ შემთხვევაში თანხა, რომელიც ევროსასამართლოში ბაჟის სახით იქნება გადასახდელი, მუხაშავრიას აზრით, შესაძლებელია მოქალაქისთვის ბარიერი იყოს.

დღეს არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციები ამ სქემით მუშაობენ:

მოქალაქე, რომელიც ორგანიზაციასთან მიდის, საქმეს აცნობს. პირველ რიგში, ორგანიზაცია ამოწმებს შიდა მექანიზმებს (გასაჩივრების ინსტანციებს), საქმეს სწავლობენ, არის თუ არა დარღვეული მოქალაქის უფლებები. თუ ორგანიზაცია ჩათვლის, რომ მოქალაქის უფლება დარღვეულია და ევროსასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი არსებობს, ორგანიზაცია საკუთარი ხარჯებით აგზავნის საქმეს ევროსასამართლოში.

არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციები საქართველოში, რომლებიც დონორების  მიერ გამოყოფილი თანხებით მუშაობენ, აცხადებენ, რომ ბაჟის დაწესების შემდეგ ისინი ვეღარ მოახერხებენ მოქალაქეებისთვის ბაჟის გადახდას.

სანამ ევროსასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, მანამდე, 2011 წლის აპრილში, დაგეგმილია მორიგი შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ განიხილება ევროსასამართლოს რეფორმის საკითხი.

იმისთვის, რომ საქმის წარმოებაზე ბაჟი დაწესდეს, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა ინიციატივას მხარი უნდა დაუჭირონ.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა იუსტიციის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ევროსასამართლოში საქმის წარმოებისთვის ბაჟის შემოღებას.

იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა იოსავა  „ნეტგაზეთთან“ საუბარში ამბობს, რომ ამ ეტაპზე სამინისტრო განხილვის საბოლოო შედეგს ელოდება და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსამსახურის ინფორმაციით, ეს საკითხი იუსტიციის სამინისტროს ეხება.

ბაჟის შემოღება განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებისთვის უფრო რთული იქნება, – ამბობენ იურისტები.

თუ რა თანხით განისაზღვება ბაჟი, ჯერ არ არის ცნობილი. მუხაშავრია ამბობს, რომ ბაჟის სავარაუდო თანხა შეხვედრაზე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები სტრასბურგში იყვნენ მიწვეულნი, არ დასახელებულა, თუმცა ითქვა, რომ თანხა არ იქნება სიმბოლური.

საქართველოდან დაახლოებით სამი ათასამდე სარჩელია გაგზავნილი ევროსასამართლოში. აქედან უმრავლესობა რამდენიმე უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერაა გაგზავნილი.

ნაზი ჯანეზაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ დევნილების 400 განცხადება, რომელიც მათ ახლახანს გაგზავნეს ევროპის სასამართლოში, შეუძლებელი იქნებოდა ბაჟის არსებობის შემთხვევაში.

„თუ სახელმწიფო  მოქალაქეების ინტერესებიდან გამოვა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ უარი თქვას ამ ცვლილებებზე“,–ამბობს ჯანეზაშვილი.

2004 წლიდან დღემდე, იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ინტერნეტ გვერდის ინფორმაციით, საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლომ 74 საქმე განიხილა.

საქართველომ, თავის მხრივ, ევროსასამართლოში ორი სარჩელი შეიტანა. ორივე სახელმწიფოთაშორისო სარჩელი, რუსეთის წინააღმდეგ. ერთი– საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული ქართველების გამო, ხოლო მეორე– 2008 წლის აგვისტოს ომის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი