ნეტგაზეთი | გაერო დევნილთა გამოსახლებას კანონიერად მიიჩნევს გაერო დევნილთა გამოსახლებას კანონიერად მიიჩნევს – Netgazeti
RU | GE  

გაერო დევნილთა გამოსახლებას კანონიერად მიიჩნევს

UNHCR-ის დაკვირვებით, ზაფხულის გამოსახლებებისგან განსხვავებით, იანვარში დაწყებული გამოსახლებების დროს სამართლის საერთაშორისო სტანდარტები არ დარღვეულა.

გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის პრესსამსახურმა გუშინ, 2 თებერვალს, დევნილთა მასობრივ გამოსახლებასთან დაკავშირებით ინგლისურენოვანი პრესრელიზი გაავრცელა, რომელიც დღეს ორგანიზაციის პრესსამსახურმა შეცვალა და ახალი განცხადება გაავრცელა, ჟურნალისტებს კი სთხოვა, რომ განცხადების ძველი ვარიანტისთვის ყურადღება არ მიექციათ. გთავაზობთ დღეს გამოგზავნილი განცხადების ჩვენს მიერ ნათარგმნ ვარიანტს. 

გაეროს ლტოლვილთა უამღლესი კომისარიატის პოზიცია საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელახალი განსახლების შესახებ:

UNHCR (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიარიატი) თავისი მანდატის ფარგლებში – დაიცვას იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის უფლებები – ყურადღებით აკვირდება საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელახალი განსახლების პროცესში.

ჩვენს პარტნიორებთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებოდით განსახლების პროცესს. ამ პროცესის დროს არც ქართული და არც საერთაშორისო კანონმდებლობა არ დარღვეულა.

UNHCR აცნობიერებს, რომ ისეთმა ღონისძიებებმა, როგორებიცაა დევნილთა გამოსახლება, ან სხვა საცხოვრებელ ადგილზე გადაყვანა, შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სიძნელეები იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ტოვებენ თავიანთ მეორე საცხოვრებელს, სადაც მათ ჰყავდათ მეზობლები და ახლობლები, რომლებთან ერთადაც ყოფნა მათ შინაურულ გარემოს უქმნიდა. ასევე შესაძლოა, მათ დაკარგონ სამსახურები და შემოსავლის სხვა წყაროები. 

UNHCR-ის დაკვირვებით, ზაფხულის გამოსახლებებისგან განსხვავებით, იანვარში დაწყებული გამოსახლებების დროს სამართლის საერთაშორისო სტანდარტები არ დარღვეულა. ადამიანის საერთაშორისო უფლებები აღიარებს გადაადგილების თავისუფლებას და სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, რომ საკუთარი მოქალაქეები უზრუნველყოს ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით. თუმცა არც ერთ მოქალაქეს, მათ შორის დევნილებსაც, არა აქვთ უფლება, მოითხოვონ საცხოვრებელი რომელიმე კონკრეტულ ადგილზე.

UNHCR აღნიშნავს, რომ ქართველ იურისტებს შორის ჯერ კიდევ არის ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება გამოსახლების პროცესის კანონის შესაბამისობასთან დაკავშირებით. ისინი არსებული კანონების და ნორმების სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას ახდენენ. საბოლოოდ კი, ამ კანონების და ნორმების სწორი ინტერპრეტაცია ქართულმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. UNHCR-ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით  სასამართლოს ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია ბოლო გამოსახლებებთან დაკავშირებით.

განსახელების პროცესი, ძირითადად, მიმდინარეობდა „სტანდარტული სამოქმედო პროცედურების“ მიხედვით, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან ერთად შეიმუშავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ. თუმცა პროცესში ხარვეზები მაინც გამოვლინდა: ეს ეხება მონიტორინგისას დამკვირვებლების თავისუფალი კომუნიკაციის შეზღუდვას იძულებით გადაადგილებულ პირებთან. გარდა ამისა, სადაოდ დარჩა ოჯახის შემადგენლობის ზუსტი განსაზღვრა, რაც საბოლოოდ ფინანსურ დამხარებაზე ახდენს გავლენას. მონიტორინგის პროცესში ასევე გამოვლინდა კონკრეტული, ინდივიდუალური პრობლემები, რომელთაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება სჭირდება.

ზაფხულის გამოსახლების შემდეგ,  UNHCR-მა  და პარტნიორებმა მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს ძირითად მიზანს, მკაფიოდ ყოფილიყო განსაზღვრული დევნილთა გამოსახლების წესები და ნორმები. ზაფხულისგან განსხვავებით, იანვარში არ ყოფილა პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენება, გარდა მედიით გავრცელებული ერთი შემთხვევისა.  იძულებით გადაადგილებული ყველა პირი განსახლების შესახებ ინფორმირებული იყო და არც ერთი მათგანი არ დარჩენილა ქუჩაში. ფინასური კომპენსაცია გადაეცა მათ, ვისაც ეკუთვნოდა და ვინც განაცხადი დროულად შეავსო. ჩვენი დამკვირვებლები ესტუმრნენ დევნილებს და ნახეს, რომ მათთვის შეთავაზებული ფართები იყო საცხოვრებლად შესაფერისი.  

გასაგებია, რომ ეს შემამსუქბუქებელი გარემოებები, რომლებიც ამცირებენ მათ გასაჭირს, ვერ გახდიან ბედნიერს იმ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებსაც  თბილისში სურთ ცხოვრება.

ახლა კი მნიშვნელოვანია ვიფიქროთ მომავალზე და ახლანდელ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვისწავლოთ. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR)  პერსპექტივაში მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი დებატებისა და ყურადღების გამახვილება ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორებიცაა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და ინტეგრაცია, განსაკუთრებით მათი, ვინც სოფლად, საშინელ პიორბებში ცხოვრობს და შორეულ პერპექტივაში პრობლემის გადაწყვეტის საშუალება არ ჩანს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები არ ნიშნავს დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევას. ეს უდიდესი გამოწვევა მცირედით დავიწყებულ იქნა დევნილთა გამოსახლებასთან დაკავშირებით გამართულ პოლიტიზირებული განხილვების ფონზე.

სამომავლო რეკომენდაციები:

  • იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებსაც შეეცვალათ საცხოვრებელი ადგილი და ხელი არ მიუწვდებათ საარსებო პირობებზე, უნდა ჩაერთონ მომსახურებისა და დახმარების  პროგრამებში, მათ შორის პროფესიული სწავლების პროგრამებში
  • ხელისუფლებამ ნათლად უნდა ჩამაოყალიბოს საკუთარი ხედვა დარჩენილი კოლექტიური ცენტრების მომავალთან დაკავშირებით და თავის ძირითად პარტნიორებს გადაუგზავნოს იმ ობიექტების სია, რომლებიც უნდა შეკეთდეს და კერძო საკუთრებაში გადაეცეს დევნილებს, ასევე, რომელი შენობებია ავარიული, რომელს ჰყავს კერძო მეპატრონე და  რომელთან დაკავშირებით არსებობს აბსოლუტური საჯარო ინტერესი მისი დანიშნულების შეცვლასთან დაკავშირებით.
  • ასეთი კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რადგან მათ იცოდნენ თავიანთი გრძელვადიანო სამომავლო პერსპექტივის შესახებ. ეს, ასევე, მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული ორგანიზაციებისა და დონორებისთვის, რათა  მათ შეძლონ დახმარების პროგრამის  დაგეგმვა.
  • პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომელთა საცხოვრებელი ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფო შეკეთებას საჭიროებს.
  • განსახლების მანძილი უნდა იყოს მინიმალიურად შემცირებული და იძულებით გადაადგილებულ პირს სხვადასხვა მოცემულობას შორის უნდა ჰქონდეს არჩევანის გაკეთებსის საშუალება.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) მოხარულია, რომ დევნილთა გასაჭირი, რომელიც თითქმის მთელმა მსოფლიომ მიივიწყა, კვლავ რჩება ქართული პოლიტიკის მაღალ წრეებში განხილვის საგნად. თუმცა  UNHCR შეშფოთებულია ამ დებატებში არსებული პოლარიზაციის მაღალი დონით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა გასაჭირი პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად არ იქნეს გამოყენებული. ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკოსებს, ოპოზიციას, ხელისუფლებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში, რომელიც შთაგონებული იქნება ჰუმანიტარული მიზნებით, რათა დევნილებისთვის იპოვონ რეალური, შესაძლო და სასარგებლო გამოსავალი.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი მზად არის, შეიტანოს საკუთარი წვლილი პრობლემების მოგვარების გზების აღმოჩენასა და განხორციელებაში.

 გაეროს ლტოლვილთა უამღლესი კომისარიატის პოზიცია საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა ხელახალი განსახლების შესახებ(ორიგინალი დოკუმენტი ინგლისურ ენაზე)

გუშინ გავრცელებულ განცხადებაში UNHCR-ს ეწერა იმ პარტნიორი ორგანიზაციის სახელები,  ვისთან ერთად მათ დევნილთა გამოსახლების მონიტორინგი განახორციელეს. განცხადების ახალ ვარიანტში ამ ორგანიზაციათა სახელები ამოღებულია. ესენია: ევროკომისიის მონიტორები, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ომბუდსმენის ოფისი, NRC, DRC.

განცხადების ახალ ვარიანტში ასევე ჩამატებულია ფრაზა “UNHCR-ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით  სასამართლოს ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია ბოლო გამოსახლებებთან დაკავშირებით.”

UNHCR-ის პრესსამსახურის ცნობით, გუშინ, 2 თებერვალს მინისტრმა კობა სუბელიანმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლები შეხვედრაზე მიიწვია, სადაც 2011 წელს განხორციელებული დევნილთა მასობრივი გამოსახლებები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს იმ რეკომენდაციებზე, რომელიც UNHCR-მა საქართველოს ხელისუფლებას მისცა დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი