სამართალი

ვახტანგ ქირიას მკვლელობა – გამოძიების ვერსიით, ცნობილია მკვლელი, თუმცა მოტივი უცნობია

19 იანვარი, 2016 • 1842
ვახტანგ ქირიას მკვლელობა – გამოძიების ვერსიით, ცნობილია მკვლელი, თუმცა მოტივი უცნობია

შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის ცნობით, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ სამეგრელ–ზემო სვანეთის პროკურორი, ვახტანგ ქირია ბიძინა კუჭავამ მოკლა, თუმცა ჟურნალისტებთან საუბრისას არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უცნობია მკვლელობის მოტივი.

თალაკვაძე იმეორებს  შსს–ს თავდაპირველ განცხადებას იმის შესახებ, რომ პროკურორი საკუთარი საქმიანობის გამო არ მოუკლავთ. თუმცა არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ რა მოტივი შეიძლება ჰქონოდა ბიძინა კუჭავას, რომ ვახტანგ ქირია მოეკლა და როგორ დაადგინა გამოძიებამ, რომ მკვლელობას პორფესიულ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს.

“რაც შეეხება მოტივს, უნდა გითხრათ, რომ ყველაზე კარგად ეს მოტივი იცოდა იმ ორმა ადამიანმა. პროკურატურა ინტენსიურ საგამოძებო მოქმედებებს აწარმოებს და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ დავადგინოთ მოტივები,”– ამბობს თალაკვაძე ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში.

გარდა ამისა, შს მინისტრის მოადგილე საუბრობს კიდევ სხვა 4 საქმეზე, რომელიც მომხდარია 2005–2009 წლებში და ასოცირდება კუჭავას გვართან. თალაკვაძის თქმით, არც ერთი საქმე გახსნილი არ არის.

გამოძიების ვერსიას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ბიძინა კუჭავას ქირია მოეკლა, უარყოფს კუჭავას ქვრივი, მარინა ნიკოლოზიშვილი. მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ ქირია და კუჭავა ნათესავები იყვნენ, მათ მეგობრობაც აკავშირებდათ. ნიკოლოზიშვილის თქმით, ისინი არ მონაწილეობდნენ საერთო ბიზნესში და არ ჰქონდათ ერთმანეთის ვალი.

მისი თქმით, ბიძინა კუჭავა ბოლო დღეების განმავლობაში სახლში იმყოფებოდა და არაფერი იცის ნაქირავები ბინის შესახებ, სადაც მკვლელობა მოხდა.

“აბსურდულია თვითონ იმის წარმოდგენა, რომ ბიძინას შეეძლო მოეკლა. ეს იმდენად ახლობელი ადამიანი იყო, იმდენად ახლოებელი ოჯახი იყო, იმდენად სხვა ურთიერთობა იყო, რომ ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია საერთოდ. ბიძინა კუჭავა თავს არ მოიკლავდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, რადგან ვიცნობდი მის ხასიათს, ვიცნობდი მის პიროვნებას და ის ამას არ გააკეთებდა. არაფერი არ უძღოდა წინ ამას, იყო არაჩვეულებრივ ხასიათზე, ჩვეულებრივად ოჯახში, ბავშვებთან, ჩვენთან, ჰქონდა თავისი გეგმები, ეს გეგმები იყო რეალური,”– აცხადებს მარინა ნიკოლოზიშვილი “იბერიის” ეთერით.

მარინა ნიკოლოზიშვილი ამბობს, რომ მოვლენათა თანმიმდევრობა, რომელზეც გამოძიება საუბრობს, არალოგიკურია და მას გამოძიების ვერსიის არ სჯერა.

თუმცა, მინისტრის მოადგილის თქმით, “პრაქტიკულად დადასტურებულია”, რომ ქირია სწორედ კუჭავამ მოკლა. დეტალების შესახებ მან “იბერიაში” ჩართვისას ისაუბრა:

“ვახტანგ ქირიას კონტაქტი ჰქონდა თავის ახლობლებთან 13 იანვარს, საღამოს, ხოლო მისი მკვლელობა  კუჭავამ დაამთხვია უკვე ძველით ახალი წლის პერიოდში არსებულ ხმაურს. სავარაუდოდ, გასროლები სწორედ ამ დროს არის მომხდარი. შემდგომში მან უკვე წინასწარ სპეციალურად შეძენილი ტალით, რომელსაც ჰქონდა რკინის ღვედი, სავარაუდოდ, გვამი ჩამოჰკიდა, დაცალა სისხლისგან და შეუდგა მის დანაწევრებას, რა დროსაც დაიზიანა ელექტროსაჭრელით ფეხი და განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. სწორედ ამიტომ აქვს მას ფეხზე დაზიანება.

ამ ყველაფერს ადასტურებს კიდევ ისიც, რომ ბინიდან დაკარგულია გარდაცვლილი პროკურორის შარვალი და ფეხსაცმელები. არსებობს ვარაუდი მაღალი ალბათობით, რომ ამ ფეხსაცმელებით და შარვლით დატოვა მკვლელმა ბინა. ცნობილია, რომ როდესაც მანქანაში მან თვითმკვლელობა განახორციერლა, სწორედ ამას ფეხი ჰქონდა შეხვეული სპეციალური სახვევით, ასე ვთქვათ, ცელოფნით და ასე ეცვა ფეხსაცმელი. ასევე უნდა გითხრათ, რომ მოკლული კუჭავას სახლიდან ყველა მისი ტანსაცმელი გადატანილია ექსპერტიზის ბიუროში, რომ დადგინდეს მართლაც, მან ამ ტანსაცმლით დატოვა თუ არა აღნიშნული ბინა.

ასევე ცნობილია, რომ კუჭავა დაუკავშირდა საზღვარგარეთ უკვე იდენტიფიცირებულ პირს, რომელსაც სთხოვა დახმარება ქვეყნის დატოვებაში, რადგან უთხრა, რომ მას ჰყავდა მოკლული ადამიანი. საზღვარგარეთიდან შემდგომში განხორციელდა ზარი, ბატონ პოპოვთან და მის მეუღლესთან,  რომ დახმარებოდნენ კუჭავას ბინის დატოვებაში. სწორედ ამ ორ ადამაინთან ერთად იმყოფებოდა  კუჭავა ავტომანქანაში იუსტიციის სახლთან, როდესაც განახორციელა გასროლა საკუთარი რეგისტრირებული იარაღით და ასევე დადგენილია მარშრუტი, როგორ აპირებდა ის გადაადგილებას და დატოვებას ქვეყნის.

ოპერატიულმა სამსახურებმა და პოლიციამ ძალიან სწრაფად იმუშავეს და როდესაც ისინი დაედევნენ მანქანას და შეაჩერეს,  მაშინ მკვლელი დიდი ალბათობით მიხვდა, რომ უკვე ის იდენტიფიცირებული იყო და მიიღო გადაწყვეტილება, რომ თვითმკვლელობით დაესრულებინა სიცოცხლე. ეს ყველაფრი დასტურდება ჩვენებებით, მათ შორის, პოპოვის და მისი მეუღლის ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებობს სხვა მტკიცებულებებიც,”– განაცხადა თალაკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებულად ბიძინა კუჭავა ოფიციალურად 17 იანვარს გამოაცხადა. თუმცა, როგორც შს მინისტრის მოადგილის განმარტებებიდან ირკვევა, მკვლელობა 14 იანვარს მოხდა.

ოჯახი ვახტანგ ქირიას 14 იანვრიდან ეძებდა. 3 დღის განმავლობაში ის არ გამოცხადებულა სამსახურშიც. ამ დროის განმავლობაში პოლიციამ ვერ შეძლო მისი ადგილსამყოფელის დადგენა. საბოლოოდ ქირია თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იპოვეს მოკლული.

 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი