ნეტგაზეთი | 907 უგზოუკვლოდ დაკარგული 907 უგზოუკვლოდ დაკარგული – Netgazeti
RU | GE  

907 უგზოუკვლოდ დაკარგული

შსს–ს მონაცემებით, საქართველოში 907 უგზოუკვლოდ დაკარგულია აღრიცხული. როგორც დაკარგულთა ახლობლები, ასევე ექსპერტები, აცხადებენ, რომ ხელისუფლება გაუჩინარებულებს უშედეგოდ და არაეფექტურად ეძებს. უშედეგო ძიების ერთ–ერთ მიზეზი არსებული კანონმდებლობის არასრულფასოვნებაშია. 

შსს–ს მონაცემებით, საქართველოში 907 უგზოუკვლოდ დაკარგულია აღრიცხული. როგორც დაკარგულთა ახლობლები, ასევე ექსპერტები, აცხადებენ, რომ ხელისუფლება გაუჩინარებულებს უშედეგოდ და არაეფექტურად ეძებს. უშედეგო ძიების ერთ–ერთ მიზეზი არსებული კანონმდებლობის არასრულფასოვნებაშია.


2006 წლის 20 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საერთაშორისო კონვენცია ადამიანთა ძალადობრივი გაუჩინარებისგან დასაცავად. საქართველო ამ კონვენციას არ მიერთებია.


ამჯერად კონვენცია 19 ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული, მისი ამოქმედებისთვის კი 20 ქვეყნის (ანუ კიდევ ერთის) რატიფიცირებაა საჭირო. კონვენციასთან მიერთების შემთხვევაში იქმნება სპეციალური კომიტეტი, რომელიც მიიღებს საჩივრებს სხვადასხვა სახელმწიფოსგან და მათზე რეაგირებას მოახდენს. კონვენციასთან მიერთება–არმიერთება დისკუსიის საგანია თავად იურისტებს შორის. ნაწილი მიიჩნევს, რომ კონვენცია გაუჩინარებასთან ბრძოლის უფრო დახვეწილი ინსტრუმენტია, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად საქართველოს კანონმდებლობაც კმარა.


ნათია კაციტაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: “კონვენციასთან არმიერთება საქართველოსთვის ხელის შემშლელი  მიზეზი არ შეიძლება იყოს.  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც იცნობს  თავისუფლების უკანონო აღკვეთას. შეიძლება ეს ტერმინი – “გაუჩინარება“ არა გვაქვს, მაგრამ იგივე გარემოებები კანონში მოცულია და ეს დასჯადი ქმედებაა“. 

ილუსტრაცია: კ. სტალინსკი
ილუსტრაცია: კ. სტალინსკი

კონვენციასთან მიერთების მომხრეები, ძირითადად, რამდენიმე საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას. კონვენციის თანახმად, ოჯახის წევრები, რომელთა ახლობელიც გაუჩინარების მსხვერპლია, თავადაც იღებენ მსხვერპლის სტატუსს. ეს სტატუსი კი აუცილებელია იმისთვის, რომ ახლობლებმა საგამოძიებო დოკუმენტაციის გაცნობა შეძლონ. ქართული კანონმდებლობის მიხედვით კი, იმისათვის, რომ დაკარგულის ოჯახის წევრმა დაზარალებულის სტატუსი მიიღოს, უნდა დამტკიცდეს, რომ პიროვნების დაკარგვისას სისხლის სამართლის ნიშნები იყო სახეზე (სისხლის ან ძალადობის კვალი, მოწმეები და ა.შ.). წინააღმდეგ შემთხვევაში, ახლობლები დაზარალებულებად არ მიიჩნევიან. შედეგად საქმის გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი არაა. ეს კი განსაკუთრებულად მაშინ არის მნიშვნელოვანი, როდესაც საქმე პოლიტიკურად აქტიური პირების გაუჩინარებას ეხება.

 

ქრისტინე ქარდავა, რომლის მამაც – თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის კაპიტანი პაატა ქარდავა თითქმის სამი წლის წინ დაკარგა, დღემდე ცდილობს დაზარალებულის სტატუსის მიღებას, მაგრამ – უშედეგოდ. 


პაატა ქარდავა 2008 წლის 27 აგვისტოს გაუჩინარდა. მან ქრისტინე დილით ზუგდიდის ბაზარში  დატოვა და დაჰპირდა – პროდუქტებს რომ იყიდი, გამოგივლიო. მას შემდეგ პაატა ქარდავა არც მკვდარი გამოჩენილა და არც  – ცოცხალი. იპოვეს მხოლოდ მისი ავტომობილი, რომელიც კოკი–ხურჩის გზაზე უპატრონოდ იყო მიტოვებული.


ქრისტინე ქარდავა ამბობს, რომ გამოძიება უსაშველოდ ჭიანურდება. საქმე ერთი გამომძიებელის ხელიდან მეორეს ხელში გადადის და უკვე წლებია წინ ნაბიჯითაც არ წაუწევიათ.


ქართული კანონმდებლობით, პირი უგზოუკვლოდ დაკარგულად დაკარგვიდან ორი წლის მერე მიიჩნევა. თუმცა გამოძიება სამუშაოს თავიდანვე იწყებს. ამის გამო გამომძიებელი იძულებულია, საქმე რამე მსგავსი მუხლით აღძრას, მაგალითად – მკვლელობის ან თვითმკვლელობის.


„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის ანა ნაცვლიშვილის თქმით, ქართული სისხლის სამართალი ტერმინს – “გაუჩინერება“ არ სცნობს. შედეგად გამომძიებელი იძულებულია, საქმე რომელიმე მსგავს დანაშაულს მიაკუთვნოს, რაც გამოძიებას ნაკლებად ეფექტურს ხდის. კონვენციასთან მიერთება ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრიდა. გარდა ამისა, კონვენციასთან მიერთების შემთხვევაში, დაზარალებულს საშუალება ექნება, მიიღოს კომპენსაცია ახლობლის დაკარგვის გამო, რასაც საქართველოს კანონმდებლობა, ასევე, არ ითვალისწინებს.


კანონმდებლობის მოწესრიგებისა და ეფექტური გამოძიების  აუცილებლობას უგზოუკვლოდ დაკარგულების დიდი რაოდენობაც განაპირობებს. მხოლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში 38 ადამიანი დაიკარგა. გაუჩინარებულთა ახლობლები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ საქმეებს არასათანადოდ იძიებს.

 

ნოდარ ნალბანდოვი, გაუჩინარებული გრიშა ნალბანდოვის მამა: ,,ჩემი ბიჭი ოსებმა 2008 წლის 12 აგვისტოს გაიტაცეს.  მას მერე არაფერი ვიცი. ბოლოს ცხინვალში ნახეს სხვა ტყვეებმა. იქ, მე-8 სკოლაში, მიუყვანიათ ყველანი. შსს-ს მივმართე, აღრიცხეს კიდეც. „წითელი ჯვარიც“ (საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროექტებს უგზოუკვლოდ დაკარგულების მოძიებასთან დაკავშირებით) ეძებდა, მაგრამ მათაც ვერაფერი გაარკვიეს“.


„წიწილა ხომ არ დამიკლავს, ერთადერთი შვილი დავკარგე! ან მკვდარი მომიყვანონ და ან ცოცხალი!“ – ამბობს ქეთევან სუხიტაშვილი, გაუჩინარებული ოთარ სუხიტაშვილის დედა.


გიორგი რომელაშვილი, ზაზა ბირთველაშვილი და ოთარ სუხიტაშვილი ერთი ტანკის ეკიპაჟის წევრები იყვნენ. სამივე მათგანი 2008 წლის 8 აგვისტოს დაიკარგა.


მიუხედავად იმისა, რომ 17 წელია გასული, ვერ ხერხდება ბევრი იმ პირის მოძიებაც, რომლებიც აფხაზეთის ომის დროს გაუჩინარდნენ.


ნიქოზში მცხოვრებ ციური ბუზალაძეს ძმა – კოლია ბუზალაძე აფხაზეთის ომში დაეკარგა. ძიებამ შედეგი არ გამოიღო, ის ვერც მკვდარი იპოვეს, ვერც ცოცხალი. კოლიას დედა ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის სიმართლე არ უთქვამთ. ატყუებდნენ, სხვა ადგილას მუშაობს და ვერ მოდისო. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, ციური ბუზალაძეს მაინც იმედი აქვს, რომ მისი ძმა ერთხელაც ცოცხალი გამოჩნდება.


ციური ბუზალაძე: ,,ამდენი წელი არავის გახსენებია ჩემი ძმა. თქვენ პირველები ხართ, ვინც მოხვედით“.


უგზოუკვლოდ გაუჩინარების მხრივ დღემდე რთული სიტუაციაა გალის რაიონში. აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 54 დაკარგული ჰყავს აღრიცხული. ყველაზე მეტი ადამიანი 1994 წელს გაუჩინარდა, ანუ ომის დამთავრების პირველ ხანებში. იყო შემთხვევები, როცა ერთი ოჯახიდან ერთბაშად ორი პირი იკარგებოდა. შემდგომ გაუჩინარების ფაქტებმა შედარებით იკლო.


„სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის“ დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი ამბობს, რომ გალი კრიმინალების თავშეყრის ადგილია. ამასთან, ბოროტმოქმედი შეიძლება ნებისმიერი ეროვნების ადამიანი იყოს. 


ალექსანდრე რუსეცკი: „თხილის სეზონზე არა მარტო გალიდან, ზუგდიდიდანაც იკარგება ხალხი. სამეგრელოში ბევრს ეკონომიკურად ძალიან უჭირს და ამის გამო სეზონის დადგომისას სამუშაოდ გალში გადადის. შემდეგ მათ ან ფულს არ აძლევენ, ან უკან არ უშვებენ და ა.შ. არის შემთხვევები, როცა ფსიქიკურად დაავადებულები გადადიან სამუშაოდ და ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხდებიან. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ გალის პრობლემა. რამდენიმე ასეთი შემთხვევა სვანეთშიც იყო და აღმოსავლეთ საქართველოშიც. ძალიან ხშირად, როცა გალში რამე ხდება, ეს მაშინვე აფხაზებს მიეწერებათ. რეალურად კი, ასე არ არის“.


ალექსანდრე რუსეცკის თქმით, ხელისუფლებას არა აქვს სათანადო სტრატეგია დაკარგულების მოსაძებნად, რაც საბოლოოდ მის მიმართ უნდობლობას განაპირობებს.


გარდა ეთნიკური ქართველებისა, იკარგებიან ოსები და აფხაზებიც.  2010 წლის 8 ნოემბერს აფხაზეთში დაბრუნდა ოქტომბერში გაუჩინარებული გარი ჯოპუა. აფხაზური მედიის ინფორმაცით, ჯოპუა უცნობმა პირებმა მდინარე ენგურის გავლით სოფელ ნაბაკევში გადაიყვანეს. ჯოპუას ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა მოუხდათ. ერთ-ერთი ვერსიით, ჯოპუა 9 ოქტომბერს ენგურის საზღვართან ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს და ციხეში გადაიყვანეს. თუმცა ამ ფაქტს ოფიციალური თბილისი კატეგორიულად უარყოფს.


დღემდე გაუგებრობაა სამ ოს ბავშვთან დაკავშირებითაც: ალან ხაჩიროვი, ასლან ხუგაევი და სოლტან პლიევი ბოლოს 2008 წლის 13 ოქტომბერს ნახეს. მათ გატაცებაში ოსური მხარე ბრალს საქართველოს ხელისუფლებას სდებს. 2009 წლის მარტში ინტერნეტში გაჩნდა ვიდეო მასალა, რომელზედაც ეს სამი ადამიანი იყო ასახული. ისინი შეშინებული იყვნენ, როგორც ჩანს, დაკითხვის მიზნით ზეწოლას განიცდიდნენ. თუ სად იყვნენ ეს პირები და ვინ ჰკითხავდა მათ  – არ ჩანს. თუმცა, ვიდეოში ისმის ქართულ ენაზე საუბარი.

მოგვიანებით ჰამარბერგის კომისიის (კომისიამ ანგარიში გასული წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა) მიერ მოძიებული მონაცემებით დადგინდა, რომ იმ პირებისათვის, რომლებსაც სამი ოსი ახალგაზრდა ჰყავდათ დატყვევებული, ქართული ენა მშობლიური უნდა ყოფილიყო.


ამ საქმესთან დაკავშირებთ გამოძიება უკვე ორი წელია მიმდინარეობს, საქმეს შსს იძიებს, რაც ჰამარბერგის კომისიის დასკვნით, წესების დარღვევაა, რადგან შსს თავადაა ამ გატაცებაში ეჭვმიტანილი. თავად  კომისია საქმეში ბავშვების გაუჩინარებიდან  წელიწადნახევრის შემდეგ ჩაერთო და აღმოაჩინა, რომ გამოძიებას თითქმის არაფერი გაუკეთებია.


შოთა უტიაშვილის განმარტებით, ჰამარბერგის კომისიის ექსპერტებთან მათ მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდათ, მაგრამ აღნიშნული მასალებიდან არ გამოკვეთილა, რომ შსს-ს რომელიმე პოლიციელი ამ ბავშვების გატაცებაში მონაწილეობდა. უტიაშვილი ამბობს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება.


კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის თქმით, უგზოუკვლოდ დაკარგულებს არც არავინ ეძებს.


პაატა ზაქარეიშვილი: ,,უნდა არსებობდეს კომისია, რომელსაც ექნება ნდობა ორივე მხრიდან, შეხვდება ხალხს, დაკითხავს… ამჯერად სახელისუფლებო სტრუქტურებში მე მსგავსი არაფერი მეგულება”.


უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისია საქართველოში აფხაზეთის 1993 წლის ომის შემდეგ შეიქმნა. ის მოგვიანებით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. უფრო გვიან კი საერთოდ გაუქმდა. კომისიას კონტაქტი ჰქონდა იმ აფხაზ ოჯახებთან, რომლებმაც, ასევე, დაკარგეს ახლობლები. ხდებოდა ინფორმაციის მოძიება ორივე მხარეს არსებული სამარხების შესახებ. კომისიის მუშაობის სტატისტიკა ასეთია: 236 ადამიანი ცოცხლად გადმოიყვანეს. ასევე, გადმოასვენეს 165 ცხედარი.


შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის თქმით, „ახლა საუბარია კომისიის აღდგენაზე, რადგან ხდება ხოლმე, რომ ათეული წლების მერეც პოულობენ ნეშტებს”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თეა თოფურია