სამართალი

ზედგენიძე “ვეგასში” მოგებული მილიონების მისაღებად იბრძვის

3 თებერვალი, 2011 • • 1705
ზედგენიძე “ვეგასში” მოგებული მილიონების მისაღებად იბრძვის

 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლში ირაკლი ზედგენიძისა და შპს “ვეგასის” სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე ზაზა მარტიაშვილმა მხარეებს კითხვები დაუსვა, შესაბამისი პასუხებიც მიიღო, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღია. შემდეგი პროცესის თარიღს მხარეებს რამდენიმე დღეში შეატყობინებს.

 

ირაკლი ზედგენიძემ 2010 წლის აგვისტოში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სლოტ კლუბ “ვეგასში” სათამაშო აპარატზე 2 700 000 ათასი ლარი მოიგო. მან მოგებისთანავე საპატრულო პოლიცია გამოიძახა და მოგება ოქმით დააფიქსირებინა. მიუხედავად ამისა, შპს “ვეგასის” ხელმძღვანელობა ზედგენიძისთვის მოგებული თანხის გადაცემას არ აპირებს. მათი თქმით, სათამაშო აპარატმა მოგება შეცდომით დააფიქსირა და შეუძლებელი იყო ასეთი ოდენობის თანხის გათამაშება. “ვეგასის” ხელმძღვანელობა სათამაშო აპარატის ექსპერტიზის მიზნით გაგზავნას მწარმოებელ კომპანიაში, ავსტრიაში გეგმავდა, რათა აპარატის გაუმართაობა დაემტკიცებინა.

ირაკლი ზედგენიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ სათამაშო აპარატი ექსპერტიზისთვის ავსტრიაში არავის გაუგზავნია. ის მხოლოდ სამხარაულის სახ. ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში შეამოწმეს. “დასკვნის მიხედვით, აპარატი ტექნიკურად გამართული იყო, თუმცა პროგრამულ შეცდომებს უშვებდა,”-გვითხრა ირაკლი ზედგენიძემ. თუმცა სათამაშო აპარატი მოგების შემდეგ სლოტ კლუბ “ვეგასში” მისი თანდასწრებით არ დაულუქავთ და მან არ იცის, კონკრეტულად რომელ აპარატს ჩაუტარდა ექსპერტიზა.

ის ამბობს, რომ “ვეგასში” მოგებული მილიონების მისაღებად ბოლომდე იბრძოლებს.  მან ასევე უარყო ყველანაირი ჭორი, რომელიც მის დაკავებას, შანტაჟს და პოლიციის მიერ ნარკოტიკების   აღმოჩენას უკავშირდებოდა. ირაკლი ზედგენიძე ამბობს, რომ მას სამართალდამცავებთან არანაირი პრობლემა არა აქვს და მოგებული თანხის მიღებას სამართლებრივი გზით შეეცდება.  

მასალების გადაბეჭდვის წესი